არასამთავრობო ორგანიზაციამ "თანადგომა" 2021 წელს განახორციელა თვისებრივი კვლევა, რომლის მიზანი იყო: 
რეპროდუქციული სისტემის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ქალებში სექსუალური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემების შესწავლა. კვლევა ითვალისწინებდა სამ ძირითად საკითხზე ჩაღრმავებას: 1. რეპროდუქციული სისტემის ონკოპაციენტ ქალებს შორის სექსუალური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემების შესწავლა; 2. რეპროდუქციული სისტემის ონკოპაციენტ ქალებს შორის სექსუალური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ არსებული ინფორმაციის გამოვლენა; 3. რეპროდუქციული სისტემის ონკოპაციენტი ქალებისთვის სექსუალური ჯანმრთელობის სფეროში არსებული სერვისების ხელმისაწვდომობის შესწავლა.

ბლოგში მიმოვიხილავ კვლევის შედეგად გამოვლენილ პრობლემებს. აქვე გაგიზიარებთ, კვლევიდან რესპონდენტების ციტატებსაც.

1) რეპროდუქციული სისტემის ონკოპაციენტ ქალებთან სექსუალური ჯანმრთელობისა და სექსუალური ცხოვრების მიმართულებით გამოვლინდა მთელი რიგი საყურადღებო  პრობლემები:

ქირურგიული ჩარევის შემდეგ შეიცვალა რესპონდენტების დამოკიდებულება საკუთარი სხეულის მიმართ, უმრავლესობას გაუჭირდა შეცვლილი სხეულის მიღება,  ოპერაციიდან 5-7 წლის გასვლის შემდეგაც კი. ონკო დიაგნოზთან დაკავშირებულმა პროცესებმა და პროცედურებმა პაციენტების უმრავლესობას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც შეუქმნა. შეიცვალა ასევე მათი სექსუალური ცხოვრებაც. უმრავლესობისთვის ამ სფერომ უკანა რიგებში გადაიწია და გარკვეული დროის განმავლობაში სექსუალური ცხოვრების თემამ აქტუალობა დაკარგა. ონკო პაციენტ ქალებს და მათ პარტნიორებს ოპერაციის შემდგომ პერიოდში  სექსუალურ ურთიერთობებთან დაკავშირებით ინფორმაციის არ არსებობის გამო შეექმნათ პრობლემები. მათ ჩამოუყალიბდათ არასწორი წარმოდგენები სქესობრივ კონტაქტთან დაკავშირებით. მაგალითად: „ოპერაციის შემდეგ სექსი, საერთოდ აღარ შეიძლება“.

რესპონდენტი: მინდოდა, რომ ისევ ისეთი სხეული მქონოდა, როგორც ადრე... ვატარებ მხოლოდ დახურულ ტანსაცმელს, რომ არაფერი შემემჩნეს, ეს ჩემი შინაგანი მდგომარეობაა, რომელსაც მე ვერაფერი ვერ მოვუხერხე. 7 წელი გავიდა ოპერაციის მერე. (ჩაღრმავებული ინტერვიუ N12)

რესპონდენტი:  მქონდა არასრულფასოვნების შეგრძნება, არ მინდოდა, რომ დაღამებულიყო და ჩვენ მარტო დავრჩენილიყავით, მე და ჩემი ქმარი, რომ ქმართან ურთიერთობა მქონოდა. ძალიან ცუდი განცდაა... ეხლა გახდება 5 წელი (ჩაღრმავებული ინტერვიუ N4)

როგორც, რესპონდენტი ქალები გვიზიარებდნენ ერთის მხრივ, ურთულესი დიაგნოზის მოსმენა, პაციენტებში იწვევს ძლიერ შიშს და შფოთვას. მეორეს მხრივ პაციენტები გრძნობენ სექსუალური ლტოლვის ნაკლებობას. მესამე მხრივ, სამედიცინო პერსონალი საერთოდ არ აწვდის ინფორმაციას სექსუალური ცხოვრების  საკითხებზე.  ამ სამი ფაქტორის გამო ქალების სექსუალური ცხოვრება რთულდება, მათ უჩნდებათ კითხვები, რომლებზეც პასუხებს ვერ იღებენ. ასევე კვლევიდან კარგად ჩანს, რომ პაციენტების და მათი პარტნიორების უმრავლესობა არ მიმართავს შესაბამის სპეციალისტს - სექსოლოგს, ფსიქოლოგს  პრობლემის გარკვევის და აღმოფხვრის მიზნით, მთავარი ფაქტორია სიმორცხვე და უსახსრობა.

