No one has ever become poor by giving

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მედიაში პრობლემური გაშუქების პროცესს, განსაკუთრებით კი  2020 წლის 9 აგვისტოს, 23:00 საათზე მთავარ არხზე გადაცემამთავარ აქცენტებშიგასულ ინტერვიუს და მივიჩნევთ, რომ არსებითია მედიამ გაიაზროს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობა და საკუთარი პასუხისმგებლობა სამართლებრივი და დემორკატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში, რომელიც ადამიანის უფლებების და ღირსების პატივისცემის იდეალებზე დგას.

მთავარ არხზე წამყვანის მიერ დასმული კითხვები, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა მედია საშუალების მიერ მომზადებული მასალაშეეხებოდა გარდაცვლილი თამარ ბალიაშვილის პირადი ინტიმური ურთიერთობების დეტალებს.  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის საქმის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მედიის განსაკუთრებული როლი აკონტროლოს საჯარო ხელისუფლება, ასევე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ მიმდინარე გამოძიების ხარვეზულობასა და მისი ღიაობისა და გამჭირვალობის პრობლემას, არსებითი გვგონია საქმეზე საჯარო განხილვა ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვითა და პატივისცემით წარიმართოს. ამგვარ მიდგომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების, ასევე მისი მეგობრების ღირსების, პირადი ცხოვრებისა და მორალური უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

ადამიანის პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის დაცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სფეროში მოიაზრებს როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ისე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო.[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღიარებს გარდაცვლილი პირის მშობლების კონსტიტუციურ უფლებას იდაონ გარდაცვლილი შვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, როდესაც აღნიშნული ინფორმაცია, იმავდროულად, არღვევს მათ პირად უფლებებს[2]

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის თანახმად კი, გარდაცვლილი პირის რეპუტაციის შელახვა შესაძლოა იმგვარად აისახოს მისი ოჯახის წევრების პირად ცხოვრებაზე, რომ მოექცეს კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ სფეროში.[3] ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე Editions Plon v. France (№58148/00, 18 May 2004, §34) მიიჩნია, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების გამო ჟურნალისტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება შესაძლოა გამართლებული ყოფილიყო გარდაცვლილის პატივის, რეპუტაციისა და პირადი ცხოვრების დაცვის ლეგიტიმური მიზნით. ხოლო, საქმეზე Almeida Leitão Bento Fernandes v. Portugal (№ 25790/11, 12 მარტი, 2015 .), ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ გარდაცვლილი არასაჯარო პირების პირადი ცხოვრების დეტალების გამოქვეყნება სცდებოდა ავტორის გამოხატვის თავისუფლებით დადგენილ ფარგლებს.

მაღალი საჯარო ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეების გაშუქებისას ხშირად ერთმანეთს უპირისპირდება ერთის მხრივ, ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლება და საზოგადოების უფლება ინფორმაციის მიღებაზე, მეორეს მხრივ კი, საქმეში მონაწილე პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, ამგვარი კონფლიქტის გადაწყვეტისას მხედველობაში იღებს ინფორმაციის მნიშვნელობას საჯარო ინტერესის მქონე დებატებში, ინფორმაციის სუბიექტის ცნობადობას, გავრცელებული ინფორმაციის შინაარსს, ფორმასა და შედეგებს.[4]

ხელმომწერი ორგანიზაციები მიუღებლად მივიჩნევთ გადაცემის წამყვანის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომროდესაც საქმე მიმდინარეობს თვითმკვლელობაზე, პირადი ცხოვრება ხდება გამჭირვალე.“ ამასთან, საფუძველს მოკლებულია ჟურნალისტის მტკიცება, რომ თვითმკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეებზე ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებ სარგებლობს მაღალი საჯარო ინტერესით. გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგება ამ უფლების არსს, რომელიც თავის თავში მოიცავს პასუხისმგებლობასაც და ზღვარდადებულია სხვათა უფლებების დაცვის ინტერესით[5]. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, “გამოხატვის თავისუფლების, როგორც საზოგადოების, ისე ინდივიდის განვითარებისთვის, უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, ის არ სარგებლობს თავისთავადი უპირატესობით რომელიმე სხვა კონსტიტუციურ სიკეთესთან.”[6] ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გაშუქებისას, პრესამ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც განზრახ თუ გაუფრთხილებლად, ზიანს მიაყენებს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.[7]

