No one has ever become poor by giving

შესავალი

პირველად სიტყვა „ემიგრანტი“ ბავშვობაში გავიგე, როცა 10 წლის ვიყავი. მაშინ საქართველოდან ქალები ძირითადად თურქეთში მიდიოდნენ სამუშაოდ. საქართველოდან მიჰქონდათ სხვადასხვა ნივთები, მერე  ამ ყველაფერს ცვლიდნენ, ხან ყიდიდნენ და ყიდულობდნენ საჭირო ნივთებს. ხშირად თვეობით უწევდათ დარჩენა უცხო ქვეყანაში. როცა ბრუნდებოდნენ, ძალიან მიყვარდა მათი ისტორიების მოსმენა. მახსოვს, ჩვენც ვაბარებდით ხოლმე მეზობელ ქალებს თურქეთიდან ძირითადად ტანსაცმლის  ჩამოტანას. ეხლაც მახსოვს დედაჩემის ტყავის „კურტკის“ სუნი, ჩემი ბოტასები, რომელიც მართალია ცოტა პატარა მქონდა, მაგრამ ვამბობდი, რომ თურქეთიდან ჩამომიტანეს.

მაშინ, ჩემს ბავშვობაში, „ემიგრანტობა“ ასოცირდებოდა განსხვავებულ ტანსაცმელთან, უფრო მეტ საჭმელთან, უგემრიელეს შოკოლადებთან, ბინების რემონტთან, ცეკვის  გაკვეთილების და „ფორმების“ გადასახადთან, განსხვავებულ საოჯახო ნივთებთან, თქვენ წარმოიდგინეთ   ე.წ “ფანართან“, რომელსაც აუცილებლად რადიოს ფუნქციაც ჰქონდა და იმდროინდელ უშუქობაში ფუფუნების და გართობის საგნადაც კი იყო მიჩნეული.

ჩვენ, ბავშვებს, ხშირად გვეხარბებოდა, როცა გვეუბნებოდნენ: „ეს გამოგვიგზავნეს თურქეთიდან, ეს საბერძნეთიდან, ეს იტალიიდან“. თუ ამერიკას იტყოდნენ მანდ უკვე სხვა სამყაროს წარმოვიდგენდით. ხშირად მიფიქრია, ნეტა მეც მყავდეს ვინმე „ემიგრაციაში“ და მეც მიგზავნიდეს ამ ყველაფერს. ვერაფრით ვერ მესმოდა, როცა სინანულით საუბრობდნენ ამა თუ იმ ნაცნობ/მეზობლის სხვა ქვეყანაში დიდი ხნით სამუშაოდ   წასვლის შესახებ.

შრომით ემიგრაციაში მყოფი ქალების ისტორიები

ნინო*

ბავშვობაში ხშირად მესმოდა, როგორ საუბრობდნენ მეზობლები ნინოს შესახებ. ორი წლის წინ წავიდა იტალიაში და მას თურმე „კარგი ოჯახი“ ვერ შეხვედრია. საშინლად ამცირებდნენ, იმის გამო რომ ორი წელია მათთან მუშაობს და ენაც კი ვერ ისწავლა. ნინოს სამსახურიდან წასასვლელი არსად ჰქონდა, მის გამოგზავნილს საქართველოში ელოდა: მოხუცი დედ-მამა, 3 შვილი, ქმარი, დედამთილი, მამამთილი, მამამთილის დედა. ისე გავიზარდე, ის ჩამოსული არასდროს მინახია.

ლალი

მესმოდა როგორ საუბრობდნენ ლალიზე. ლალი  ლამაზი, ლურჯთვალება, ძალიან მხიარული ქალი იყო. ძალიან გვიყვარდა ბავშვებს მის ოჯახში მისვლა. ისეთ თემებზე გველაპარაკებოდა გარდატეხის ასაკში, რაზეც სხვისგან არასდროს მოგვისმენია.  ერთ დღეს ისიც ემიგრაციაში წავიდა. საქართველოში მას ელოდნენ ორი შვილი, ქმარი, რძალი, დედა. ყველას მისი დიდი იმედი ჰქონდა. ათი წლის მერე დაბრუნდა და ვნახე სრულიად სხვა ქალი. დაღლილი, მობერებული, დარდიანი,  ლურჯთვალება ოღონდ “ვიღაც სხვა“. ის 30 წელია ემიგრაციაშია. მის გამოგზავნილს 30 წელია ელოდება ოჯახი.

სალომე

მესმოდა, როგორ საუბრობდნენ მეზობლები სალომეზე. მას ძალიან უჭირდა. უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდნენ. თითქმის მშივრები. ხშირად მინახავს ატირებული. ის წავიდა 25 წლის წინ. მის გამოგზავნილს საქართველოში ელოდა: ერთი შვილი, ქმარი, დედამთილი, მამამთილი. მახსოვს, ქმარი ამაყობდა  ევროპული სასმელებით, რომელსაც არ ვიცი როგორ აგზავნინებდა, მაგრამ მას სულ ჰქონდა, შვილი ისევ მშიერი იყო... მერე ქმარი დაიჭირეს  და აღარც გამიგია მისი ამბები. უვიზო მიმოსვლისთანავე შვილი დედასთან წავიდა. სალომე არასდროს აღარ ჩამოსულა.

