No one has ever become poor by giving

"ეს პატარა სახლი, სადაც მოხუც ბებოს ვუვლი, ჩემი ოცნებების სასაფლაოდ ვაქციე"

ავტორის წინასიტყვა

ქალებისთვის ემიგრაციაში წასვლის მიზეზი ხშირად ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა.  სწორედ ეს აიძულებს მათ ემიგრანტად ყოფნის ტვირთი საკუთარ თავზე აიღონ. 

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ქალები საკუთარი სურვილით იღებენ ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილებას, სინამდვილეში ეს არ არის მათი თავისუფალი არჩევანი. ნებისმიერ ალტერნატულ საშუალებას აირჩევდნენ და არა ოჯახისა და შვილების გარეშე ყოფნას, თუმცა ამ ალტერნატივას არც სახელმწიფოს სთავაზობს და ხშირად ოჯახშიც მათი წასვლა იმ დროსთვის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ საშუალებად მიიჩნევა .

2020 წლისთვის საზღვარგარეთ მყოფ ქართველ მიგრანტთა რაოდენობამ  მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 22%-ს შეადგინა [1].  ეს ციფრი მზარდია და ყოვეწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი ტოვებს საქართველოს მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომაროების გამო. არალეგალური ემიგრაცია ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის, დაბალანაზღაურებადი სამსახურის და უმუშევრობის შედეგია[2].

ფულადი გზავნილები არსებით როლს თამაშობს საქართველოში დარჩენილი მიგრანტების ოჯახების ცხოვრებაში და მათი ოჯახებისთვის სიღარიბის შემცირებისა და ცხოვრების ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით ძლიერ ინსტრუმენტს წარმოადგენს[3]. თუმცა ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება ძირითადად ქალი ემიგრანტების მძიმე შრომის და სამშობლოსგან შორს ყოფნის შედეგია.

ამ ბლოგით ერთი ქალის ამბავს გაგიზიარებთ, რომელიც  სხვა უამრავი ქალის მსგავსად, იძულებული გახდა ოჯახის სარჩენად ემიგრაციაში წასულიყო.

შრომით მიგრაციაში მყოფი ქალის ნაამბობი

რატომ გადავწყვიტე წასვლა:

„როცა ჩემი შვილების სკოლაში შესვლის დრო ახლოვდებოდა, გამალებით ვეძებდი სამსახურს, რადგან ჩემი ქმრის მცირე და არასტაბილური შემოსავლის გამო ბავშვები ნახევრად მშივრები მყავდნენ. ერთ საღამოს, როდესაც მეოთხე გასაუბრებიდან სახლში უარით დავბრუნდი (უარის მიზეზი მცირეწლოვანი შვილები იყო, რის გამოც მათზე მორგებულ გრაფიკის სამსახურს ვეძებდი) ჩემმა მეუღლემ შემომთავაზა საზღვარგარეთ ხომ არ წახვიდოდიო, მთელი საქართველო საზღვარგარეთ არის წასული და უკან არავინ ჩამოსულა, ესე იგი კმაყოფილები არიანო. ვუთხარი იქნებ შენ წახვიდე მეთქი, მაგრამ ძირითადად ქალები მიდიანო მიპასუხა. მე რომ წავიდე ხარჯი მეტი მექნება და ბევრს ვერაფერს გამოვაგზავნიო. შენ თუ წახვალ ოჯახში იმუშავებ, რასაც მოგიტანენ იმას შეჭამ, გადასახადების გადახდა არ მოგიწევს და შენი წასვლა უფრო გამოადგება ოჯახსო. დავთანხმდი და მეც სხვა ქალების მსგავსად წასასვლელი გზების მოძიება დავიწყე“.

სირთულეები:

თავდაპირველად არც იციან ქალებმა რამდენი სირთულის გადალახვა უწევთ უცხო ქვეყანაში. რამდენ უსამართლობას და გამოწვევას უნდა გაუმკლავდნენ.  როგორი სამსახური ექნებათ, როგორი ოჯახი შეხვდებათ, რამდენი იქნება მათი შრომის ანაზღაურება, რა პირობებში იცხოვრებენ და ყველაზე მთავარი -  როდის დაბრუნებიან საკუთარ ოჯახებში. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა მიდიან... მიდიან გაურკვევლობასა და უიმედობაში საკუთარი ოჯახების საკეთილდღეოდ.

„წასვლის გადაწყვეტილება თითქოს შეთანხმებულად მივიღეთ,  სინამდვილეში კი, ჩემმა ქმარმა არ დამიტოვა სხვა არჩევანი. ოჯახს ვერ ინახავდა და ვერც საზღვარგარეთიდან დაგეხმარებითო. ასე რომ იძულებული გამხადა ბავშვების კეთილდღეობისთვის ემიგრაციაში წავსულიყავი. 

