ანა არგანაშვილის ბლოგი
ალბათ იცით, რომ 2021 წლის 9 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სასამართლოში მნიშვნელოვანი საქმე მოიგო. მოსამართლე დავით წერეთელმა დაადგინა, რომ ყველა ქცევის დარღვევის ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირი, ვისაც ესაჭიროება ზოგადი ანესთეზიით, ე.წ. ნარკოზით სტომატოლოგიური მომსახურების მიღება - უფასოდ ანუ, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღებდა ამ მომსახურებას. აღნიშნული სასამართლო საქმის წარმოება ხორციელდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.
რა სიახლეები გვაქვს გადაწყვეტილების აღსრულებაზე?
ამ გადაწყვეტილების აღსრულება მთავრობამ დიდ ხანს ვერ მოახერხა თუმცა, ამ დღეებში სიახლე შევიტყვეთ და გვინდა ეს პირველ რიგში შშმ პირებმა და მათმა ახლობლებმა გაიგონ. ვინაიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აღსრულებას სწორედ ხალხი უნდა აკონტროლებდეს და სრულად ინფორმირებული იყოს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტრო გვატყობინებს, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად მათ შეიტანეს ცვლილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ამ ცვლილების თანახმად კი ამ უფასო სტომატოლოგიური სერვისით მოსარგებლეები არიან „სამედიცინო დოკუმენტაციით დადასტურებული ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე, როგორც შშმ პირის სტატუსის მქონე, ასევე ამ სტატუსის არმქონე პირები“ რომელთაც ესაჭიროებათ მომსახურება ზოგადი ანესთეზიით.
ჯანდაცვის სამინისტრო გვატყობინებს, რომ დაფინანსება ითვალისწინებს „როგორც თერაპიულ, ასევე ქირურგიულ სტაციონარულ სტომატოლოგიურ მომსახურებას ზოგადი ანესთეზიით“.
ამავე წერილის თანახმად, შშმ პირები ამ მომსახურებაში თავად არანაირ თანხას არ დაამატებენ „მომსახურება ფინანსდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან“.
როგორ უნდა მიიღოთ ეს მომსახურება?
ჯანდაცვის სამინისტრო გვატყობინებს, რომ „მომსახურების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა მიმართოს პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებას“.
აქ ბუნებრივია გაგიჩნდებათ კითხვა, რომელია ეს დაწესებულებები? ამ კითხვაზე ჯერ ჩვენ პასუხი არ გვაქვს, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს არ უცნობებია წერილით და ახლა ვგეგმავთ ეს ინფორმაცია გამოვითხოვოთ, თუმცა თქვენ თავადაც შეგიძლიათ ამ ინფორმაციის გაგება ცხელ ხაზზე: 1505-ზე მიმართვით ან, წერილის მიწერით სამინისტროსთვის.
აქვე ერთი რჩევა: თუ ისინი გიპასუხებენ, რომ ამჟამად არცერთი მომსახურების მიმწოდებელი კლინიკა არ არის დარეგისტრირებული, უთხარით, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება არ უნდა იყოს დამოკიდებული კერძო კლინიკაზე და სახელმწიფომ თავად უნდა უზრუნველყოს ამ კლინიკის პოვნა. შესაბამისად, მოითხოვეთ ამ კლინიკის დასახელება.
ჩვენ აქვე ავტვირთავთ ჯანდაცვისგან მიღებული პასუხის ასლს და თავად სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილების აღსრულებაში დამატებითი პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში შეგიძლიათ ჩვენ დაგვიკავშირდეთ.