No one has ever become poor by giving

თქვენ უკვე იცნობთ 11 წლის ანას*, გოგოს, რომელიც ადვოკატობაზე და თანატოლი გოგოების გაძლიერებასა და დაცვაზე ოცნებობს. მას უკვე ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და ჩვენც მუდმივად ვაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას ანას საქმის მიმდინარეობის შესახებ.

ანა ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია, ვისზეც მამინაცვალი სამი წელი სექსუალურად ძალადობდა, სცემდა, აუპატიურებდა, ემუქრებოდა.

ამ უმძიმესი გარემოებების მიუხედავად, სასამართლომ, სადაო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოძალადის მიმართ  სასჯელის დანიშვნისას გამოიყენა შემამსუბუქებელი გარემოება.

სირთულეები, რომლებსაც ანა ძალადობის ამ ფაქტების მიღმა გაუმკლავდა

მოძალადის დაკავების შემდეგ ანა სასამართლო გადაწყვეტილებით განცალკევდა ოჯახიდან (ძალადობა ოჯახში ხდებოდა). რამდენიმე დღის შემდეგ ანასთან დედა მივიდა და სთხოვა მოძალადის წინააღმდეგ ჩვენება არ მიეცა. მოძალადე დედის მეგობარი მამაკაცი იყო.

ანასთვის ეს იყო უმძიმესი გადასატანი და გასააზრებელი, როდესაც საკუთარმა დედამ მოძალადის წინააღმდეგ ჩვენების არ მიცემა სთხოვა.

ამ პერიოდში ანას PHR-ი იცავდა.

PHR-ში აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოვახდინეთ რეაგირება. შევატყობინეთ სამართალდამცავ ორგანოებს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, დედის მიმართ გამოვაწერინეთ შემაკავებელი ორდერი.

ანამ კვლავ მოიკრიბა ძალები და რიგით მეორე სისხლის სამართლის საქმეში ჩავერთეთ.

დაიწყო გამოძიება. ბავშვი სევდიანი უყვებოდა გამომძიებელს თუ როგორ სთხოვდა დედა ჩვენების შეცვლას. მისთვის მართლმსაჯულებაში ჩართვა ისედაც სირთულე იყო  ასაკის და საქმის გარემოებების გათვალისწინებით. ანა გახდა მშობლისგან ზემოქმედების მსხვერპლი მოწმედ ყოფნის გამო.

პროკურატურამ ბავშვი დაზარალებულად სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით [გამოსაკითხი პირისადმი, მოწმისადმი, დაზარალებულისადმი, ექსპერტისადმი ან თარჯიმნისადმი მიმართვა ან მისი დაყოლიება, შესაბამისად, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ან ყალბი დასკვნის მიცემისათვის, ან ინფორმაციის მიწოდებაზე ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ანდა არასწორად თარგმნისათვის, ან მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ან მიცემული ჩვენების ან დასკვნის შეცვლისათვის] გათვალისწინებული დანაშაულის გამო.

საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა ანას ფსიქოლოგი, რომელმაც განმარტა, რომ როდესაც დედა სკოლაში ბავშვთან მივიდა, ანამ მას [ფსიქოლოგს] ძლიერად მოუჭირა ხელი და სთხოვა არ დაეტოვებინა დედასთან მარტო, რადგან წინა დღეს უკვე ჰქონდა დედას ნათხოვნი მოძალადის წინააღმდეგ ჩვენების არ მიცემა. ბავშვმა იცოდა რომ დედამ იგივე მიზეზით მოინახულა.

მტკიცებულებების მოგროვების შემდეგ საქმე განსახილველად გადაეცა სასამართლოს, სადაც დედამ დანაშაული აღიარა და მტკიცებულებები არ გახადა სადაოდ ანუ უარი განაცხადა მოწმეთა დაკითხვაზე და მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

მოსამართლემ კი ისე რომ არ მოუსმინა დაზარალებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს, დაასრულა საქმის წარმოება.

მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, მხარეების მიერ მტკიცებულებების არასადაოდ გახდის შემთხვევაში საქმის არსებითად განხილვა აღარ ხდება, მიგვაჩნია რომ მოსამართლეს ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით უნდა მოესმინა მისთვის, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება გავლენას ახდენს ბავშვზე და მას ჰქონდა უფლება და ინტერესი  სასამართლოში დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია.

გაუპატიურების მსხვერპლ ბავშვზე დედის მხრიდან ზეგავლენისთვის სასამართლომ ადეკვატურ სასჯელად ერთი წელი პირობითი მსჯავრი მიიჩნია.

პროკურატურა სასამართლო გადაწყვეტილებას სასჯელის ნაწილში გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში, სადაც PHR  როგორც დაზარალებულის ადვოკატი წარადგენს საკუთარ პოზიციას.

საქმეზე  მუშაობს PHR -ის იურისტი თამარ გაბოძე

*სახელი შეცვლილია. 

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education)  მხარდაჭერით.