No one has ever become poor by giving

ანას* ამბავი ხომ გახსოვთ, 11 წლის წლის გოგო, რომელიც ადვოკატობაზე ოცნებობს და  საკუთარი და თანატოლი გოგოების უფლებების დაცვა და გაძლიერება უნდა.

ანამ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დავა მოუგო.

როდესაც 11 წლის ანას მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, იგი სასამართლო გადაწყვეტილებით, მშობლისგან განცალკევდა და  სახელმწიფო ზრუნვაში გადავიდა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, მანამდეც ამუშავებდა ანას პერსონალურ მონაცემებს, რადგან იგი  რეინტეგრაციის პროგრამაში იყო.

ანამ სააგენტოს წერილი მიწერა და მის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ითხოვა.  ბავშვმა ინფორმაციის გაგზავნა  მისი ადვოკატის მისამართზე მოითხოვა. ანას უფლებებს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით სასამართლოში PHR-ი იცავს. 

ზრუნვის სააგენტომ ანას მასალების არ გადასცა.

სააგენტოდან მიღებული უარის შემდეგ, ანამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა და მის მიმართ მასალების გადაცემაზე უარის კანონიერების შემოწმება მოითხოვა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, საქმის შესწავლის შემდეგ,  ზრუნვის სააგენტო სამართალდამრღვევად ცნო.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ორდერის საფუძველზე ბავშვის უფლებებს იცავდა სასამარლოში და საგამოძიებო ორგანოში და ეს სააგენტოსთვის ცნობილი იყო. რის გამოც მასალების ადვოკატების მისამართზე არ გაგზავნამ, ხელი შეუშალა ანა უფლებების და ინტერესების დაცვას.

ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია:

„საკუთარი პერსონალური მონაცემების დამუშავება, პირს ეხმარება ინტერესების განსაზღვრასა და დაცვაში. აღნიშნული უფლების ეფექტური რეალიზება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც  საკითხი ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფას და სამართალწარმოების პროცესში მის მიერ არჩეული პირების კვალიფიციურ ჩართულობას“

ამ გადაწყვეტილებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, სამართალდამრღვევად ცნო ზრუნვის სააგენტო, რადგან მან ბავშვს მასალების მიწოდებაზე უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ ბავშვს სურდა მასალების თავის ადვოკატებს ენახათ.

რატომ არის  გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი

საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის თანახმად, ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, საჯარო დაწესებულება, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან პატივი სცენ თითოეულ ბავშვს, დაიცვან იგი და თანასწორად მოეპყრონ  მათ , ნებისმიერი ნიშნის მიუხედავად.

პერსონალური მონაცემთა დაცვის  შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება, გაეცნოს მის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები.

გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და გასათავლისწინებელია, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილების თანხმად, როდესაც ბავშვს სურს ინფორმაცია მის შესახებ თავის ადვოკატებს გაეგზავნოს, საჯარო/კერძო უწყება ვალდებულია გაითვალისწინოს ბავშვის აზრი და მოთხოვნა განიხილოს ბავშვის სამართლის სუბიექტად აღიარების ჭრილში.

PHR აგრძელებს ანას უფლებების დაცვას.

ანას საქმეზე მუშაობენ ორგანიზაციის იურისტები თამარ გაბოძე, თამარ კაპანაძე, ანა არგანაშვილი.

* ბავშვის სახელი შეცვლილია, პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით. 

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education)  მხარდაჭერით.