No one has ever become poor by giving

ფარული ძალადობის ფორმები შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების მიმართ

 ისტორია 1

„მე ჩემ შვილებთან მერჩივნა ყოფნა. რამეს აქაც მოვიფიქრებდით“- მაკა*, შრომით მიგრაციიდან დაბრუნებული ქალი. 

პანდემია

მაკა ქმართან და ორ შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. ოჯახური ბიზნესი ჰქონდათ და ტურებს აწყობდნენ. პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო, ოჯახს რაიონში, ზაზას* დედასთან მოუწია გადასვლა. მაშინ სალომე და ლელი12 და 2 წლისები იყვნენ.   

დედამთილის სახლში გადასვლიდან მალევე იქმნებოდა დაძაბული სიტუაციები ზაზასა და დედამისს შორის. მაკამ იცოდა რომ მის მეუღლეს დედასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ამას ყველაფერს ბავშვებიც ხედავდნენ. მაკას არ უნდოდა რომ ბავშვებს დაძაბულ სიტუაციაში ეცხოვრათ და ქმარს ცალკე გადასვლას სთავაზობდა. მისი თქმით, იქვე რაიონში შესაძლებელი იყო სახლის გაცილებით ნაკლებ ფასად დაქირავება. თუმცა ზაზასგან ყოველ ჯერზე კატეგორიულ უარს იღებდა. 

რაც უფრო დრო გადიოდა მაკა სახლში თავს ზედმეტად გრძნობდა. იგივე გრძნობა გაუჩნდა სალომეს, რომელიც მაკას შვილი იყო პირველი ქორწინებიდან. ვერც თბილისში წამოვიდოდა, რადგან ბინა ქმრის მოთხოვნით გაყიდა.  

გარკვეული დროის შემდეგ მაკაზე ზაზას მხრიდან დაიწყო ფსიქოლოგიური ძალადობა, რომ ის ემიგრაციაში წასულიყო და იქედან ეხსნა ოჯახი შიმშილისგან. ქმარს მალე მული და დედამთილი აყვნენ. ეუბნებოდნენ რომ ყველა მათი ახლობელი, ვინც ემიგრაციაში წავიდა ახლა კარგადაა, ბინები, მანქანები და ყველაფერი იყიდეს.  მაკამ კი ენა იცოდა და ამიტომ „გაუმარტივდებოდა“ იქ ყოფნა.

„მე ჩემ შვილებთან მერჩივნა ყოფნა. რამეს აქაც მოვიფიქრებდით. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ფაქტიურად ჩემს მაგივრად გადაწყვიტეს“.

ფსიქოლოგიურმა წნეხმა შედეგი გამოიღო, მაკა „ნაცნობს“ დააკავშირეს იტალიაში. ისე აღმოჩნდა რომ ეს „ნაცნობი“ მაკას ბავშვობის ქალაქიდან იყო და მასაც იმედი მიეცა, რომ წასვლის შემთხვევაში მარტო ყოფნა არ მოუწევდა თავიდან.

გამგზავრება

მაკა დათანხმდა. გახარებულმა ქმარმა და დედამთილმა ბანკიდან სესხი გამოიტანეს, რომ ბილეთი რაც შეიძლება მალე ეყიდა და არ გადაეფიქრებინა წასვლა. საქმეში აქტიურად მონაწილეობდა მისი მულიც. გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, მაკა ჩამოვიდა თბილისში და მულტან დარჩა. იხსენებს რომ „პომპეზურად და გახარებულად“ მიიღო და აეროპორტშიც გააცილა. ბოლომდეც დაელოდა „ალბათ სანამ ტრაპზე ფეხი არ დავდგი არ წასულა არსად. ალბათ არ უნდოდა რომ მოვბრუნებულიყავი“.  

ჩასვლა

როგორც ჩასვლისას აღმოჩნდა მაკას ხარჯებზე, ადგილსამყოფელზე და სამსახურზე ინფორმაცია არასწორად მიაწოდეს.

„რომიდან დაახლოებით 8-9 საათი მომიწია მგზავრობა. რომ ჩავედი გაჩერებაზე დამხვდა ე.წ. დამსაქმებელი“, რომელმაც მიტოვებულ უბანში წამიყვანა. ადგილი საკურორტო ზოლია და სეზონი თუ არაა იქ არავინ ცხოვრობს, ერთ-ერთ სახლში შემიყვანა ამ კაცმა, სადაც არც შუქი იყო, არც გათბობა, კარიც არ იკეტებოდა. თავი ტრეფიკინგის მსხვერპლი მეგონა. ის გოგოც აღარ გამოდიოდა კონტაქტზე და ძლივს გავათენე ერთი ღამე. მეშინოდა.“

ზაზას დაურეკა, იმან „ინერვიულა მაგრამ მოცდა მირჩია“. თან გამოსავალი მალევე მოძებნა და მეგობარს დააკავშირა ახლომდებარე ქალაქში. ორ დღეში სამსახურიც დაწყო.    

