ზოგადი ინფორმაცია:
ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის - ევრო სტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავშესაფრის მაძიებელთა 126 770 მოთხოვნა დაფიქსირდა[1]. წინა წლებთან შედარებით, 2022 წელს მთხოვნელთა რაოდენობის რიცხვმა 26 000 შეადგინა, რაც გასული წლების მონაცემებთან შედარებით ყველაზე მაღალ რიცხვს წარმოადგენს
ასევე, ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) 2022 წლის ანგარიშის თანახმად[2] 2022 წელს რეკორდულადაა გაზრდილი საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების რაოდენობა, განსაკუთრებით გაზრდილია ქალების მიგრაციის მაჩვენებელი.
არალეგალურად ყოფნისა და თავიანთი უფლებების შესახებ ცოდნის ნაკლებობის გამო ემიგრანტი ქალები იძულებულები ხდებიან დაეთანხმონ მათთვის არა სახარბიელო სამუშაო პირობებს, ამასთან, ქალები ხდებიან ძალადობის მსხვერპლი საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდან. ეს ხშირად გამოიხატება ფულის გამოძალვასა და შვილთან ურთიერთობის შეზღუდვაში, რაც ქალების ყოფნას უცხო ქვეყანაში კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის.
შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების ისტორიები:
ნატა*
ნატა უკვე 10 წელია ემიგრაციაშია. ქმარს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მკურნალობისთვის დიდი თანხა იყო საჭირო. ნატა არ მუშაობდა, ქმარიც საოჯახო მეურნეობას ვეღარ უძღვებოდა. შვილების საჭიროებების დაკმაყოფილება და ქმრის მკურნალობა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, რის გამოც ნატამ გადაწყვიტა საზღვარგარეთ წასულიყო. იქ ოჯახის ახლობელი იყო, წინასწარ საჭირო თანხა გამოუგზავნა, ყველაფერი აუხსნა და საცხოვრებლითაც უზრუნველყო.
ნატა სახლში ორ მცირეწლოვან შვილს ტოვებდა და ფიქრობდა, რომ მალე დაბრუნდებოდა. უნდოდა შვილებისთვის ბინა ეყიდა. თანხა მოაგროვა, თუმცა ის ქალაქი, სადაც ბინის ყიდვა უნდოდა, ქმარმა დაიწუნა. მაგ ქალაქში გარყვნილებააო და ნატას ნაშრომი ფულით ქმარმა ბინა იმ ქალაქში იყიდა, რომელიც მისთვის მისაღები იყო.
ზურა აქტიურად უკონტროლებდა სოციალურ ქსელს: რა ეცვა, სად მოგზაურობდა, როგორ ფოტოს დებდა „ფეისბუქში“ ნატა. ხშირად ფოტოს წაშლაც მოუთხოვია. სულ ეუბნებოდა, მად ფულს მუშაობით შოულობ თუ კაცები გარჩენენო. ხშირად ნატა მარტო არ იყო და ქმრის ნათქვამი სხვებსაც ესმოდათ. 10 წლის შემდეგ ნატა პირველად დაბრუნდა ქვეყანაში. ქმრის მსგავსად ტელეფონსა და პირად მიმოწერას უკონტროლებდა ნატას უფროსი შვილი (ვაჟი).
ნატას ისტორია არაფრით განსხვავდება ასობით ქალის ამბისგან, რომლებიც თავის ქვეყანაში სიდუხჭირის გამო საზღვარგარეთ მიდიან, საკუთარ შვილებსა თუ მშობლებს ტოვებენ და უცხო ქვეყანაში სხვის შვილებს უვლიან. ირმას ქმართან განშორების შემდეგ მოზარდი შვილისთვის მომავლის შესაქმნელად მოუწია წასვლა. შვილმა კი სოციალურ ქსელში დაუკომენტარა: „შენი შვილი დატოვე და სხვის შვილებს უვლი, კიდევ მეტყვი რომ გიყვარვარ და გინდა დავიჯერო“. ირმა უკვე ორი წელია ემიგრაციაშია, შვილი აღარ ესაუბრება.