მიუხედავად თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების თაობაზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისა, ინტერვიუზე განხილული პირადი ცხოვრების დეტალები არ იძლეოდა საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და შესაბამისად, მათი  გაშუქება არ ემსახურებოდა მაღალ საჯარო ინტერესს. ამასთან, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის ფარგლები ფართოვდება, როდესაც საქმე შეეხება არასაჯარო ფიგურას.[8] ასევე, მხედველობაშია მისაღები, რომ ინტერვიუზე განხილული დეტალები შეეხებოდა პირადი ცხოვრების განსაკუთრებით პირადულ ასპექტებს, მათ შორის გარდაცვლილისა და მისი მეგობრის სექსუალურ იდენტობასა და ინტიმურ ცხოვრებას, რაც, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ექცევა პირადი ცხოვრების უფლების განსაკუთრებული დაცვის ქვეშ.[9]

პასუხისმგებლიანი მედია დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი რგოლია და მას სიმართლის დადგენის, საჯარო ხელისუფლების კონტროლისა და ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების წუხილების, საჭიროებებისა და ინტერესების გახილვადებისა და დღის წესრიგში დაყენების უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. პლურალისტური მედია გარემოს გარეშე დემოკრატია ვერ მუშაობს და მას საკვანძო როლი აქვს საზოგადოების ჯეროვანი ფუნქციონირებისთვის. თუმცა, ამგვარი როლის შესრულება მედიას სწორედ მაშინ შეუძლია, როცა ის ადამიანის უფლებების და ეთიკის სტანდარტების განუხრელი დამცველია და საკუთარ პრაქტიკაში ადამიანების ინსტრუმენტალიზების, პროპაგანდისა და მანიპულირების მიდგომებს გამორიცხავს. ჩვენი ქვეყნის პოლარიზებული და კონფლიქტური პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით, როცა დასუსტებულია ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, პასუხისმგებლიანი მედიის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმისადმი საჯარო ინტერესი არ ამართლებს გარდაცვლილის თაობაზე ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაციის გავრცელებას და მნიშვნელოვანია მედია საშუალებებმა . ბაჩალიაშვილისა და მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების პირადი ცხოვრების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე და პატივისცემა გამოიჩინონ და განუხრელად დაიცვან ადამიანის უფლებები და მედია ეთიკის სტანდარტები.


ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  2. ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  3. კავშირი საფარი;
  4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  5. თანასწორობის მოძრაობა;
  6. უფლებები საქართველო;
  7. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
  8. ღია საზოგადოების ფონდი;
  9. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
  10. ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC);
  11. მედიაკლუბი;
  12. სატელევიზიო ქსელი;
  13. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია; 
  14. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
  15. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR).

[1] A. v. Norway, no. 28070/06, 9 April 2009, §§ 63-64; taliadorou and Stylianou v. Cyprus, nos. 39627/05 and 39631/05, 16 October 2008, § 45

[2] 2016 წლის 30 სექტემბრის N1/6/561,568 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

[3] Putistin v Ukraine ,  No. 16882/03, 21 November 2013, §§ 33; Genner v. Austria, 12 January 2016, no. 55495/08, §35

[4] Axel Springer v. Germany, no. 39954/08, 07.02.2012, §§ 89-95 and Von Hannover v. Germany (No 2), nos. 40660/08 and 60641/08, 07.02.2012, §§ 108-113

[5] Axel Springer v. Germany, no. 39954/08, 07.02.2012, §§ 82

[6] 2016 წლის 30 სექტემბრის N1/6/561,568 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II 44-45

[7] Craxi N2 v. Italy, no. 25337/94, 17/10/2003, §65

[8] Worm v. Austria, 83/1996/702/894, 29/08/1997, § 50

[9] Schlumpf v. Switzerland, № 29002/06, January2009, §§ 104 and 115