No one has ever become poor by giving

სექსუალური ძალადობის საქმის განხილვა ეროვნული სასამართლოს მიერ 

თამარ გაბოძე

ეს ისტორია ეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც წლების განმავლობაში მამინაცვლის მხრიდან იყო დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და ამ მოპყრობას ჰქონდა სექსუალური შინაარსი.

ფაქტები დაზარალებულის ცხოვრებიდან

დაზარალებული 25 წელი ცხოვრობდა დედასთან, ძმასთან და მამინაცვალთან ერთად.

მამინაცვალი ნინოზე [სახელი შეცვლილია] 3-4 წლიდან ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას. არჩევდა შესაფერის მომენტს, აშიშვლებდა გერს და შიშველ სხეულზე ეხებოდა.

ადრეული ბავშვობიდან, მოძალადე ნინოს არწმუნებდა, რომ ასეთი მოფერება ნორმალურია და ყველა ოჯახში ასე იქცეოდნენ. ნინოს არ ქონდა საჭირო ინფორმაცია რეპროდუქციულ და სქესობრივ უფლებებზე, ამიტომ მან თანაკლასელს ჰკითხა, მასაც ეფერებოდა თუ არა მამა სასქესო ორგანოზე. ნინოს, დღემდე ახსოვს თანაკლასელის გაოცებული სახე.

მოგვიანებით, მოძალადემ დაიწყო მუქარა, რომ თუ ვინმეს ეტყოდა მომხდარის შესახებ, მას და მის ძმას ბავშვთა სახლში ჩააბარებდნენ.

- „ეს იყო ბოქლომი და ვერ წარმოიდგენთ როგორ მეშინოდა იმ მომენტის, რომ დედას გარეშე, ბავშვთა სახლში ვიცხოვრებდით.“

ნინოს 8-9 წლის ასაკიდან დაეწყო უძილობა, შფოთვა, ასაკისთვის შეუფერებელი ფიზიოლოგიური ცვლილებები, სუიციდური ფიქრები.

როდესაც ნინო ფიქრობდა, რომ ვეღარ გაუძლებდა ამდენს,  აბაზანაში აღმოჩინა ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია თუ როგორ ათავსებდა მამინაცვალი მალულად ვიდეოკამერას და იწერდა ნინოს შხაპის მიღებას.

ნინო PHR-ში მოვიდა და დახმარება ითხოვა მოძალადისგან თავის დაღწევაში. 


გამოძიება

ნინომ პოლიციაში რამდენიმე დღე და მრავალი საათი დაჰყო. გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა მისთვის მძიმე აღმოჩნდა. გამოთხოვილ სამედიცინო დოკუმენტებში ჩანს, რომ ნინოს მრავალწლიანმა ძალადობამ მენტალური ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა შეუქმნა.

ადვოკატმა პროკურატურისგან მოითხოვა ნინო დაზარალებულად ეცნოთ  დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლად. ვინაიდან, მის მიერ განცდილი მრავალწლიანი სექსუალური ძალადობა და იძულება, სწორედ სისტემატიური წამების და არა მარტივი ძალადობის ფაქტი იყო.ადვოკატის მოთხოვნა დაკმაყოფილდა: ნინო დაზარალებულად ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 144[3] მუხლის მესამე ნაწილით. „დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა  დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ“. ეს იყო ქართულ მართლმსაჯულებაში ერთ-ერთი უიშვიათესი პრეცედენტი და  ნინოს საქმეში მნიშნელოვანი მიღწევა, რამაც ნინო ძალიან გაამხნევა.

გამოძიების დასრულების შემდეგ, საქმე განსახილველად გადაეცა სასამართლოს.

სასამართლო

სასამართლოში ნინომ მოსამართლეს დეტალურად მოუყვა იმ დამამცირებელი მოპყრობის შესახებ რასაც მამინაცვლის მხრიდან განიცდიდა.

