No one has ever become poor by giving

                                       

ბლოგი მომზადებულია ანა თავხელიძის მიერ


ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალები ხშირად რჩებიან მართლმსაჯულების პროცესს მიღმა, რაც ერთი მხრივ განპირობებულია მათთან დაკავშირებით საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპებით[1] და ამავდროულად,  ამგვარი დამოკიდებულებები გამყარებულია საკანონმდებლო ნორმებით.[2]  

მაშინ როდესაც, სახელმწიფოს ევალება სტერეოტიპებთან ბრძოლა, ეროვნულ კანონმდებლობაში კვლავ რჩება ჩანაწერები, რომლებიც დაშვებას აკეთებს რომ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი სიმართლეს არ ამბობს.  მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, არ შეიძლება გამოიკითხოს ან მოწმედ დაიკითხოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ის პირი, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები  და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება.[3] ნორმა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირს აკისრებს მტკიცების ტვირთს, რომ მოიპოვოს მართლმსაჯულების პროცესში  მონაწილეობის უფლება, რომელიც პრაქტიკაში რეალიზდება ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების გზით.

ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალებისთვის მართლმსაჯულების პროცესში არსებული ბარიერები ნათლად ჩანს ანას საქმის მაგალითზე.

 

 

ანას ისტორია

 

ანა ფსიქსოციალური საჭიროებიდან  გამომდინარე პერიოდულად საჭიროებდა სპეციალისტების დახმარებას. პირადი ფსიქიატრის რეკომენდაციით იგი პერიოდულად საკუთარი სურვილით იღებდა სერვისს სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.  სერვისის მიღების საჭიროება ჰქონდა 2021 წლის ნოემბერშიც, ამიტომ დახმარების მიღების მიზნით მიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს.

 

კლინიკაში, სადაც სპელციალისტების მხრიდან სათანადო დახმარების მისაღებად მივიდა, ანა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. იქ არსებული გარემო მისთვის მტრული და დამთრგუნველი იყო, რის გამოც მოკლე დროში მოითხოვა დაწესებულების დატოვება, თუმცა მას ამის უფლება არ მისცეს. პერსონალის გულგრილმა დამოკიდებულებამ და საჭიროებების არგათვალისწინებამ, ანას გაბრაზება გამოიწვია, რაც კარზე ხელის დარტყმით გამოხატასაპასუხოდ კი, თავისი პალატისკენ მიმავალს, სანიტარი კაცები თვითნებურად, ექიმის მითითების გარეშე დაედევნენ. ერთ-ერთმა სანიტარმა კაცმა ანას ზურგში რამდენჯერმე ჩაარტყა, მეორე კაცმა სანიტართან ერთად, ძალით დააწვინა ძირს და შებოჭა, პარალელურად კი, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ერთ-ერთი სანიტარი ფეხებით ფეხებზე დაადგა ანას, მეორემ კი ხელები გაუკავა. ანა ქამრების გამოყენებით დააბეს საწოლზე, ისე მჭიდროდ, რომ ფიზიკური ტკივილები ჰქონდა. ასეთ მდგომარეობაში დატოვეს 1 საათზე მეტხანს.  პალატაში დაბმულ მდგომარეობაში მყოფ ანასთან სანიტარი კაცი შევიდაჯერ ცრემლები მოწმინდა, შემდეგ ტუჩების სრესა დაუწყო და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ხელის შეხებით გააგრძელა, ბოლოს კი პირბადით აკოცა ტუჩებში. სანიტარი ანას დაყვირების შემდეგ გავიდა პალატიდან.

 

ანამ დაწესებულება მეორე დღეს დატოვა, თუმცა მანამდე, ფსიქიატრიული განყოფილების შიდა კონსილიუმზე ისაუბრა განცდილი ძალადობის შესახებ. კლინიკამ ანას მიმართ განხორციელებული ძალადობა რეაგირების გარეშე დატოვა.

 

დაწესებულების დატოვებიდან მალევე მოგვმართა ანამ. ჯერ კიდევ ეტყობოდა სხეულზე დაზიანებები. ამიტომ დაუყოვნებლივ მივმართეთ პოლიციას, მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება და ყველა მტკიცებულების შეგროვება. გამოძიება ანას მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაიწყო.

 

პოლიციის ყველა თანამშრომელი, ვისაც ამ საქმეზე ანასთან შეხება ჰქონდა, მის მიმართ ძალიან მხარდამჭერი იყო, თუმცა შეიმჩნეოდა, რომ მათ დამატებითი მტკიცებულება სჭირდებოდათ ანას დასაჯერებლად

 

საქმეში პირველი ბარიერის წინაშე აღმოვჩნდით დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნისას. პროკურორის გადაწყვეტილებაში, რომლითაც უარი გვეთქვა დაზარალებულად ცნობაზე, არგუმენტად გაჩნდა ანასდიაგნოზი.“ გამოძიება ანასგან მოითხოვდა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას, რათა დარწმუნებულიყო, რომ მას შეეძლო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამახსოვრება, აღდგენა და გადმოცემა. საქმეში არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა ანას მონათხრობის სანდოობას. შესაბამისად, ადვოკატის რჩევით ანამ უარი თქვა ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე და დათანხმდა ფსიქოლოგიურ შეფასებას, რომლითაც ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანი უნდა აღწერილიყო.

