„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სამართლებრივ დახმარებას უწევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგზარდა ქალს, ი.ც-ს, რომელზეც ყოფილი მეუღლე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. უკრძალავდა მეგობრებთან და სოციალურ მუშაკთან ურთიერთობას, მისთვის სასურველი ტანსაცმლის ჩაცმას და მოითხოვდა მისგან უსიტყვო მორჩილებას. აფრთხილებდა, რომ სახლში სტუმრების ყოფნის შემთხვევაში არ ამოეღო ხმა, რადგან შშმ სტატუსის გამო ის გახდებოდა დაცინვის ობიექტი.
ასევე, ყოფილი მეუღლე შშმ ქალზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა იმის გამო, რომ ქალი გაიზარდა ბავშვთა სახლში და ის მშობლებისთვის იყო არასასურველი შვილი. მეუღლე ი.ც-ს ეუბნებოდა, რომ არავისგან არ იმსახურებდა პატივისცემას, რადგან ის არ მიიღეს საკუთარმა მშობლებმა და „ჩააბარეს“ ბავშვთა სახლში. ამიტომ უნდა ყოფილიყო ქმრის მონა და ვერ ექნებოდა პრეტენზია თანასწორობაზე და პატივისცემაზე.
ყოფილი მეუღლის მხრიდან, შშმ ქალმა განიცადა სულიერი ტანჯვა, რაც დადასტურდა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.
აღნიშნული მოპყრობის გამო, პროკურატურამ შშმ ქალი გენდერის და სოციალური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულში ცნო დაზარალებულად.
სოციალური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით შშმ ქალის დაზარალებულად ცნობა არის პრეცედენტული გადაწყვეტილება, რადგან შშმ ქალების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულებს პროცესში ვერ მიიღეს საჭირო დახმარება. მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, გენდერის და სოციალური ნიშნით შეუწყნარებლობის შემთხვევებზე სათანადოდ არ რეაგირებენ სამართალდამცავი ორგანოები და მომხდარს არ აძლევენ სწორ კვალიფიკაციას. არაერთი ძალადობა გამოვლილი შშმ ქალი აღნიშნავს, რომ აქვთ სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ცუდი გამოცდილება, რა დროსაც, ისინი მხარდაჭერის ნაცვლად დაექვემდებარნენ კრიტიკას და დისკრიმინაციას.
აღნიშნული საქმეზე, პროკურატურის მხრიდან სრულად იქნა გაზიარებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის მიერ გამოკითხვის დროს მოწოდებული ინფორმაცია და მოძალადის თითოეულ ქმედებას მიენიჭა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია. შესაბამისად ი.ც-ს ყოფილი მეუღლე ბრალდებულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 1 ნაწილით 1261-1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების გამო .
არასათანადო სამართლებრივი მხარდაჭერა, უარყოფითი დამოკიდებულებები, საჭირო სერვისების ნაკლებობა, მცდარი სტერეოტიპული განწყობა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ვერ ახერხებენ ფაქტების სწორად შეფასებას და ჩენების მიცემას, უკარგავს შშმ ქალებს მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის უფლებას, რაც უნდა აღმოიფხვრას სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი პრეცედენტული გადაწყვეტილებებით.
P.S აღნიშნულ საქმეზე მუშაობს ორგანიზაციის იურისტი თამარ გაბოძე, რომლის ინიციატივით, მოხდა ყოფილი მეუღლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, ი.ც-ს დაზარალებულად ცნობა და სასამართლოს გზით განქორწინება.
ორგანიზაცია ი.ც-ს სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს სასამართლოში.
პროექტი ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.