წასვლიდან მალევე მივხდი რისთვის გამიმეტა ჩემმა მეუღლემ. უოჯახობისთვის და უსამშობლოებისთვის. ვერავინ ვერ მიხდება რის გადატანა გვიწევს ემიგრანტ ქალებს. როგორ ვუძლებთ იმ უსაშველო მონატრებას რომელიც გვტანჯავს, გვაცარიელებს და თითო დღე თითო იმედის გვიკლავს.“

დაკარგული ოცნებები

ეს პატარა სახლი, სადაც მოხუც ბებოს ვუვლი, ჩემი ოცნებების სასაფლაოდ ვაქციე.

ვოცნებობდი როგორ წავიყვანდი ჩემს შვილებს პირველად სკოლაში. ყვავილებს ვიყიდიდით მასწავლებლებისთვის, გამოვიპრანჭებოდი და ბედნიერი მივიყვანდი სკოლის კართან. ეს იყო პირველი ოცნება,  რომელსაც ემიგრაციაში ყოფნისას დავემშვიდობე.

კიდევ ვოცნებობდი შვილების აბიტურიენტობის პერიოდში მათ გვერდით ყოფნას. მილიონჯერ წარმოვიდგენდი როგორ ვგულშემატკივრობდი, ერთად როგორ დავსახავდით მიზნებს და როგორი ცხელი იქნებოდა ის ზაფხული როცა ეროვნული გამოცდებზე გასულებს გულის კანკალით დავლოდებოდი. ყველაფერმა რასაც ჩემს შვილებთან დაკავშირებით ვოცნებობდი უჩემოდ ჩაიარა. უცხო ქვეყანაში მყოფს, ჩემს საოცნებო ამბებს მოკლეტექსტური  შეტყობინებით მაგებინებენ“....

კანონს მიღმა დარჩენილები

უფრო რთულ პირობებში უწევთ ყოფნა იმ ემიგრანტებს, რომლებსაც მიმღებ ქვეყანაში ყოფნის ოფიციალური ნებართვა არ გააჩნიათ. ისინი მუშაობენ დაბალ ხელფასზე და ხშირად ცუდ პირობებში. ამაზე ვერც დაიჩივლებენ, რადგან დამსაქმებელი ჯახი აშინებს რომ პრეტენზიის შემთხვევაში, პოლიცია  საკუთარ ქვეყანაში დააბრუნებს.

ემიგრანტების უმრავლესობას არ აქვს საჭირო ინფორმაცია, არ იციან ვის მიმართონ მათი უფლებების დარღევევის შემთხვევაში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონი „შრომითი მიგრაციის შესახებ“ არეგულირებს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაქმების საკითხებს კანონი არცთუ ისე მორგებულია ემიგრანტის უფლებებზე და საჭიროებებზე. ასევე, ამ კანონის შესახებ ემიგრანტთა უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია. სახელმწიფოსგან მივიწყებულები ხშირდა ბედის ანაბარა არიან დარჩენილები და მათი მდგომარეობა იმაზეა დამოკიდებული თუ როგორი ოჯახი ან სამუშაო პირობები შეხვდებათ. 

გამოწვევები

შრომით მიგრაციაში მყოფი ქალებისთვის არსებულ გამოწვევებს შორის ერთერთი ყველაზე მწვავე გამოწვევა ენობრივია ბარიერია. ეს მათ არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს.

ენის არ ცოდნის გამო ისინი თანხმდებიან არაპროპორციულად დაბალ ანაზღაურებას. ასევე მათ არ შეუძლიათ დაამყარონ სათანადო კომუნიკაცია გარშემომყოფებთან. ემიგრანტებს არ აქვთ სათანადო სამედიცინო სერვისებზე წვდომა.

ეს და სხვა სირთულეები ემიგრანტის ოჯახში დარჩენილი კაცებისთვის ზოგჯერ უცნობი და ხშირად უმნიშვნელოა. ოჯახის წევრებს შორის ნელ-ნელა იწყება გაუცხოვება და ემიგრანტი ქალის ძირითადი როლი უცხოური ვალუტის გამოგზავნაა, რომელსაც საქართველოში რაც შეიძლება მაღალი კურსით ახურდავებენ.

