2023 წლის 17 ივნისს, PHR-ის წარმომადგენლებმა იმერეთის რეგიონში, ქალაქ ბაღდათში, კოლეჯ „იბერიაში” სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს თემაზე - „შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების უფლებები“.
შეხვედრის დროს PHR-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების უფლებების შესახებ, ასევე ისაუბრეს ძალადობის ფარულ ფორმებზე, ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმებზე. შეხვედრის განმავლობაში, ასევე ისაუბრეს კვლევაზე, რომლის მიზანიცაა ძალადობის ფარული ფორმების გამოვლენა შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების მიმართ და რომელიც PHR-მა 2023 წლის გაზაფხულზე ჩაატარა. კვლევა უახლოეს მომავალში იქნება მისაწვდომი ჩვენს ვებგვერდზე.
მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ შეხვედრაში და არაერთი პრობლემური საკითხის შესახებ ისაუბრეს. სკოლის მოსწავლეებმა ასევე ბევრი კითხვა დასვეს საკუთარი უფლებების შესახებ.
როგორც წინა, ასევე ამ შეხვედრის მსვლელობისასაც აღინიშნა, რომ იმერეთის რეგიონიდან ბევრი ქალი იმყოფება შრომით მიგრაციაში და ემიგრანტი ქალთა უფლებების დაცვის საკითხი საკმაოდ აქტუალურად დგას.
შეხვედრას 7 მონაწილე დაესწრო. ეს უკვე მესამე შეხვედრა იყო შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების უფლებების შესახებ, რომელიც PHR-ის წარმომადგენლებმა გამართეს.
შეხვედრა პროექტ "გენდერული ძალადობის უხილავი ფორმების გამოვლენა შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების მიმართ" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ახორციელებს PHR-ი, “ქალთა ფონდი საქართველოში" და "Sida - შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს" მხარდაჭერით.