“ოდა მის უდიდებულესობას სამოქალაქო საზოგადოებას”
“წმინდა ხმაურში,
წრფელ ხმაურში, უხმო ხმაურში,
ბევრი ხელი მაქვს
ვინც მოითხოვ
სიტყვის უფლებას!
ველიდან ველამდე
– ველიდან ველამდე
როცა ცელები ცეცხლს
აქრობენ
ოქროს თავთავში
–
მაქე და მერიდე!
მაქე და მერიდე!
მაქე და მერიდე!”
ზურაბ რთველიაშვილი
მე
საშუალო არითმეტიკული ქართველი ვარ. 164 სმ, 55 კილოგრამი. ნაცრისფერი. შიგადაშიგ
– ხაკი, არჩევნებზე უმეტესად – წითელი. „მეინსტრიმი” ვარ. უმრავლესობასაც მეძახიან.
პოპულარულ ენაზე – მასა.
მეინსტრიმი
ინგლისური ტერმინია და მთავარ ნაკადს, დინებას ნიშნავს. როგორც წესი, მას ხელოვნების
სფეროში იყენებენ ხელოვნების იმ ნიმუშის თუ მიმდინარეობის აღსანიშნავად, რომელიც უმრავლესობას
მოსწონს. მაგრამ დღეს ამ ტერმინმა სხვა გამოყენება, უფრო კი – კონცეპტუალური დატვირთვა
შეიძინა.
ამ ტერმინის გამოყენება თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში საინტერესო ტენდენციაა. მეინსტრიმის კლასიკური მნიშვნელობისგან განსხვავებით, მას დღეს იყენებენ არა რომელიმე გავრცელებული მოსაზრების ან მოვლენას აღსანიშნავად, არამედ იმ მისტიკური ხალხის სინონიმად, ვინც ამ იდეის მხარდამჭერად მოიაზრება. შესაძლებელია შეცდომაშიც შეგიყვანოთ მოსაუბრის ფორმალისტურმა მითითებამ იმაზე, რომ იგი ძირითად გაბატონებულ დისკურსზე საუბრობს. მაგრამ, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, დისკურსზე განა ამგვარი ემოციური შეფერილობით საუბრობენ? თანაც ყოველთვის ოპონენტის დაუსწრებლად. დისკურსი რაციონალური განსჯის საგანია, ხოლო ჩვენ შემთხვევაში, საქმე გვაქვს განპიროვნებულ მეინსტრიმთან – … თავად გადაწყვიტეთ, რამდენად ასეა.
ცოტა არ იყოს, სასაცილოა, რომ ამ ტერმინს ვერავინ იყენებს პირველ პირში.
გინახავთ ვინმე ამბობდეს: მე მეინსტრიმი ვარ და ჩემი აზრები დაშტამპული და გაცვეთილიაო?
მეინსტრიმის კრიტიკა აღნიშნული ფორმით უსაფრთხოა (!). მას ხომ თავის თავზე არავინ მიიღებს. უფრო მეტიც, კაცი ვერ გაიგებს, რას ვაკრიტიკებთ. შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ განპიროვნებული მეინსტრიმი რქიანია და ზმუის. თქვენ გგონიათ, ვინმე იტყვის, – ცდებითო? ე.წ. მეინსტრიმელი თუ შემოგესწროთ, საკუთარი განსხვავებული აზრის გამოხატვას აუცილებლად მოერიდება და ახლა თქვენ კრიტიკულ „მეინსტრიმს” შემოუერთდება. ამგვარად, ფრიად მოსახერხებელია ჩემი, თქვენი და იმისი პრობლემები გარეთ გავიტანოთ და ამ ჩვენ მდუმარე მეინსტრიმს (შეიძლება ოთხფეხასაც) რქებზე დავკიდოთ. ვინ შეამოწმებს? სულიერი არ არსებობს, რომელიც მეინსტრიმთან ახლო ნაცნობობას დაიჩემებს. მაშ, საიდან დავასკვენით, რომ მეინსტრიმის სწორედ თქვენ მიერ აღწერილი თვისებები აქვს, თუ გადამოწმება შეუძლებელია და არც ერთი წევრი თვითიდენტიფიცირებას არ აკეთებს – როგორც მეინსტრიმელი?
ამ სტატიაში ჩემი მიზანი საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ღირებულებების და პოპულარული შეხედულებების ანუ, მეინსტრიმის არსებობის უარყოფა არ ყოფილა. ამის ნაცვლად, მინდა შევეხო სოციალური ცვლილების შესაძლებლობას „მეინსტრიმისა” და „მასის” დღევანდელი დისკურსის პირობებში.
დღეს უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციის წყაროდ სწორედ ე.წ. მეინსტრიმში გავრცელებული უკრიტიკო და სტერეოტიპული შეხედულებები მოიაზრება; არცთუ უსაფუძვლოდ. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ როგორი შიშით სავსე აგრესია და გარიყვის სურვილი იგრძნობა საზოგადოებაში. ანალოგიური დამოკიდებულება არსებობს სექსუალური, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ. მაგრამ ჩემი ინტერესის საგანი დღეს ამ მოვლენის საწინააღმდეგოდ გამოვლენილი კონტრაგრესიაა, რომელიც ხშირად იმდენად უფუნქციოა, რომ დისკრიმინაციურ დამოკიდებულებას აღრმავებს კიდეც.
ფროიდმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში გააკრიტიკა გუსტავ ლე ბონის (1896-1947) მიერ აღწერილი კოლექტიური გონის, მასების ქმედების თეორია, რომლის თანახმადაც, ადამიანების მასა, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, კარგავს ინდივიდუალური წევრების ცნობიერებას და აგრესიულად მოქმედებს მაპროვოცირებელი აგენტის (ლიდერის) ხელმძღვანელობით. აღნიშნული თეზა გაკრიტიკებულია სტეფან რაიხერის და მისი კოლეგების თანამედროვე კვლევაში (2004), რომლის თანახმადაც, ადამიანების ერთობის მოხსენიება მასად და მისი ინდივიდუალური წევრების პიროვნული უნიკალობის იგნორირება უგუნურებაა. ადამიანების ერთობისადმი, რაც უნდა მშვიდობიანი დამოკიდებულება ჰქონდეს მას მოვლენის მიმართ, განხორციელებული აგრესიული კომუნიკაცია ყოველთვის გამოიწვევს უკუ-აგრესიას.
მაშინ ჩნდება კითხვა, რას ემსახურება ე.წ. მეინსტრიმის წინააღმდეგ მიმართული დისკურსი. გასაგებია რომ ერთი შეხედვით იგი დისკრიმინაციული ღირებულებებისა და ქცევების წინააღმდეგია, მაგრამ სინამდვილეში ხშირად შეიცავს დამამცირებელ, გაუაზრებლად წამგებიან გზავნილებს.
ლე ბონის მიერ წამოყენებული თეზა ხალხის მასის დე-ინდივიდუალიზაციისა და ბრბოს სიახლის შიშის შესახებ არ დასტურდება ემპირიული კვლევებით. როგორც აკერმანი და კრუგლერი (1994) აღნიშნავენ, სწორედ ხალხთა დიდი ჯგუფის ორგანიზებული თუ არაორგანიზებული ქმედების შედეგადაა შესაძლებელი სოციალური ცვლილების განხორციელება. სახელდობრ, ამ ცვლილების განხორციელების გზა ჯგუფის თითოეული წევრის ინდივიდუალურ იდენტობაში, და შემდგომ უკვე საერთო სოციალურ იდენტობაში მომხდარი ცვლილებაა. ამავე აზრს გვთავაზობენ სოციალური მოძრაობის თეორეტიკოსები, ინდივიდთა აზროვნებისა და ღირებულებების ცვლილება უნდა მოხდეს ჯგუფის, ე.წ. მასის კონტექსტში. ისინი გვთავაზობენ ადამიანთა ჯგუფის ანალიზისთვის არა ინტერ-ჯგუფური, არამედ ინტრა-ჯგუფური მიდგომის გამოყენებას. ეს უკანასკნელი რომ პოპულარულ ენაზე ვთარგმნოთ – თუ ჩვენ რეალური ცვლილება გვსურს, ნუ შევხედავთ ადამიანთა ერთობას გარედან, ზემოდან, დისტანციით. შევიხედოთ შიგნით ჯგუფში და ვიმუშაოთ ჯგუფის კონტექსტში კონკრეტული ინდივიდის მნიშვნელობის აღიარებით და დაფასებით.
დავუბრუნდეთ ისევ რაიხერს – ადამიანების ჯგუფში, უკიდურესად აგრესიულად განწყობილშიც კი, მნიშვნელოვანია და შესაძლებელია მცირე შიდა ჯგუფების და პიროვნებების იდენტიფიცირება და მათ მიმართ განათლების მიდგომის გამოყენება. აღნიშნული ერთნაირად ეხება როგორც ჰეტეროგენულ – პოლიტიკური თუ რელიგიური ნიშნით შექმნილ ადამიანთა ჯგუფებს, ისე ჰომოგენურ, არაორგანიზებულ საზოგადოებებს, აგრეთვე საპროტესტო ჯგუფებს და აგრესიულ დემონსტრანტებს.
როგორც თავად ხედავთ, სოციალური მეცნიერებების სფეროში ჩატარებული კვლევები საოცრად პრაქტიკულ და მნიშვნელოვან იარაღს სთავაზობს საზოგადოებას ადამიანის ჯგუფთა აქტივობის ანალიზისა და, უფრო მეტიც, მართვისთვის. თუმცა, იქნებ უფრო ადვილია ამ ჯგუფის “მასად” შერაცხვა და მასთან კომუნიკაციის გაწყვეტა? იქნებ ყოველივე ზემოთქმულზე არ ყოფილა მსჯელობა ამ კუთხით, არ დაგვირქმევია სახელი იოლი და პროპაგანდისტული ქცევისთვის, რომელიც, შესაძლოა, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელის შეშლის საფრთხეს შეიცავს. ვოილ! მსჯელობა უკვე დაწყებულია და სახელიც დარქმეული. მე მეინსტრიმი ვარ. იფიქრეთ ჩემზე.
ავტორი: ანა არგანაშვილი