რესპონდენტი: იქ ხომ არავინ გვეუბნება, რა ამოგვჭრეს, რა გვრჩება, რა შეგვიძლია, შეგვიძლია თუ არა, რომ სექსი გვქონდეს და, აქედან გამომდინარე, თავიდან ყალიბდები, შენ თვითონ შეგიძლია თუ არა სრულფასოვანი ცხოვრება მეუღლესთან. (ჩაღრმავებული ინტერვიუ N7)

რესპონდენტი: პირველ რიგში, ქალებს ჰგონიათ, რომ ეს არის ოპერაციის იმხელა ნაკლი და იმხელა დეფექტი, რომ რაღა დროს სექსია და ამ ასაკში თანო. ძალიან ცუდი მენტალიტეტია ქართველ ქალებს შორის. მერე ჩნდება ნევროზი, ფსიქოზი და უსიამოვნებებები... (ჩაღრმავებული ინტერვიუ N8)

განვიხილოთ მეორე საკვლევი საკითხი:

2) რამდენად ხდება ონკოპაციენტი ქალების ინფორმირებულობა სექსუალურ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ.

აქაც არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა - კვლევის მონაწილეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მედპერსონალი არ აწვდის ონკოპაციენტებს ინფორმაციას სექსუალური ჯანმრთელობის და სექსუალური ურთიერთობების შესახებ.

ინტერვიუერი: მოგაწოდათ თუ არა მკურნალმა ექიმმა ინფორმაცია სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით?

რესპონდენტი: არა, არავითარი ესეთი ინფორმაცია, იმდენი პაციენტები ყავთ, რომ ასეთი რაღაცეები არც ქირურგს, არც პალატის ექიმს, არავის არაფერი არ უთქვამს. (ჩაღრმავებული ინტერვიუ N1)

სამწუხაროდ ექიმები, ვერ აცნობიერებენ თუ რამდენად საჭიროა პაციენტი ქალების ინფორმირება სექსუალურ საკითხებთან დაკავშირებით. როდესაც პაციენტები გამოდიან მძიმე ფიზიკური და ემოციური მდგომარეობიდან, მათ უჩნდებათ პარტნიორებთან სექსუალური კავშირის სურვილი და ხშირად არ იციან, როგორ მოიქცნენ. რესპონდენტებს აინტერესებდათ, თუ რა გავლენას მოახდენს დიაგნოზი, ოპერაცია, ქიმიოთერაპია მათ სექსუალურ ცხოვრებაზე; როგორ და როდის გააგრძელონ სქესობრივი ურთიერთობები; რა არის დაშვებული ან აკრძალული სექსის დროს. ზოგიერთი ქალი ფიქრობს, რომ სექსი აღარ შეიძლება, ზოგს რცხვენია და სქესობრივ ურთიერთობებთან  დაკავშირებულ საკითხებზე ვერავისთან საუბრობს, ექიმთან ამ კითხვებს ვერ სვამენ, აქვთ სქესობრივი კონტაქტის შიში და სხვ.

ინტერვიუერი: შეგიძლიათ გაიხსენოთ, მოხდა თუ არა თქვენი ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენას მოახდენდა დიაგნოზი, თქვენს სექსუალურ სფეროზე?
რესპონდენტი: არა არავინ მესაუბრა ამაზე. (ჩაღრმავებული ინტერვიუ N11, საგარეჯო)
ინტერვიუერი: არც ემოციებზე ან სხეულის აღქმაზე?
რესპონდენტი: არა
ინტერვიუერი: სადმე ხომ არ გადაგამისამართეს მაგალითად ფსიქოლოგთან?
რესპონდენტი: არა... (ჩაღრმავებული ინტერვიუ N10, ჩოხატაური)

კვლევიდან ჩანს, რომ რესპონდენტები თავად ინტერესდებიან სექსუალობის საკითხებით. ინფორმაციის მოძიების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს ინტერნეტი - Google, YouTube, სამედიცინო ვებ-გვერდები და სხვ. შეიძლება ითქვას, რომ რესპონდენტები არიან გამოსავლის ძიებაში და თავადვე ცდილობენ საკუთარი სექსუალური პრობლემების გადაჭრას ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე.