მარიამი

მახსოვს, როგორ საუბრობდნენ მარიამზე, მის გამოგზავნილს საქართველოში ელოდა შვილი, ქმარი, დედა, დედამთილი, მამამთილი და დედამთილის. მარიამს გაუმართლა, „კარგი ოჯახი“ შეხვდაო, ასე ამბობენ.  15 წელი იმუშავა იმ ოჯახში, მაგრამ საბუთები ვერ გააკეთა და საქართველოში ვერ მოახერხა ჩამოსვლა. ენაც კარგად ისწავლა და ანაზღაურებაც კარგი ჰქონია, მაგრამ შიშები დაეწყო, ვერაფერმა ვერ უშველა და  დამქირავებელი ოჯახიც იძულებული იყო გაეშვაო. საქართველოდან ქმარი ურეკავდა არ ჩამოხვიდე აქ, ვერც გიმკურნალებ, მანდ დაწვე ქუჩაში ჯობია, ვიღაც მოგხედავსო.

თამრიკო

მესმოდა, როგორ საუბრობდნენ თამრიკოზე, რომლის გამოგზავნილ ფულსაც შვილები და ქმარი ელოდნენ. თუ ფულის გამოგზავნა დააგვიანდებოდა, შვილებს ხან რა მიზეზით, ხან რა მიზეზით არ ალაპარაკებდნენ. თამრიკო საქართველოში 12 წლის შემდეგ დაბრუნდა, შვილები უკვე დიდები იყვნენ, მაგრამ თითქოს შეუცვალესო, დედას აღარ შეხვედრიან. თამრიკო დღესაც შორიდან უყურებს მის შვილებს.

უსახელო ქალი

მესმოდა საუბრები ვიღაც ქალზე, რომელსაც ქმარი სულ შეურაცხყოფას აყენებდა და ემიგრაციაში წასვლამ „გადაარჩინაო“. მას შვილი არ ჰყავდა, არასდროს აღარ ჩამოსულა საფრანგეთიდან.

ბავშვობის მერე

ამ ისტორიების ფონზე, მიგრაცია წლიდან წლამდე მზარდია ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით ეს შესამჩნევი გახდა ბოლო წლებში. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA)  2022 წლის  ანგარიშის[1] თანახმად ემიგრანტების რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია და უმრავლესობას ისევ  ქალი ემიგრანტები წარმოადგენენ.

რაც უფრო ვიზრდებოდი, ხშირად ვკითხულობდი მსგავს და თითქმის იდენტურ ისტორიებს ლელაზე, მაიკოზე , მანანაზე, ირმაზე, ხათუნაზე... ხშირად იყო ისტორიები: ქმარმა შვილი წაართვა, ქონება გაუყიდა, სახლიდან გამოაგდო, უკრძალავს დარეკვას და ბავშვთან ლაპარაკს, აგინებს, ატირებს, ბავშვებს არ აჩვენებს. მივხვდი, რომ ემიგრაცია ზოგისთვის ტანჯვა, ზოგისთვის შვილების დაკარგვა, ზოგისთვის სიცოცხლის ფასი, მონატრება, ტკივილი, სიმწარე, დაცემამდე მუშაობა, უძილობა, შიმშილი და ზოგჯერ ფიზიკურად გადარჩენაც კი იყო. მიმზიდველმა ბავშვობის ფრაზებმა „ეს იტალიიდან ჩამომიტანეს“,“ „ეს საფრანგეთიდან ჩამომიტანეს“, “ეს ამერიკიდან გამომიგზავნეს“ დაკარგა ძალა და მოიტანა თანაგრძნობა და ტკივილი.

აქვე  უნდა აღინიშნოს, რომ  სავიზო რეჟიმის გაუქმებამ  და იაფმა ფრენებმა ხელი შეუწყო და შვება აგრძნობინა წლობით ემიგრაციაში მყოფ ემიგრანტებს და მათ ოჯახის წევრებს. ისინი ახერხებენ ოჯახებში ჩამოსვლას , მონატრებული  და წლობით უნახავი ოჯახის წევრების ნახვას. სამწუხაროდ, საქართველოს მწვავე  სოციალური ფონიდან გამომდინარე, მათ ისევ უწევთ ემიგრაციაში დაბრუნება.

30 წლის წინანდელი ემიგრაციის მიზეზებიც რიგ შემთხვევაში უცვლელია. მათ გამოგზავნილს დღემდე ელოდებიან საქართველოში....


ნანა აბაშიძის ბლოგი.

ნანა PHRის ადმინისტრაციული მენეჯერია.

ისტორია მომზადდა პროექტ "გენდერული ძალადობის უხილავი ფორმების გამოვლენა შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების მიმართ", რომელსაც ახორციელებს #PHR-ი "ქალთა ფონდნი საქართველოში" და "Sida - შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს" მხარდაჭერით.