გუშინ დასრულდა ორდღიანი წინასასამართლო სხდომა ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მიმართ, არასრულწლოვანის
თანდასწრებით, ოჯახში ჩადენილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ.
მოსამართლემ განმარტა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი
მტკიცებულებები იძლევა ალბათობის მაღალი ხარისხით ვარაუდის საფუძველს, რომ ხუთივე ეპიზოდზე,
ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი.
აღნიშნულ საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე,
საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ.
სისხლის სამართლის საქმეში, პროკურატურის მხრიდან მოპოვებული
მტკიცებულებები შეადგენს 11 ტომს. მათ შორისაა ისეთი მტკიცებულებები, როგორიცაა აუდიო
და ვიდეო მასალები, ათეულობით მოწმის ჩვენება, არაერთი წერილობითი მტკიცებულება, სამედიცინო
და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ადასტურებს დაზარალებულის სხეულზე
ფიზიკური დაზიანების არსებობას და დაზარალებულის მიმართ ფსიქოლოგიური ზიანის მიყენებას.
წინასასამართლო სხდომაზე, თერთმეტი ტომისგან შემდგარ საქმეს გამოაკლდა მხოლოდ ერთი დოკუმენტი - პოლიციის თანამშრომლის
მხრიდან დაზარალებულის სხეულზე ფიზიკური ზიანის ამსახველი ოქმი. იგივე მიზნით, საქართველოს
პროკურატურას საქმეში წარმოდგენილი აქვს ფიზიკური ზიანის ამსახველი არაერთი მტკიცებულება,
მათ შორის, სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც დეტალურად აღწერს
დაზარალებული ნელი დოროყაშვილის მიმართ მიყენებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზიანს. აღნიშნული
მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა.
შესაბამისად, 11 ტომისგან შემგარ საქმში, ნიკოლოზ ბასილაშვილის
მიმართ წარდგენილი ოჯახში ძალადობის ბრალდების ხუთივე ეპიზოდის დამადასტურებელი ყველა
მტკიცებულება სრულად იქნა დასაშვებად ცნობილი.
საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყება 2020 წლის 3 ნოემბერს,
17:00 საათზე.