No one has ever become poor by giving

მოკლე მიმოხილვა

PHR გიყვებოდათ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი ქალის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შესახებ წაიკითხეთ აქ

როგორ გაგრძელდა

2022 წლის 29 მარტს პროკურატურამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა PHR-ის მოთხოვნა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფი ქალის, თამარის*, დაზარალებულად ცნობაზე და თამარი მხოლოდ ძალადობის ფაქტზე სცნო დაზარალებულად. ორგანიზაცია ქალის მსხვერპლად აღიარებას ითხოვდა დამამცირებელი მოპყრობისა და სექსუალური ძალადობის მუხლით.

ძალადობა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში

თამარის მიმართ არასათანადო მოპყრობაში ფსიქიატრიული დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, 2023 წლის 12 აპრილს პროკურორმა ბრალდება მხოლოდ ერთ თანამშრომელს, სანიტარს წარუდგინა.

სანიტარმა, მაშინ როდესაც თამარის მხრიდან არ არსებობდა საკუთარი თავის  ან სხვა პირების მიმართ ზიანის მიყენების საფრთხე, თანამშრომლებთან ერთად, თვითნებურად შებოჭა იგი.

შებოჭვის დროს სანიტარმა რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა ხელი თამარს ზურგის მიდამოში, შემდეგ კი ძირს დავარდნილ ქალს ორივე ფეხით დაადგა ფეხებზე, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

რა დაადგინა სასამართლომ?

2023 წლის 24 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე. პროკურორი ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით 4000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას. სასამართლომ ბრალდებულ სანიტარს  1000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

PHR განაგრძობს ქალის ინტერესების დაცვას და ითხოვს გამოძიებამ სრულყოფილად შეაფასოს ქალის მიმართ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განხორციელებული უფლებების დარღვევა, მათ შორის დაწესებულების დატოვების უფლების უკანონოდ შეზღუდვა და სექსუალური ძალადობა.

საქმეზე მუშაობს PHR-ის იურისტი, ანა თავხელიძე. 

*სახელი შეცვლილია პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით.


სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება RFSU (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.