გუშინ, როდესაც ტელეკომპანია იმედზე 19 მარტის გადაცემას „სხვა რაკურსით გია ჯაჯანიძესთან ერთად“ ვუყურებდი, გავიფიქრე რომ ამ ყველაფრისთვის ბავშვები მოგვთხოვენ სასტიკ პასუხს. გაიხსენებენ, რომ 2015 წელს იყო მძიმე სიტუაცია, ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ ან ასეთის ეჭვი უჩნდებადათ და მათ არ იცავდნენ. მათ მარტო ტოვებდნენ უმოქმედო პოლიციელებთან, სასოწარკვეთილ მშობლებთან და მათი უბედურებით რეიტინგის მომხვეჭ მედიასთან. მათ შიშებზე, ფიზიკურ ძალადობაზე, მათზე სპერმის კვალზე ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და ამით პოპულარულები ხდებოდნენ.

„სად იყავით თქვენ, როდესაც ჩემი მშობელი ჩემს ჩაგვრაზე და დამცირებაზე საჯაროდ საუბრობდა. როდესაც ჩემი სახელი და გვარი ცხადდებოდა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტელევიზიაში, როგორც სექსუალური ძალადობის მსხვერპლისა და თქვენ იცოდით რომ ამით ჩემს ცხოვრებას სამუდამოდ დაღს ასვამდნენ. როდესაც ჩემს მომავალს ანგრევდნენ ჩემი სტიგმატიზებით. სად იყავით, როდესაც ჩემს მისამართს ხმამაღლა აცხადებდნენ და ამ მისამართზე სხვა ძალადობის მიმართ დაუცველს მტოვებდნენ.

სად იყო მოქალაქეების გადასახადით დაფინანსებული შინაგან საქმეთა სამინისტრო, როდესაც საჯაროდ ამბობდნენ, რომ მან ბავშვზე სქესობრივი მოძალადე ქუჩაში გაუშვა და ჩემზე, როგორც თვალსაჩინო მაგალითზე მიუთითებდნენ. ჩემი გამოყენებით უნდოდათ ემხილათ ამ ქვეყანაში ძალოვანი სამინისტროების უსუსურობა და მე, როგორც ბავშვი წყალს გადამაყოლეს.

სად იყო სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელსაც კანონის ძალით ჩემი დაცვა საკუთარი მშობლისგანაც ევალებოდა. ჩემი მშობელი ჩემს პირად მონაცემებს, საცხოვრებელ ადგილს, სახელს და გვარს, ჩემს გადატანილ ტკივილს საჯაროდ ყვებოდა და თქვენ ხელს არ ანძრევდით, რომ ამისგან გადაგერჩინეთ.

სად იყავით ადგილობრივო და საერთაშორისო უფლებადამცველო ორგანიზაციებო?! ჩემს გადასარჩენად ერთხელ მაინც შეშფოთებულიყავით.

სად იყავით თქვენ, საზოგადოება, რომელიც მთელი ათეული წლები პოლიტიკურ ბატალიებში ერთმანეთს დაუნდობლად ებრძოდით და ხმა არ ამოგიღიათ 5 წლის ბავშვის ჯერ სექსუალური და მერე მედია ძალადობისგან გადასარჩენად“.

სად ვართ, სად ხართ როდესაც ჩვენს თვალწინ ბავშვის ღირსება და ცხოვრება რისკის ქვეშ დგება?

ეს ბავშვები ხვალ მოგვთხოვენ პასუხს და თითოეულ ჩვენგანს უმოქმედობაში დაადანაშაულებენ. ჩვენ ამაზე პასუხი არ გვექნება.

 

ავტორი: ანა არგანაშვილი