მუშაობა რომ დაიწყო, ქმარს და დედამთილს ძალიან გაეხარდათ. თუმცა დღეს სხვანაირად იხსენებს ამ პერიოდს.  

„მარტო ისიც არ იყო რო ახლა ამან უნდა გვარჩინოს, ჩემი მოსაზრებაა, რომ ჩემი იტალიაში გამგზავრება, მარტო მატერიალურ ტრეფიკინგს არ ექვემდებარება, უფრო ბავშვის წართმევის მცდელობაც იყო.“

თუმცა იმ ეტაპზე მაკას ეს ვერც წარმოედგინა.

ქალაქში, სადაც მაკა ჩავიდა ბევრი ქართველი იყო, რომელთაგან  „დაახლოებით 98% ქალები არიან“. პირველ სამუშაო ადგილს, როგორც საკანს, ისე იხსენებს და ამბობს, რომ ისეთი მძიმე პირობები იყო, იქ ქართველებიც კი არ შედიოდნენ.

იმისათვის რომ სხვა სამსახური ეპოვნა, მაკა ემიგრანტების Facebook ჯგუფში გაწევრიანდა და დახმარება ითხოვა. მას უცნობი ქალი გამოეხმაურა და დამსაქმებლის ნომერი მისცა. მაკამ უკვე სხვა სახლში დაიწყო მუშაობა და იმის შესაძლებლობაც გაუჩნდა რომ თანხის გადმორიცხვა დაეწყო.

გადმორიცხვები

„გამოძალვა დაიწყო თავიდანვე, სულ მაქვს გადარიცხვების ისტორია“.

მაკა იხსენებს, რომ სანამ თანხის გადმოგზავნას დაიწყებდა, მისი კუთვნილი ერთ-ერთი საბანკო ბარათიდან, რომელიც საქართველოში დატოვა და რომელზეც 5 ლარი იყო დარჩენილი, შეტყობინება მიიღო რომ ეს თანხა ერთ-ერთ ონლაინ კაზინოს ანგარიშზე ჩაირიცხა. როდესაც სატელეფონო საუბრისას ქმარს კითხა, პასუხი იყო რომ „გვიჭირდა და პურის ფულად გამოვიყენეო“.

ხელფასის აღებისთანავე მაკამ გადმორიცხვები დაიწყო: „ბანკის თანხა ცალკე შემქონდა, ასევე ბავშვების ძიძის ფული, საკვების ფული, ასე შემდეგ. თუმცა ჩემთვისაც რაღაც თანხას ვიტოვებდი რომ დაბრუნების შემდეგ თანხა მქონოდა“.

ის რომ მაკა ფულს ცალკე ინახავდა ზაზამაც იცოდა.

„მის ხელში ვერაფერი დავაგროვე, ხან იმის ფული, ხან ამის ფული, მანქანის, შვილებისთვის ცალკე მინდოდა გადმოგზავნა, ჩემი 12 წლის ბავშვი მეუბნებოდა ტკბილი მინდაო. ძირითადი თანხები მიდიოდა ზაზასთან“.

ისეთი შემთხვევაც იყო, რომ მაკას კუთვნილი მანქანა მისი თანხმობის გარეშე გადაღება და 1000 ევროს გაგზავნა მოთხოვა, რადგან „მანქანის გაკეთების ფული უკვე ვისესხე და დასაბრუნებელიაო“. ამ ფულზე ორი კვირის შემდგე უთხრა რომ დაკარგა და ისევ სჭირდებოდა.

მაკას ახალი სამსახურის მოძებნა მოუხდა, სადაც ნაკლები ანაზღაურება იყო. ზაზა ახალი ხელფასით უკმაყოფილო იყო და დაბრუნებას სთავაზობდა, მაგრამ მაკას ჩამოსვლა ეშინოდა უკვე, რადგან ფიქრობდა რომ ბავშვს დაკარგავდა. ბინა აღარ ქონდა, დედამთილის სახლიდან თავს გამოგდებულად გრძნობდა და დაბრუნებისას წასასვლელი არსად ექნებოდა.

მაკამ მალევე იშოვნა ახალი სამსახური. ამჯერად უკეთესი ანაზღაურებით და ზაზაც კმაყოფილი აღარ თხოვდა დაბრუნებას.

„მთელი ეს პერიოდი ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნოდი“. 

ძალადობის ფორმები

„როდესაც მეტ ფულს ვერ მძალავდნენ, ნივთებით დაიწყეს მანიპულირება. ბავშვის ლანძღვა დაიწყეს, ნაბიჭვარს ეძახდნენ“.

