PHR გიყვებოდათ თამარის შესახებ, რომელიც ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალია და პერიოდულად, პირადი ფსიქიატრის რეკომენდაციით, ნებაყოფლობით მკურნალობას გადის სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. 2021 წლის ნოემბერში თამარი შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ ნებაყოფლობით მივიდა სერვისის მიღების მიზნით, თუმცა იგი დაწესებულების პერსონალის მხრიდან არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა.
გამოძიების პროცესში არსებული ბარიერები:
თამარმა დახმარებისთვის PHR-ს მომართა. თამარის ადვოკატმა გამოძიების დაწყება მოითხოვა. გამოძიების პროცესში თამარი ადვოკატის დახმარებით აქტიურად მონაწილებდა მტკიცებულებათა შეგროვების პროცესში.
გამომძიებელმა მოითხოვა თამარის მიმართ ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, რათა შეეფასებინა თამარის მიერ საქმის გარემოებების სწორად აღქმის უნარი. ვინაიდან ამგვარი ექსპერტიზის დანიშვნა წარმოადგენს დისკრიმინაციას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას, ადვოკატის რეკომენდაციით თამარმა უარი განაცხადა აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებაზე და მოითხოვა ძალადობის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის შეფასება
ფსიქოლოგიური ექსპერტიზის პროცესში ექსპერტი ძირითად აქცენტს აკეთებდა თამარის დიაგნოზსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებში მკურნალობის ფაქტზე, თუმცა ადვოკატმა მოითხოვა ამგვარი კითხვების განრიდება. საბოლოოდ, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ექსპერტიზის ჩატარების დროისთვის თამარი არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
თამარის ადვოკატმა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაასაჩივრა პროკურორთან და მოითხოვა დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება, ვინაიდან ექსპერტს გამოკვლევის პროცესში არ წარედგინა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება: ვიდეო ჩანაწერები და თამარის პირადი ფსიქიატრის დასკვნა ძალადობის შედეგად მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, ამავდროულად, ექსპერტს მხედველობაში არ მიუღია გარემოება რომ ექსპერტიზის ჩატარების დროისთვის თამარს უკვე მიღებული ჰქონდა შესაბამისი სერვისი რეაბილიტაციის მიზნით. პროკურორმა დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა.
თამარის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე კაც სანიტარს ბრალდება წარედგინა. თამარის ადვოკატმა მოითხოვა, რომ პროკურორს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშანი შეეფასებინა არა სამედიცინო მოდელით, არამედ ბიოფსიქოსოციალური მოდელით და ბრალდების შესახებ დადგენილებაში მიეთითებინა, რომ თამარის მიმართ ამგვარი მოპყრობა განხორციელდა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით. პროკურორმა ადვოკატის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
2023 წლის 09 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი) განაჩენით დამნაშავედ ცნო შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” სანიტარი კაცი, რომელმაც ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი თამარის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სასამართლომ მას სასჯელად 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ჩაუთვალა პირობითად. ამასთანავე, მას ჯარიმის სახით 2000 ლარის ოდენობით თანხის გადახდა დაევალა.
რატომ არის სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი?
სასამართლომ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნის შეფასებისას იხელმძღვანელა ბიოფსიქოსოციალური მოდელით და მიუხედავად იმისა რომ თამარს ოფიციალურად არ ჰქონდა მინიჭებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, დაადგინა, რომ მის მიმართ ძალადობა განხორციელდა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით.
მოსამართლეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის არ არსებობის გამო, რაც ხელს შეუწყობს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე მოწმეთა ეფექტურ მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ სანიტარს პროფესიულად ევალებოდა პაციენტზე ზრუნვა და მას უნდა ჰქონოდა სათანადო უნარები და ცოდნა სერვისის მიმღები პირის ქცევის სამართავად.
საქმეზე მუშაობდა ადვოკატი ანა
თავხელიძე
სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება შემდეგი პროგრამების ფინანსური მხარდაჭერით:
გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში - UN Joint Programme for Gender Equality in Georgia (UNJP4GE) რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით;
RFSU (Swedish Association for Sexuality Education);