ლალი
ლალის ქმარი ყოველ დღე სვამდა, სახლში მოსული ჩხუბობდა, ბავშვებსა და ლალიზე ძალადობდა. ლალი პატარა ქალაქში მუშაობდა, თუმცა მთელი ხელფასი ქმრის ვალების გასტუმრებაში ეხარჯებოდა. სხვა გზა არ იყო, თინეიჯერი შვილების გადასარჩენად, ლალიც ემიგრაციის გრძელ გზას დაადგა.
ნანი
ნანი თავდაპირველად ორ შვილიშვილს უვლიდა, შვილს და რძალს ხელს უწყობდა, ფიქრობდა რომ ოჯახის რჩენისთვის საჭირო ფინანსურ ხარჯებს ასე უკეთ უზრუნველყოფდნენ. ბავშვები რომ წამოიზარდნენ და აშკარა გახდა, განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო, ნანი თურქეთში წავიდა. იქ ღამეში 40 ხალიჩის გარეცხვა უწევდა. დიდი წონა დაიკლო, ფიზიკურად ვეღარ უძლებდა და ქვეყანაში დაბრუნება მოუწია. შვილი აღებულ ვალებს ვეღარ ისტუმრებდა, თავადაც გაუჭირდა სამსახურის შოვნა და ემიგრანტობის უმძიმესი გადაწყვეტილება მეორედ მიიღო - ამჟამად საბერძნეთში. უკვე 5 წელია იქაა. ერთადერთი რასაც ნატრობს - შვილიშვილებთან საუბარია. თუმცა, ყოფილი რძალი საუბრის საშუალებას არ აძლევს. მიზეზი სხვადასხვაა: ბავშვების ტელეფონი დაზიანებულია, მისი ტელეფონი კი არ უნდა ნანისთან საუბრისთვის გამოიყენონ; ნანი საკმარის ფულს არ გზავნის; ყოფილ მეუღლეზეა გაბრაზებული და არც მისი ოჯახის წევრებთან სურს კომუნიკაცია.
„ბავშვები მენატრებიან. ჩემი შვილიშვილებისთვის ტყვიას დავუდგები. სხვა არაფერი მინდა იმის გარდა რომ ბავშვებს დაველაპარაკო. მხოლოდ მაგაზე ფიქრი მაძლებინებს, რომ ბავშვებს კიდევ ვნახავ“.
აეროპორტი
ათენი-ქუთაისის რეისზე ორი ქალი ერთმანეთის გვერდით ზის. თეა პირველად ბრუნდება სამშობლოში 15 წლის შემდეგ. ამბობს რომ სანამ სახლში ყველაფერი ისე არ მოაწყო, როგორც უნდოდა, ათენიდან ვერ ჩამოვიდა. ქმარი სახლშია, წლებია არ მუშაობს. ფულის გამოგზავნას ხან ცოლისგან ელოდება, ხან - შვილისგან, რომელიც ასევე ემიგრაციაშია. თეას სახლში არ მიუხარია, შვილი არ დახვდება. შვილი, რომელიც წლებია არ უნახავს. ილუმინატორიდან ქუთაისი ჩანს. თეამ ხელჩანთიდან სავარცხელი ამოიღო, თმა შეისწორა, ტუჩზე საცხი განიახლა და გასასვლელისკენ გასწია. მერე რა, რომ აქ მასზე მეტად, მასზე ხშირად მის გამოგზავნილ ფულს ელოდებიან.
ისტორიები შეაგროვა თამარ კაპანაძემ.
თამარი #PHR-ში სამოქალაქო და ადმინისტრაციული ადვოკატის პოზიციაზე მუშაობს.
ისტორია მომზადდა პროექტ "გენდერული ძალადობის უხილავი ფორმების გამოვლენა შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების მიმართ", რომელსაც ახორციელებს #PHR-ი, “ქალთა ფონდი საქართველოში" და "Sida - შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს" მხარდაჭერით.