თამარ გაბოძის ბლოგი
“საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია” მიუხედევად იმისა, რომ ასე იწყება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მეორე მუხლი, გენდერული დისკრიმინაცია და უთანასწორობა ჩვენს ქვეყანაში სხვა გამოწვევებს შორის ერთ-ერთი მთავარია.
თუმცა, ეს ბლოგი არ მოიცავს მსჯელობებს კანონის ანალიზის შესახებ. აქ აღწერილი გოგოებისთვის კანონები არც ინფორმაციულად მისაწვდომი და მითუფრო, არც აღსრულებადია.
კანონის აღსრულების ეფექტური მექანიზმების არ არსებობის პირობებში, უამრავი ქალი და გოგო იმყოფება უთანასწორო მდგომარეობაში და საკანომდებლო ჩანაწერებს მათთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც აბსტრაქტული, მითიური მხსნელების არსებობას, რომელიც შენთან არასდროს მოვა, უბრალოდ არსებობს...
ამ ბლოგის ინსპირაცია მშობლების სახლში სტუმრად მისული გოგოები არიან...
„რაც თავი მახსოვს, უთანასწორო მდგომარეობაში ვარ, ჩემი გოგოობის გამო. ბავშვობაში თავი სულ ჩემი უფროსი ძმის დად მახსოვს.
4-5 წლის ბავშვები ეზოში როდესაც ვთამაშობდით, თამაშის წესებს ბიჭები ადგენდნენ. ვბრაზობდით ხოლმე გოგოები, მაგრამ ვერაფერს ვცვლიდით, მაინც ისე იყო, როგორც ბიჭებს უნდოდათ.
ბევრჯერ შევეცადე იმის გარკვევას, რატომ იყვნენ ბიჭები უპირატეს მდგომარეობაში, თუმცა ვერაფერს გავხდი. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეზოში თამაშის დროს ბიჭების უპირატესობა, ოჯახში დადგენილი სხვა წესებიდან მოდიოდა და დიდი უთანასწორობის მხოლოდ პატარა ნაწილი იყო.
მაგალითად, გოგოებმა ვიცოდით, რომ მშობლების სახლი ბიჭებს უნდა დარჩენოდათ და ჩვენ ამ სახლში ოჯახის შექმნამდე უნდა გვეცხოვრა. შემდეგ კი, მხოლოდ სტუმრად შეგვეძლო მისვლა. ეს ყველა ჩემს თანატოლ გოგოს ესმოდა მშობლებისგან, ბებია-ბაბუებისგან, ნათესავებისგან. არავის უთქვამს, რომ ჩვენც გვეკუთნოდა მშობლის ქონება. რადგან მთელი ბავშვობა ისე გვესმოდა, ვფიქრობდით, რომ მართლა ესეთი წესი იყო. უსამართლო, ჩემთვის გაუგებარი, მაგრამ მაინც წესი.
ბიჭებს მეტი უფლებები და პრივილეგიები ჰქონდათ. იმიტომ არა, რომ ჩვენზე უკეთესები იყვნენ, უბრალოდ ჩვენ გოგოები ვიყავით და ისინი ბიჭები.
მათ შეეძლოთ დაეგვიანათ სახლში, ჩვენ არა. შეეძლოთ დაეშვათ შეცდომები. ჩვენ სულ გვესმოდა, რომ გოგოს შეცდომა არ ეპატიებოდა და არ უნდა შეერცხვინა ოჯახი. ბიჭების სწავლაში მეტ რესურსს დებდნენ მშობლები, რადგან თვლიდნენ, მათ უფრო სჭირდებოდათ სამომავლოდ განათლება და კარგი სამსახური. გოგოები კი „გავთხოვდებოდით და პატრონს ჩავბარდებოდით“. ეს სიტყვა მაპატარავებდა და უიმედოს მხდიდა. რატომ უნდა მყავდეს პატრონი, ჩემი თავის პატრონი მე მინდა ვიყო მეთქი ბრაზმორეული ჩავილაპარაკებდი. ამაზე მამაჩემი გამომხედავდა და მეტყოდა შვილო რას იზავ „წესია ესეთიო“. ამის გაგონება თითქოს მაქვავებდა. თითქოს უნდა დამეჯერებინა, რომ ამ წესების შეცვლა არავის შეეძლო.