„ამ ძალადობის გამო მთელი ცხოვრება შიშში და სირცხვილში გავატარე. სადაც არ უნდა ვიყო ეს სირცხვილის შეგრძნება ყველგან თან დამყვება. ბავშობიდან მამინაცვალი მარტოს რომ დამიგულებდა გამაშიშვლებდა და გენიტალიებზე მისვამდა ხელს, მჩქმეტდა საჯდომზე, უკნიდან მეხუტებოდა.  როცა ვცდილობდი თავის დაღწევას, ამის საშუალებას არ მაძლევდა. თან მემუქრებოდა არავისთვის მეთქვა.“

სასამართლო დარბაზში იგრძნობოდა, რომ მოსამართლე ნაკლებად ინფორმირებული იყო ქალის მიმართ სექსუალური ძალადობის საკითხებზე. როდესაც ბრალდებული და მისი ადვოკატები, მორიგჯერ აკეთებდნენ არაეთიკურ და დისკრიმინაციულ კომენტარებს ნინოს მიმართ, მოსამართლე მათ არ აჩერებდა. მეტიც, ნინოს ადვოკატის მიერ ამის გაპროტესტების და მატრავმირებელი შეკითხვების მოხსნის მოთხოვნას მოსამართლე პასუხობდა -  რომ დაზარალებული მხარე არ არის და ადვოკატს ამის მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა.

სასამართლოზე გამოიკითხა სასამართლო-ფსიქოლოგიის ექსპერტიც, რომელმაც აღნიშნა, რომ თავის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების განმავლობაში არ შეხვედრია ასეთი მძიმე ტანჯვის შემთხვევა. დაიკითხა ნინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ძმა, რომელმაც თქვა, რომ რამდენჯერმე შეესწრო თუ, როგორ უსვამდა სხეულზე ხელებს. ძმას ახსოვდა დის არანორმალურად შეშინებული სახეც. დაიკითხა ნინოსთვის სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი პირი, გამოკვლეული იქნა ვიდეოჩანაწერები და სხვა მტკიცებულებები.

სასამართლომ ყველა გარემოება მიიჩნია დადგენილად, მათ შორის ისიც რომ:

  • მამინაცვალი ნინოს ნების საწინააღმდეგოდ  მასზე ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას;
  • მამინაცვლის მოპყრობამ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა;
  • მამინაცვლის ქმედებების გამო ნინომ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, რაც ასევე დადგინდა სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის დასკვნით.
  • ნინოს ქონდა სუიციდური ფიქრები.


სასამართლო გადაწყვეტილება

სასამართლომ მამინაცვალი აბაზანაში ფარულად ვიდეოკამერის განთავსების გამო, დამნაშავედ სცნო პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოს მოპოვებაში, ხოლო რაც შეეხება ბავშვობიდან მოყოლებული  გაშიშვლებას და  გენიტალიებზე შეხებას, სასამრთლოს განმარტებით, ვერ შეფასდება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად რადგან „ყოველგვარი უხეში ან ძალადობრივი მოპყრობა ვერ ჩაითვლება დამამცირებლად და არაადამიანურად. მოპყრობა დამამცირებელი ან არაადამიანურია, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანისდამი მოქცევის ზნეობრივ (მორალურ) წესებს“.

გადაწყვეტილებაში სასამართლო აღნიშნავს:

„მართალია სასამართლოს დადგენილად მიაჩნია რომ მამინაცვლის მხრიდან ნინოს სისტემატურად შეხებას სხეულის სხვადასხვა ადგილზე (მათ შორის ინტიმურ ადგილებზე) ტუჩებში კოცნას, ნადვილად ქონდა ადგილი, თუმცა ეს ქმედებები თავისი შინაარსით შეიცვას სქესობრივი დანაშულის ნიშნებს და არავითარი კავშირი არ აქვს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან.“ 

მოსამართლის ეს განმარტება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს კარგად ჩამოყალიბებულ პრეცედენტულ სამართალს ოჯახში ძალადობის თაობაზე: Z. v. The UK (29392; 10/05/2001);  D.P. & J.C. v. The UK (38719/97; 10/10/2002);  E. v. The UK (33218/96; 26/11/2002); E.S. and Others v. Slovakia (8227/04; 15/09/2009); C.A.S. and C.S. v. Romania (26692/05; 20/03/2012)


სააპელაციო სასამართლო

გადაწყვეტილება ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ჯერი უზენაეს  სასამართლოზეა.

 

ბლოგი მომზადებულია RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education)  მხარდაჭერით.