ანა თავხელიძის ბლოგი

 

სექსუალური ძალადობა გულისხმობს თანხმობის გარეშე სექსუალური შინაარსის ნებისმიერ ქმედებას და იგი  ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა, განსაკუთრებით მძიმეა ბავშვობის ასაკში განხორციელებული სექსუალური ძალადობა, რაც ხანგრძლივ ნეგატიურ გავლენას ახდენს ქალზე, აისახება მის ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებაზე, ცხოვრების ხარისხზე.  

გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის მონაცემების თანახმად, საქართველოში 15-69 წლის ასაკის ქალების 50.1 პროცენტს ცხოვრების მანძილზე გამოუცდია ძალადობის შვიდი ფორმიდან ერთი მაინც. კერძოდ, ქალების 8.5 პროცენტს გამოუცდია სექსუალური ძალადობა ბავშვობაში.[1]

განცდილი სექსუალური ძალადობის შესახებ საუბარი ბევრსირთულესთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება ბავშვებს. მიზეზი მათ შორის შეიძლება იყოს ბავშვის არაინფორმირებულობა სექსუალური ძალადობის შესახებ, რაც მას ხელს უშლის მომხდარის შესახებ ესაუბროს სანდო პირს. იმ შემთხვევაშიც, როდესაც ბავშვი აცნობიერებს რომ მან სექსუალური ძალადობა განიცადა, შიშის, სირცხვილის თუ ბევრი სხვა მიზეზის გამო, მან შესაძლოა არ განაცხადოს მომხდარის შესახებ.

ძალადობაგამოვლილ ქალებს ხშირად წლები სჭირდებათ რომ დაიწყონ სამართლებრივი ბრძოლა. დამნაშავის დასჯისთვის საკმარისი მტკიცებულებების შეგროვებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ხანდაზმულობის ვადა,[2] რომელიც აითვლება დანაშაულის ჩადენის მომენტიდან, იმ დროისთვის მოქმედი კანონის შესაბამისად. 2020 წლის 03 აგვისტოდან კი ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე.[3] სექსუალური ძალადობის შემთხვევაში დროის ხანგრძლივობის მიუხედავად აუცილებელია პოლიციისადმი მიმართვა, რათა სწორად შეფასდეს დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა. ამასთანავე,  მაშინაც კი როდესაც ხანდაზმულობის ვადა გასულია, სექსუალური ძალადობის განმახორციელებელი პირის გამოვლენა ხელს შეუწყობს რისკების შეფასებას და ამგვარი ქმედების განმეორების თავიდან არიდებას.

სექსუალური ძალადობის საქმეები დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე მტკიცებულებათა სიმრავლით არ გამოირჩევა, როგორც წესი არ არსებობს თვითმხილველი მოწმეები  და ფიზიკური მტკიცებულებები. სწორედ ამიტომ ამ კატეგორიის საქმეებში მნიშვნელოვანია მტკიცებულებათა შეფასება  მსხვერპლის პერსპექტივიდან მოხდეს. შესაბამისად, მართლმსაჯულების პროცესი ზოგადად და განსაკუთრებით გენდერული ძალადობის ისეთ შემთხვევებში როგორიცაა სექსუალური ძალადობა, დაცლილი უნდა იყოს გენდერული სტერეოტიპებისგან. რადგან წინასწარ ჩამოყალიბებულმა შეხედულებებმა და სტერეოტიპებმა, იმის შესახებ თუ რას წარმოადგენს გენდერული ძალადობა, როგორი უნდა იყოს ქალების რეაქცია ამგვარ ძალადობაზე და  მტკიცებულებითი სტანდარტ, შეუძლია გავლენა მოახდინოს კანონის წინაშე ქალების თანასწორობაზე, მათ უფლებაზე ხელი მიუწვდებოდეთ სამართლიან სასამართლოსა და ეფექტურ მექანიზმებზე.[4]

2024 წლის  15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ქალის მიმართ ბავშვობის ასაკში ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე.  გაუპატიურებას ადგილი ჰქონდა 2006-2013 წლებში, ქალმა კი სამართლდამცავ ორგანოებს 2022 წლის სექტემბერში მიმართა, ძალადობის ბოლო ეპიზოდიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ. მიუხედავად გასული დროის ხანგრძლივობისა,  დაზარალებულის ჩართულობით შესაძლებელი გახდა საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება. კერძოდ, მოწმედ დაიკითხნენ დაზარალებულის მეგობრები, ვისთვისაც ჯერ კიდევ წლების წინ იყო ცნობილი განცდილი ძალადობის შესახებ, ის სპეციალისტები ვინც ბავშვობის ასაკიდან საქმის განხილვის მომენტამდე ფსიქოლოგიურ მომსახურებას უწევდნენ ქალს. ქალები, რომლებსაც ბავშვობის ასაკში იმავე პირის მხრიდან სექსუალური ძალადობა ჰქონდათ განცდილი, მიმოწერები მოძალადესთან და მისი ოჯახის წევრებთან, რაც ადასტურებდა დაზარალებული ქალის მონათხრობს. საქმეში მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენდა სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთობლიობაში ადასტურებდა, რომ მისი მცირე ასაკის, სექსუალური განათლების არ ქონისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოძალადე მასზე მზრუნველ პირს ( ბიძას) წარმოადგენდა,  ვერ აცნობიერებდა მის მიმართ განხორციელებულ ქმედებას, რაც მას ამყოფებდა განსაკუთრებულად მოწყვლად მდგომარეობაში.

საბოლოო ჯამში, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბიძა და მას დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის არსებული კანონის გათვალისწინებით, უმკაცრესი სასჯელის სახე და ზომა - 20 წლისთ თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მნიშვნელოვანია ძალადობაგამოვლილმა ქალებმა იცოდნენ, რომ მათ არ ეკისრებათ მტკიცებულებათა შეგროვების ტვირთი, ეს საგამოძიებო უწყების ვალდებულებაა. სექსუალური ძალადობის შემთხვევაში, მიუხედავად მომხდარიდან გასული დროის ხანგრძლივობისა, აუცილებელია სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვა, რათა მოხდეს შესაძლო დამნაშავის გამოვლენა, რისკის შეფასება და პრევენციული ზომების დაგეგმვა.



ბლოგი მომზადებულია ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.


 



[1] ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში, 2022, გვ. 216; კვლევა ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/hrOQ4

[2] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 71

[3] იქვე, ნაწილი 51

[4] General recommendation No. 35 on gender-based violence against women, updating general recommendation No.19, § III-26 (c), page 11.