„სულ მეფიქრებოდა ემიგრაციაზე, თუმცა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ყოფნისას მივხვდი, რომ წასვლა გამოსავალი არაა და მე უნდა დავეხმარო საკუთარ თავს და საქართველოში უამრავ შშმ პირს, რომელიც ვერ გაიქცევა ამ ქვეყნიდან.“ - ანა გოგუაძე, 2023 წელი.
2022 წლის ივლისში, #PHR-ს სამართლებრივი დახმარების თხოვნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების აქტივისტმა ანა გოგუაძემ მომართა. ანა ცნობილი ფოტოგრაფი და კაფე მზიურის მმართველია.
ანა ეტლით მოსარგებლეა. მას არ შეუძლია ეტლით დამოუკიდებლად გადაადგილება და თვითმოვლა. მაგალითად, ყოველდღიური საქმიანობების შესრულება, როგორიცაა ტანსაცმლის ჩაცმა, ეტლში გადაჯდომა, ჰიგიენური პროცედურების ჩატარება, სამსახურში წასვლა და სხვა.
ანას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ასევე, მისი ოჯახის წევრების სამედიცინო ცნობის თანახმად ანაზე ზრუნვა არავის შეეძლო და მას დამხმარე სჭირდებოდა.
PHR-მა 2022 წლის 18 ივლისს, ანასთვის პერსონალური ასისტენტის დანიშვნის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა დროებითი განჩინების გამოცემა.
რა მოვითხოვეთ?
PHR- ის მოთხოვნა საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიმართ შემდეგში მდგომარეობდა:
ანასთვის 18 საათის განმავლობაში დაენიშნა ერთი ინდივიდუალური მზრუნველი პირი, რომელიც, თავის მხრივ, უნდა ყოფილიყო გადამზადებული საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის #634 დადგენილების შესაბამისად. ვინაიდან პერსონალური ასისტირება მნიშვნელოვან გამოცდილებად და ცოდნას მოითხოვს. (აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ქვეპროგრამა და პერსონალური ასისტენტების გადამზადებაც PHR - ის სტრატეგიული სამართალწარმოების შედეგად დაინერგა.)
სახელმწიფოს პოზიცია.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, ასევე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ანას აცნობა, რომ იგი ვერ მიიღებდა პერსონალური ასისტენტის სერვისს, რადგან მსგავსი სერვისი არ არსებობდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის თანახმად, პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიწოდების ვალდებულება მხოლოდ 2025 წლიდან ამოქმედდება.
ანას ჯანმრთელობის მდგომარეობა პერსონალური ასისტენტის არ არსებობის გამო იმდენად დამძიმდა, რომ 2025 წლამდე ვერ მოიცდიდა. ანას უბედური შემთხვევის გამო ვეღარ ახერხებდა სამსახურში მისვლას, ვეღარ აკეთებდა საყვარელ საქმეს. მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში ყოფნის გამო ანა განიცდიდა ტკივილს, ტანჯვას და არაჰუმანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას. სახელმწიფო კი ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს უარს ეუბნებოდა პერსონალური ასისტენტის გამოყოფაზე.
რა თქვა სასამართლომ?
მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი საქმის მასალებს დეტალურად გაეცნო და პრეცედენტული გადაწყვეტილება სამ დღეში მიიღო. 2022 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით #PHR-ის მოთხოვნა სრულიად დააკმაყოფილა და უწყებებს უმოკლეს დროში გადაწყვეტილების აღსრულება დაავალა.
გადაწყვეტილება გასაჩივრდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 10 თებერვლის განჩინებით ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება
აღარ საჩივრდება და ძალაშია შესული.
რას მოუტანს ანას
გამარჯვება სხვა ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებს?
„ამ ეტაპზე 3 დამხმარე მყავს და მარტო აღარ ვარ! „უმძიმესი დღეები გავიარე, მაგრამ ღირდა!“ - ანა.
აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებით, საქართველოში პირველად შეიქმნა ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებისთვის ბინაზე პერსონალური მოვლის სერვისი. კერძოდ „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის” ქვეპროგრამებს დაემატა „შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი ინდივიდუალური დახმარებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი“, რომლითაც ისარგებლებს ყველა შშმ პირი, რომელსაც აქვს „ნერვული სისტემის დაავადებებით გამოწვეული თანდაყოლილი ფიზიკური შეზღუდვა და შეფასების შედეგად დადგინდება, რომ გადაუდებლად საჭიროებს პერსონალურ მომვლელს.
დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, შეგიძლიათ იხილოთ სასამართლო გადაწყვეტილების სანახავად, იხილეთ ფაილი.
PHR - ი აგრძელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვებისა და ქალების უფლებების დაცვას.
ამ საქმეზე მუშაობენ იურისტები:
სოფიკო მენაბდიშვილი
ანა არგანაშვილი
ანა აბაშიძე
ნანა გოჩიაშვილი.
სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) მხარდაჭერით.