რამდენიმე ხნის შემდეგ, რძლის და მულის მხრიდან დაიწყო მანიპულირება. მაკას უფროს შვილს, 12 წლის სალომეს, დედამთილის ტელევიზორის, სარეცხი მანქანის და მაცივრის გაფუჭებაში ადანაშაულებდა.

სალომეს ნელ-ნელა დაეტყო ხასიათის ცვლილება და დედასთან კონტაქტზე გასვლა აღარ უნდოდა. დედის მხრიდან მრავალი კითხვის შემდეგ, ბავშვმა ფოტო გაუგზავნა, სადაც დაზიანებული სახე უჩანდა.

112 და სოციალური სამსახური

მაკა 112-ს დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა, მიწერა რომ ბავშვზე ძალადობდნენ და დახმარება სჭირდებოდა, რადგან თავად ემიგრაციაში იყო. პასუხი იყო ის რომ, უცხოეთიდან ზარს ვერ მიიღებდნენ და ზარი მინდობილ პირს უნდა განეხორციელებინა საქართველოში. მაკამ ადვოკატი აიყვანა, მინდობილობა მეგობარზე გააკეთა და სალომეს გამოყვანა სცადა. ზაზა ეწინააღმდეგებოდა ამას რადგან „იცოდა რომ ფულს ნაკლებს გავუგზავნიდი“.

სალომეს გამოყვანა ოჯახიდან მოხერხდა. მასთან ფსიქოლოგის ჩართვა გახდა საჭირო.

ნელ-ნელა გაირკვა, რომ ზაზა კაზინოში აგებდა ფულს და ის თანხები რასაც მაკა აგზავნიდა ბავშვებამდე თითქმის არ აღწევდა.

სალომეს გამოყვანის და გადარიცხვების შემცირების შემდეგ, მანიპულაციები უკვე უმცროსი ბავშვით დაიწყეს: „თუ შენ ფულს არ გადმომირიცხავ ბავშვს არ განახებ“-ეს იყო პასუხი.   

მაკა სოციალურ სამსახურსაც დაუკავშირდა და მოუყვა ისტორია, უთხრა, რომ ის ემიგრაციაში იმყოფება და მისი ქმარი ბავშვს მხოლოდ იმ შემთხვევაში ანახებს თუ ფულს გამოაგზავნის. სოციალური სამსახური მას პრობლემის მოგვარებას დაპირდა და კვირაში ორი დღე 10-15 წუთი დაალაპარაკეს.

ზაზას მხრიდან გრძელდებოდა მუქარები ბავშვის წართმევასთან დაკავშირებით.

სოციალურმა სამსახურმა ნახა რამდენიმე წლის წინანდელი შემაკავებელი ორდერი ზაზაზე და მაკას დაპირდა რომ საქმეზე იმუშავებდნენ და მოუგვარებდნენ პრობლემებს. თუმცა საქმე დღემდე არაა დასრულებული.

„იდეალური იქნებოდა, რომ მიეხედა სოციალურს და მინდობით პირთან გადასულიყო, მათ მითხრეს რომ ბავშვზე ძალადობა არ ხდება და მე უნდა ჩამოვსულიყავი. მიუხედავად შემაკავებელი ორდერის და  ჩემი მონაყოლისა, მათ ვერ აღიქვეს, რაში იყო პრობლემა. არ ვიცი, კანონიც უნდა არსებობდეს რაღაც რაც დაგვიცავდა ამისგან“.

მაკა ჩამოვიდა. ახლა აქაა და იბრძვის რომ ლილე დაიბრუნოს. წინ კიდევ დიდი გზაა თუმცა მაკა მზადაა. თავს გაცილებით უფრო ძლიერად გრძნობს, ვიდრე ჩამოსვლისას და სხვა ქალებსაც მიმართავს:

„მე მოვუწოდებ ყველას რომ არ შეეშინდეთ, იბრძოლონ ბოლომდე, თუნდაც საჯაროდაც და აუცილებლად, ადრე თუ გვიან ისინი მიაღწევენ სასურველ შედეგს და ისინი განთავისუფლდებიან აი ამ მარწუხებისგან, ამ ძალადობისგან და ჩაგვრის ფორმისგან“.

PHR-ი იცავს მაკას ინტერესებს სასამართლოში.


ტექსტი და ილუსტრაცია: ანიკა ტიზლიარიშვილი.

ისტორია მომზადდა პროექტ "გენდერული ძალადობის უხილავი ფორმების გამოვლენა შრომით მიგრაციაში მყოფი ქალების მიმართ", რომელსაც ახორციელებს #PHR-ი, “ქალთა ფონდი საქართველოში" და "Sida - შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს" მხარდაჭერით.





პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით ყველა სახელი შეცვლილია.