რესპონდენტი: არა, არავინ მესაუბრა, ყველანაირი ინფორმაცია მე თვითონ მოვიძიე. ინტერნეტის საშუალებით. ამ დაავადების შესახებ, პროგნოზი, მერე როგორ გრძნობენ ქალები თავს და ესეთი რაღაცეები. (ჩაღრმავებული ინტერვიუ N5)

რაც შეეხება, მესამე საკვლევ საკითხს:

3) რეპროდუქციული სისტემის ონკოპაციენტი ქალებისთვის სექსუალურ სფეროში არსებული სერვისების ხელმისაწვდომობა

კვლევის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მედპერსონალი არათუ არ საუბრობს სექსუალური ჯანმრთელობის საკითხებზე, ასევე არ ხდება პაციენტების გადამისამართება ფსიქოლოგთან, სექსოლოგთან ან სხვა სპეციალისტთან. რესპონდენტების ნაწილი კარგად აცნობიერებს, რამდენად შეამსუბუქებდა ფსიქოლოგის, სექსოლოგის ჩართულობა, მათ რთულ ემოციურ  მდგომარეობას, რაც დადებითად აისახებოდა მკურნალობის პროცესზე, მათ პირად და ინტიმურ ცხოვრებაზე.

რესპონდენტი: არა, არავისთან გავუგზავნივარ. ისე, ეხლა რომ ვფიქრობ.... თვითონ საავადმყოფოში უნდა ყავდეთ ან ფსიქოლოგი ან სპეციალისტი, ვინც ამ საკითხებზე შეძლებდა საუბარს და ინფორმირებულს გახდიდა პაციენტს. (ჩაღრმავებული ინტერვიუ N1)

რესპონდენტი: ფსიქოლოგთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი კი არა, აუცილებელია. (ჩაღრმავებული ინტერვიუ N9)

რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ აქვთ სურვილი, რთული დიაგნოზის დასმამდე და შემდეგ, მთელი მკურნალობის პერიოდში, მათი ფსიქოემოციური და სექსუალური სფერო იყოს მხარდაჭერილი ფსიქოლოგის, სექსოლოგის და მკურნალი ექიმის მიერ.

რესპონდენტი:  ექიმმა უნდა წამოწიოს ეს სექსუალური სფეროს თემები. ზოგი ადამიანი ისეთი მორიდებულია, რომ ვერაფერს იკითხავს. (ჩაღრმავებული ინტერვიუ N9)

რესპონდენტების უმრავლესობის სურვილი აქვს, გაიკეთოს ძუძუს პლასტიკური რეკონსტრუქციული ოპერაცია. ეს მათთვის იქნებოდა თვითშეფასების ამაღლების, საკუთარ ძალებში დარწმუნების და პარტნიორებთან სექსუალურ თანაცხოვრებაში სრულფასოვნების შეგრძნების მიღწევის კარგი საშუალება. თუმცა, პლასტიკური ქირურგია დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, სახელმწიფო პროგრამით კი ეს ჩარევა არ ფინანსდება. 

რესპონდენტი: კი, მინდოდა ძალიან პლასტიკის გაკეთება. ყოველთვის ლამაზი მკერდი მქონდა და დასანანია, რა თქმა უნდა. ალბათ უფრო დარწმუნებული ვიქნებოდი საკუთარ თავში და ქმართან ცხოვრებაც უფრო მარტივი იქნებოდა, ხომ ხვდებით. უფრო სრულფასოვნად ვიგრძნობდი თავს ... (ჩაღრმავებული ინტერვიუ N4)
  • მოკლედ, როგორც ნახეთ, ონკოპაციენტი ქალების სექსუალური და ფსიქოემოციური მდგომარეობა მოითხოვს ყურადღებას, როგორც სახელმწიფოს, ასევე კლინიკების ხელმძღვანელების და მკურნალი ექიმების მხრიდან.

პირველ რიგში ონკოპაციენტი ქალები უნდა იყვნენ ინფორმირებულები სექსუალურ ცხოვრებასა და სექსუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე საჭიროა მოხდეს მათი ფსიქოემოციური მდგომარეობის შეფასება და  ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა. დღეს თანამედროვე სამყაროში, მთავარია, არა მხოლოდ დაავადების დამარცხება, არამედ იმაზე ზრუნვა, რომ ადამიანმა შეძლოს სრულფასოვანი და ხარისხიანი ცხოვრების გაგრძელება, სპეციალისტების მხრიდან ინფორმირების და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის  გზით.

 

ბლოგის ავტორი: მაია ჯიბუტი; ა/ო „თანადგომას“ სრჯუ საკითხების ადვოკატირების მენეჯერი / ფსიქოლოგი.

ა/ო თანადგომას მიერ განხორციელებული თვისებრივი კვლევის სანახავად დააჭირეთ აქ

ბლოგის მომზადება შესაძლებელი გახდა პროექტ „Supporting women with disabilities in being, doing and becoming independent” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR”, RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ორგანიზაციების „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) მოსაზრებებს.