No one has ever become poor by giving

წინა ისტორია  

2023 წლის 4 ივლისს, ალტ-ინფოს ერთ-ერთმა წევრმა, სოციალური პლატფორმის მეშვეობით, განათავსა დამონტაჟებული ვიდეო რგოლი. მასში გამოყენებული იყო სიძულვილის ენა და შეიცავდა ბავშვის მიმართ ძალადობის მოწოდებას, პირადი ცხოვრებისა და სხვა უფლებების დარღვევას.

ვიდეოს განთავსების შემდეგ, ძალადობის მოწოდება გავრცელდა როგორც ბავშვზე, ასევე დედაზე - რომლის ჟურნალისტური საქმიანობა ალტ-ინფოს მხრიდან განსაკუთრებული თავდასხმის ქვეშ მოექცა. ვიდეო რგოლს ჰქონდა უამრავი ნახვა და გაზიარება. დედა-შვილი ძალადობის სამიზნე გახდა. მოწოდებებს ჰქონდა გენდერული ძალადობის შინაარსი, რომელიც დედა-შვილს აზიანებდა. გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის და დედის მიმართ ძალადობის მოწოდება განხორციელდა 8 ივლისის ძალადობრივი ქმედებების წინა დღეებში რითაც გაორმაგებული საფრთხე შეუქმნა მათ

მიუხედავად დედის მხრიდან პოლიციისადმი არაერთი მიმართვისა, მიეღოთ მყისიერი და ადეკვატური ზომები და დაეცვათ ბავშვი საჯარო აგრესიისა და შეურაცხყოფისგან, შსს-მ არ იმოქმედა კანონის შესაბამისად, რის შედეგადაც გაიზარდა ბავშვსა და დედაზე ძალადობის საფრთხე.

ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე დღეში, #PHR-ი საქმეში ჩაერთო და მიმართა, როგორც შსს-ს ისე სხვა უწყებებს, ბავშვის და ქალის ძალადობისგან დაცვის მიზნით. თუმცა, ვინაიდან  მათი მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ განხორციელებულა, 13 ივლისს #PHR-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა ბავშვის და დედის დაცვის მიზნით დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.

პროცესამდე

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 20 ივლისს 14:00 საათზე ჩაინიშნა. სასამართლოს ეზოში, ალტ-ინფოს ათეულობით მხარდამჭერი იდგა და ელოდა სასამართლო პროცესის დასრულებას.

დაახლოებით 13:30-ზე PHR-ის 4 იურისტი უკვე სასამართლოს შენობაში იყო და ელოდნენ პროცესის დაწყებას. ალტ-ინფოს მხრიდან სავარაუდო ძალადობის პრევენციის მიზნით, ადვოკატებს მიმართული ჰქონდათ შსს-თვის, პროცესის განმავლობაში მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

გამომდინარე იქიდან, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხებოდა, პროცესი დაიხურა.  პროცესი დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება მომდევნო დღისთვის გადადო.

რა გადაწყვიტა სასამართლომ?

მოსამართლემ გაითვალისწინა PHR-ს ადვოკატების პოზიცია, რომ ბავშვის გამოსახულების გამოყენება ძალადობრივი შინაარსის ვიდეოში არღვევდა მის პირადი ცხოვრების და უსაფრთხოების უფლებას და ბავშვს აქცევდა ძალადობის სამიზნედ.

მოსამართლე ნათია ბუსკაძის გადაწყვეტილებით, მოძალადის მიმართ, ბავშვთან მიმართებაში, გამოიცა დამცავი ორდერი 9 თვის ვადით.

სასამართლომ დამცავი ორდერით მოძალადეს მიმართ დაადგინა შემდეგი:

·   აეკრძალოს ხ.ჯ.-ს (მოძალადე) ბავშვის (მსხვერპლის) გამოსახულების გამოყენება და გავრცელება

·     აეკრძალოს ხ.ჯ.-ს (მოძალადე), ყველა სახის მედია საშუალებების (მათ შორის - სოციალური მედიის) და სოციალური ქსელების გამოყენებით, ბავშვის (მსხვერპლი) შესახებ საუბარი.

სასამართლომ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით ასევე აღნიშნა, რომ ორდერი გამოცხადებისთანავე შედის ძალაში და მისი გასაჩივრება არ აჩერებს დამცავი ორდერის მოქმედებას. ხოლო ორდერის დარღვევა ისჯება სისხლის სამართლებრივი წესით.

რატომ არის აღნიშნული გადაწყვეტილება პრეცედენტული?

უნდა აღინიშნოს, რომ ეს დამცავი ორდერი არის პრეცედენტი, როდესაც - სასამართლომ ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ადამიანზე, სოციალური ქსელის და მედიის სხვა საშუალებით გამოხატული სიძულვილის ენა, ბავშვის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გამოყენება, ძალადობისკენ მოწოდება და მძიმე ფორმის ვერბალური აგრესია, მიიჩნია ფსიქოლოგიურ ძალადობად და კანონით დადგენილი დაცვის მექანიზმი აამოქმედა.

სასამართლომ ეს მოვლენები განიხილა შემდეგი კანონებისა და კონვენციების დარღვევად: 

  • გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“;
  • „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია;
  • საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“. 

სასამართლომ დეტალურად იმსჯელა, თუ რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს ბავშვის წინაშე და განიხილა, რატომ წარმოადგენს მოძალადე პირის მხრიდან ჩადენილი ქმედება ბავშვისთვის საფრთხის შექმნას, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურად.

