2023 წლის 26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ელისო ალანიას საქმეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დავა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ქალის გამარჯვებით დასრულდა. ელისო ალანიას ინტერესებს სასამართლოში #PHR-ი იცავს.
„როცა ყოველ ჯერზე ამ ისტორიას ვიხსენებ, ხელახლა მიკვდება ქმარი. განვიცდი იმ ემოციებს რაც მაშინ მქონდა. მე დამსახურებული თანამშრომელი ვიყავი და ვერ ვივიწყებ ამ შეურაცხყოფას, რაც მომაყენეს. ეს კლინიკა მეორე ოჯახივით იყო ჩემთვის“, - ელისო ალანია, სასამართლო პროცესზე.
ელისოს ისტორია
ელისო ყოფილ ონკოლოგიურ საავადმყოფოში (უნივერსალური სამედიცინო ცენტრი) 34 წელი ექიმ ლაბორანტად მუშაობდა. COVID-19 პანდემიის დროს კი ის მეუღლეზე ზრუნვის გამო უკანონოდ გაათავისუფლეს საავადმყოფოდან.
მის მეუღლეს ღვიძლის სიმსივნე ჰქონდა, 2020 წლის 10 აპრილს მდგომარეობა გაუუარესდა და მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ელისოს შექმნილი ვითარების გამო მორიგეობიდან გათავისუფლება დასჭირდა და ხელმძღვანელობასთან 22 სატელეფონო ზარი განახორციელა. სიტუაცია ამწვავებდა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, რომლის დაწყებამდეც დაახლოებით 2 საათი იყო დარჩენილი. ელისომ მორიგეობა მხოლოდ შემცვლელის გამოჩენის შემდეგ დატოვა.
მეორე დღეს მას სასტიკი საყვედური გამოუცხადეს „სამუშაო ადგილის თვითნებურად მიტოვების გამო.“
მისი მეუღლე სამ კვირაში გარდაიცვალა. გამოწვეული სტრესის, გადაღლილობისა და საკუთარი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ელისომ სამსახურში გასვლა მეუღლის დაკრძალვის შემდეგ ვერ შეძლო. 29 მაისს კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ქალი „არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო“ გაათავისუფლა.
ელისომ გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და გადაწყვიტა სასამართლოში ედავა. მის ინტერესებს პირველ და მეორე ინსტანციაში ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR“-იცავდა.
რა თქვა სასამართლომ
თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი კანონმდებლობის საფუძველზე დაუშვებელია პირის სამსახურიდან გათავისუფლება საპატიო მიზეზის არსებობის დროს. საპატიოობა უნდა გამომდინარეობდეს დასაქმებულის პროფესიული შეუძლებლობიდან ან მოქცევიდან. სასამართლომ, ასევე, განმარტა საპატიო მიზეზების გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში კომპენსაციის გაცემის საკითხიც.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე მნიშნველოვანი განმარტება გააკეთა მტკიცების ტვირთან დაკავშირებითაც და განმარტა, რომ დამსაქმებელი, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს ყოფილი თანამშრომლის გათავისუფლების მართლზომიერება და აპელირებს სამსახურის ფუნქციონირებისთვის საფრთხის შექმნაზე, თვითონვეა ვალდებული წარადგინოს მტკიცებულებების, რომელთა სამართლებრივი წონადობა და ვარგისიანობა სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანი გახდება. მიმდინარე დავაში კი ვერ იქნა დადასტურებული ამგვარი გარემოების არსებობა, რომელთა გამოც სასამართლო დამსაქმებლის გადაწყვეტილებას დარღევების ადეკვატურ და თანაზომიერ საშუალებად შეაფასებდა.
„მოცემულ პირობებში არასაპატიოდ გაცდენილი დღეების რაოდენობის გათვალისწინებით და მისგან გამოწვეული შედეგების ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოყენებული ღონისძიება ჩადენილი გადაცდომის არაპროპორციულია“. [1]
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კლინიკამ გაასაჩივრა.
ორივე ინსტანციის სასამართლომ გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ ელისო ალანიას სამსახურში გამოუცხადებლობას ზიანი არ მოჰყოლია და მის მიერ ჩადენილი ქმედება სასამართლოს მიერ ვერ შეფასდება იმგვარ გადაცდომად, რომელიც აუცილებელს გახდიდა მოსარჩელის მიმართ ყველაზე მძიმე და უკიდურესი ზომის გამოყენებას.
ორივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა,
რომ:
- ელისო ალანიას სამსახური თვითნებურად არ მიუტოვებია;
- დასაქმების ადგილას ინფორმირებული იყო ყველა პასუხისმგებელი პირი;
- ოჯახის წევრზე აუცილებელი ზრუნვა, განსაკუთრებით ისეთ პირობებში როცა პირი მომვლელის ფუნქციას ასრულებს, უნდა იქნეს გათვალისწინებული დამსაქმებლის მიერ, როგორც საპატიო მიზეზი;
- ელისო ალანიას სამსახურში გამოუცხადებლობას, კონკრეტულ შემთხვევაში ზიანი არ მოყოლია, არც რომელიმე პაციენტის მდგომარეობა გაუარესებულა;
- ქმედებით გამოწვეული შედეგების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ ვერ შეფასდება იმგვარ გადაცდომად, რომელიც აუცილებელს გახდიდა მოსარჩელის მიმართ ყველაზე მძიმე და უკიდურესი ზომის გამოყენებას.
ორივე სასამართლომ ბათილად ცნო კლინიკის მიერ მიღებული ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და დამსაქმებელს კომპენსაციის სახით დააკისრა 1 წლის ხელფასის ჯამური ოდენობა 6 000 ლარის ოდენობით.