„სუსტი სქესი“

„თითქოს ჩემსავით არ განიცდიან ამ სიშორეს და ბავშვებიც ცოტა არ იყოს მიეჩვივნენ უჩემობას. ოჯახს რომ ვქმნიდი მეგონა მე და ჩემი მეუღლე ერთად ვიზრუნებდით ბავშვებზე და გადავინაწილებდით ოჯახურ ვალდებულებებს. უცხო ქვეყანაში გადახვეწისას მივხდი, რომ მან რაღაც უფრო ცუდისთვის გამიმეტა ვიდრე წარმომედგინა. ამიტომ ოცნებები მასთან ერთად თითქმის არ მქონია. ამაში თავადაც შემიწყო ხელი. თავს ისევ ჩემი შვილებით ვიმხნევებდი. ვიჯერებდი რომ ემიგრაციაში მათ საკეთილდღეოდ წამოვედი, თუმცა არ ვიცი რა მივეცი უდედობის სამაგიერო?!..

„ვერასდროს ვიტანდი ნათქვამს ქალები სუსტი სქესის წარმომადგენლები არიანო.  ემიგრაციაში ყოფნით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ქალების სიძლიერესა და გამბედაობაში. ვერ წარმოიდგენთ სახლში თბილად და უსაფრთხოდ დარჩენილი კაცები ეს „სუსტი სქესის“ წარმომადგენლები როგორ ვუმკლავდებით უოჯახობას, უსამშობლოსას,  უსამართლობას და ემიგრანტად ყოფნის გამო არსებულ სირთულეებს.  აქ ხშირად უპატივცემულოდ გექცევიან. არ გთვლიან თანასწორად და პატივისცემის ღირსად. უკვირთ ნუთუ შენს ქვეყანაში არ მოიძებნა სამსახური რომ იძულებული არ გამხდარიყავი ყველაფერი დაგეტოვებინაო. ერთი ადამიანისთვის ძალიან ბევრია რასაც აქ ვიტანთ. რას ვუძლებთ ქალი ემიგრანტები.

„ემიგრანტად ყოფნა ჩემთვის გაუსაძლისი ნოსტალგიაა, ჩემი მეუღლისთვის კი თითქოს ჩვეულებრივი ამბავი. ვიდრე წამოვიდოდი ცოტას მაინც ცდილობდა  მუშაობას. რაც წამოვედი სულ უმუშევარია და მთელი ოჯახის შენახვა აქედან მიწევს.  რამდენჯერმე ვუთხარი იქნებ სამსახური დაიწყო და დავბრუნდე საქართველოში ან  ჩამოვალ და ერთად მოვიფიქროთ რამე-თქო და მიპასუხა რომ ჩამოხვიდე აქ რა უნდა გააკეთო?

ეს სიტყვები ყველაზე დიდ უიმედობაში მაგდებს. თითქოს ფულის საშოვნელ ობიექტად ვიქეცი.  თითქოს ჩემს ქვეყანაში და ოჯახში არანაირი როლი აღარ მაქვს გარდა ყოველი თვის ბოლოს გამომუშავებული თანხის სრულად საქართველოში გამოგზავნისა“.

ძალადობის ფარული ფორმები

სამწუხაროდ, ემიგრანტი ქალების მიმართ ფარული ძალადობა საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრების მხრიდან არცთუ ისე იშვიათია.

შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების მნიშვნელობას ოჯახში ხშირად აკნინებენ და აგრძნობინებენ, რომ დაბრუნების შემთხვევაში აღარ ექნებათ წასვლამდე არსებული როლი. ამ გზით ეუბნებიან, რომ უნდა დარჩნენ უცხო ქვეყანაში და აგზავნონ გამომუშავებული თანხა.

დროთა განმავლობაში ოჯახებში თანხის გამოგზავნა მათი ერთადერთი ფუნქცია ხდება და ქალი როგორც დედა, როგორც მეუღლე,  შვილი, მეგობარი,  თანდათან დავიწყებას ეძლევა და რჩება მხოლოდ ქალი ემიგრანტი ოჯახის რჩენის ტვირთით, განუზომელი სევდით და ნოსტალგიით..

 

შრომით მიგრაციაში მყოფ ქალს ესაუბრა და ისტორია მოამზადა თამარ გაბოძემ.

თამარი PHR-ში სისხლის სამართლის ადვოკატის პოზიციაზე მუშაობს.

 

ისტორია მომზადდა პროექტ "გენდერული ძალადობის უხილავი ფორმების გამოვლენა შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების მიმართ", რომელსაც ახორციელებს #PHR-ი, “ქალთა ფონდი საქართველოში" და "Sida - შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს" მხარდაჭერით.



[1] UN DESA, „საერთაშორისო მიგრანტების რაოდენობა (stock) 2019, 2020 წლების მდგომარეობი

[2] (OECD და CRRC – საქართველო, 2017 წ.)

[3]  (SCMI, 2016 წ., გვ. 13– 16).