ასეთი იყო ჩემი ბავშვობა, გაუგებარი წესებით შეფუთული. წესებით, რომლის თანახმად, სიტყვა, პრივილეგია, განათლება, სახლი ბიჭის უნდა ყოფილიყო. გვარის გამგრძელებლადაც მხოლოდ ბიჭებს მიიჩნევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ გოგოებსაც იგივე გვარი გვქონდა. ასე იმიტომ თვლიდნენ, რომ ბიჭის შვილებს ისევ ის გვარი ექნებოდათ, გოგოებისას კი არა.
ყველა ოჯახს უნდა ყოლოდა გვარის გამგრძელებელი, ანუ ბიჭი.
ამითაც ვხდებოდით, რომ ბიჭები უფრო მნიშვნელოვანები იყვნენ, ვიდრე გოგოები. ეს ეგრეთ წოდებული წესები ნელ-ნელა გვიკარგავდა საკუთარი თავის რწმენას და თითქოს ვეგუებოდით იმ უსამართლობას, რომ ჩვენ ვერ ვიქნებოდით თანასწორები ჩვენი გოგოობის გამო.
რამდენჯერმე ვკითხე მამას, რატომ უნდა ყოფილიყო მშობლების სახლი ბიჭის, რატომ არ ვითვლებოდი მე გვარის გამგრძელებლად. მამა კედლის კუთხეს მიაპყრობდა მზერას და ისევ იმას მპასუხობდა, - „ წესია ასეთი“...
ბევრჯერ დედასთანაც ვცადე იმაზე საუბარი რაც მაწუხებდა. მე რატომ არ ვიყავი ჩემი ძმასავით მნიშვნელოვანი. თუმცა, დედას ამაზე საუბარი უჭირდა. ეხლა ვხვდები, რომ ისიც ჩემსავით უსამართლო წესების ტყვე იყო, რომელის თანახმად, არაფერი გვეკუთვნოდა, ისევ ჩვენი გოგოობის გამო.
ამ წესებმა დაიწყო ჩემი უუფლებობა ჩემი მშობლების სახლში, რაც ჩემი ოჯახის შექმნის შემდეგაც გაგრძელდა.
როდესაც დავოჯახდი, უამრავ უსამართლობას აღარც ვაპროტესტებდი, შეგუებული უთანასწორობის გამო.
ვერ ვაპროტესტებდი, როდესაც ოჯახის საქმე მხოლოდ ჩემი გასაკეთებელი იყო, რადგან დედაჩემიც ასე იყო. მას ებარა მთელი ოჯახის მოვლა. ხმას ვერ ვიღები, როდესაც ყველა ნათესავი ერთი და იმავე სიტყვას მეუბნებოდა „ბიჭი გინდა, ბიჭი“... ვეგუებოდი, როდესაც მესმოდა, რომ ოჯახში კაცის სიტყვა იყო კანონი. ვეგუებოდი უამრავ უსამართლობას, რადგან აქაც ისეთივე წესები იყო, როგორც ჩემი მშობლების სახლში.
ბევრჯერ მდომებია სახლში დაბრუნება, მაგრამ ვხდებოდი, რომ იქ მხოლოდ რამდენიმე დღე შემეძლო სტუმრად დარჩენა.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ჩანერგილმა უთანასწორობამ მე და ჩემს გარშემო ბევრი გოგო ძალადობის და დისკრიმინაციის მსხვერპლი გაგვხადა, მაინც ვიპოვი ჩემს თავში ძალას ამ უთანასწორობის წინააღმდეგ საბრძოლველად.
მე რომ გოგო მეყოლება გავბედავ და ვეტყვი, რომ ეს უსამართლო ადათ-წესები ქალების დასაჩაგრად არის მოგონილი. მე ვასწავლი ჩემს გოგოს სხვა წესებს, თქვენგან განსხვავებულს. არცერთ უთანასწორო ქცევას არ გავამართლებ ამ ეგრეთ წოდებული წესებით.
არ შევეგუები ჩემი გოგოს დაჩაგვრას იმიტომ რომ ასე გავიზარდე. არ დავაჯერებ, რომ ქალების უთანასწორობა და უუფლებობა მიღებული ნორმებია.
მე დავიცავ ჩემს გოგოს თქვენგან ნასწავლი წესებისგან.
გავბედავ და შენ არ დაგემსგავსები მამა“...
ბლოგის ავტორი: თამარ გაბოძე
ბლოგი მომზადებულია ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.