სასამართლომ დეტალურად განიხილა თუ რას ნიშნავს სოციალურ ქსელში ბავშვის მიმართ ჩადენილი აგრესია და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას, ამ მსჯელობაში იგი დაეყრდნო ადამიანის უფლებათა ევროპული ასამართლოს გადაწყვეტილებას:

„სასამართლო მიუთითებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (საქმე ი.ვ.ტ. რუსეთის წინააღმდეგ 35582/15), რომელშიც განიმარტა, რომ არასრულწლოვანზე ინფორმაციის გამჟღავნება უფრო მძიმე გავლენას ახდენს ბავშვის კეთილდღეობასა და ღირსებაზე, ვიდრე უფროსების შემთხვევაში. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სოციალური ქსელის არსსა და დანიშნულებაზე. „სოციალური ქსელი არის პლატფორმა, გამიზნული ონლაინ სოციალური კავშირის შესაქმნელად იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც აქვთ საერთო ინტერესები, საქმიანობის სფერო, ჰობი ან რეალური, ცხოვრებისეული კავშირი (ოჯახური, ნათესაური, სამსახურებრივი და ა.შ). თითოეული სოციალური ქსელი შედგება მომხმარებლის წარმომადგენლობისაგან (ე.წ „პროფაილი“), მისი კავშირებისა და დამატებითი სერვისებისაგან. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პოპულარული სოციალური ქსელი არის „ფეისბუქი“, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მომხმარებელს აერთიანებს.“

 

სასამართლომ ასევე სიღრმისეულად განიხილა, რატომ არის პირი პასუხისმგებელი სოციალურ ქსელში მის გვერდზე, თუნდაც სხვების მიერ გამოყენებულ სიძულვილის ენაზე:

„სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, სანჩესი საფრანგეთის წინააღმდეგ, რომლითაც სასამართლომ დაადგინა, რომ ,,ფეისბუქის“ მომხმარებელი პასუხისმგებელია მის გვერდზე დატოვებული სიძულვილის ენის შემცველ კომენტარებზე. სასამართლოს მოსაზრებით, ჯ. სანჩესის პასუხისმგებლობა გამოიხატებოდა იმაში, რომ შეტყობინებისთანავე არ წაშალა არაკანონიერი კომენტარები, მიუხედავად იმისა, რომ კანონი მას მიიჩნევდა „ავტორად“."


სასამართლომ არა მხოლოდ განმარტა თუ  რას ნიშნავს გენდერული როლები, არამედ იმსჯელა იმაზეც თუ როგორ ხდება გენდერული სტერეოტიპების გამო ქალების და გოგონების ჩაგვრა, მათ შორის სოციალურ სივრცეში:

„ „გენდერული“ გულისხმობს სოციალურად დაკავშირებულ როლებს, ქცევებს, საქმიანობას და მახასიათებლებს, რომლებსაც მოცემული საზოგადოება ქალისა და მამაკაცისთვის შესაფერისად მიიჩნევს:
„ქალთა მიმართ გენდერული ძალადობა გენდერული ნიშნით“ გულისხმობს ქალის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას იმის გამო, რომ ის ქალია ან, რომელიც არათანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე."


სასამართლომ აგრეთვე მიუთითა, თუ რატომ ხვდება ქალებისა და გოგონების მიმართ სოციალურ ქსელში ძალადობა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში:

„2017 წლის 1 ივნისიდან ამოქმედებული ცვლილებების თანახმად, კანონის დაცვის სფეროში მოექცა გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის მსხვერპლი ქალი, მიუხედავად იმისა, თუ სად ხდება ძალადობა - საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. ცვლილება შევიდა როგორც კანონის სათაურში, ისე მის ყველა იმ მუხლში, რომლებშიც მოხსენიებულია ტერმინი „ოჯახური ძალადობა“ და აღნიშნული ტერმინი ჩამოყალიბდა როგორც „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“, რაც გულისხმობს ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას, რომლის დროსაც ქალი დაცულია არა მხოლოდ ოჯახურ სივრცეში, არამედ ოჯახის მიღმა."

სასამართლო აღნიშნავს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს უშუალოდ ბავშვის მოსმენას და მონაწილეობას პროცესში და ბავშვის ამ უფლების დასაცავად, რა ღონისძიებები განახორციელა მოსამართლემ, თან იმგვარად, რომ ბავშვს მეორადი ტრავმა არ მიეღო მართლმსაჯულებაში მონაწილეობაში.

სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს თავის მსჯელობაში იმასაც, რომ მოძალადემ ბავშვის გამოსახულება გამოიყენა LGBT თემის საწინააღმდეგო კონტექსტში, რამაც ბავშვის მიმართ აგრესია გამოიწვია. სასამართლომ ფაქტობრივად დაადგინა, რომ მოძალადემ მოახდინა LGBT საკითხის იარაღად გამოყენება.

ამ და სხვა გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლომ გადაწყვეტილება ბავშვის საუკეთესო ინტერესის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის და ძალადობისგან დაცვის სასარგებლოდ გამოიტანა..

მოსამართლე ნათია ბუსკაძე, თბილისის საქალაქო სასამართლო.

#PHR გააგრძელებს აღნიშნულ საქმეზე მუშაობას.

საქმეზე მუშაობდნენ ადვოკატები: ანა არგანაშვილი, თამარ გაბოძე, ანა თავხელიძე, თამარ კაპანაძე, სოფიკო მენაბდიშვილი. 


სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება შემდეგი პროგრამების ფინანსური მხარდაჭერით: 

გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში -  UN Joint Programme for Gender Equality in Georgia (UNJP4GE) რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით;

RFSU (Swedish Association for Sexuality Education);

USAID/Georgia სამართლის უზენაესობის პროგრამა.