ფსიქოლოგიური ექსპერტიზის პროცესში ექსპერტი ძირითად აქცენტს აკეთებდა ანას დიაგნოზსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებში მკურნალობის ფაქტზე. ანას მონათხრობზე ღიად გამოხატავდა რეაქციას. მისი შეფასებით ზემოთ აღწერილი მოპყრობა ანასთვის ტანჯვის გამომწვევი არ ყოფილა. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაასაჩივრეთ პროკურორთან და მოითხოვეთ დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება, ვინაიდან ექსპერტს გამოკვლევის პროცესში არ წარედგინა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება: ვიდეო ჩანაწერები და ანა პირადი ფსიქიატრის დასკვნა ძალადობის შედეგად მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით. ამავდროულად, ექსპერტს მხედველობაში არ მიუღია გარემოება რომ ექსპერტიზის ჩატარების დროისთვის ანას უკვე მიღებული ჰქონდა შესაბამისი სერვისი რეაბილიტაციის მიზნით. პროკურორმა დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, თუმცა დამატებითი ექსპერტიზა კიდევ უფრო შეუსაბამოდ წარიმართა. გარდა იმისა რომ ფსიქოლოგი მუდმივად აწყვეტინებდა ანას საუბარს და არათემატურ საკითხებზე ეკითხებოდა, იქვე გამოხატავდა უკმაყოფილებას, რატომ არ დათანხმდა ანა ფსიქიატრიულ ექსპერტიზას. დამატებითი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ვერ დადგინდა ანასთვის მიყენებული ზიანი.

პროკურორის არაერთი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ, ანას  მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა მხოლოდ ერთ კაც სანიტარს, მეორე სანიტრის მხრიდან ანას მიმართ მოპყრობაზე სახელმწიფომ თვალი დახუჭა. ჩვენი მოთხოვნით პროკურორმა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ჩადენილ ძალადობად შეაფასა ანას მიმართ განხორციელებული მოპყრობა, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.

2023 წლის ოქტომბერში სასამართლომ დამნაშავედ ცნო შპსფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრისსანიტარი კაცი, რომელმაც ანას მიმართ ფიზიკური ძალადობა დისკრიმინაციული ნიშნით განახორციელა. სასამართლომ მას სასჯელად 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ჩაუთვალა პირობითად. ამასთანავე, მას ჯარიმის სახით 2000 ლარის ოდენობით თანხის გადახდა დაევალა.

საკანონმდებლო ჩანაწერისა და ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის მიუხედავად, მოსამართლეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია ანას მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობა. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ სანიტარს პროფესიულად ევალებოდა ანაზე ზრუნვა და მას უნდა ჰქონოდა სათანადო უნარები და ცოდნა სერვისის მიმღები პირის ქცევის სამართავად.

ძალადობის გამოცდილებიდან 2 წლის შემდეგ, ანამ საქმე მოიგო. ალბათ, პირველად საქართველოში, პერსონალის მხრიდან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სერვისის მიმღები ქალის მიმართ ძალადობის ფაქტზე სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, რითაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალების ძალადობისგან დაცვასა და მართლმსაჯულების პროცესში მათი მონაწილეობის გაზრდას.

ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების მართლმსაჯულების პროცესში თანაბარი ჩართვის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა სახელმწიფოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტმა. საქართველოსთან დაკავშირებით გაცემულ დასკვნით შეფასებებში კომიტეტი რეკომენდაციას გასცემს რომ საქართველომ გააუქმოს ყველა ის საკანონმდებლო რეგულაცია, რაც ზღუდავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მონაწილეობას მართლმსაჯულების პროცესში და უზრუნველყოს მათი ჩართულობა სხვებთან თანაბარ პირობებში. [4]

 

ნას საქმე ვერ ჩაითვლება მართლმსაჯულების განხორციელების საუკეთესო მაგალითად, რადგან ადვოკატის ყოლის პირობებშიც კი მართლმსაჯულების პროცესში მუდმივად გვიწევდა სტერეოტიპებთან გამკლავება. ამასთანავე, ამ დრომდე ანას მიმართ არასათანადო მოპყრობაში მონაწილე სხვა პირების პასუხისმგებლობა არ დამდგარა და სრულად არ შეფასებულა ანას მიმართ მიყენებული ზიანი, განსაკუთრებით, მის მიმართ სექსუალური ძალადობის ნაწილში. თუმცა, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალების მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის აქამდე გავრცელებული პრაქტიკების გათვალისწინებით, ეს საქმე მართლმსაჯულების სისტემაში მაინც წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება მივიჩნიოთ.

 

ბლოგი შექმნილია RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს RFSU-ს მოსაზრებებს.


[1] Committee on the Rights of Persons with Disabilities, Concluding observations on the initial report of Georgia, 2023, § 17;

[2] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 50, ნაწილი 2; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 129-ქვეპუნქტი, მუხლი 141-, „ქვეპუნქტი.

[3] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 50, ნაწილი 2.

[4] Committee on the Rights of Persons with Disabilities, Concluding observations on the initial report of Georgia, April 18, 2023, https://www.ecoi.net/en/file/local/2091120/G2306564.pdf