No one has ever become poor by giving

ლანა* (პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით სახელი შეცვლილია) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა დედაა. მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. საყოფაცხოვრებო პირობების არარსებობის და სხვა გამოწვევების გამო, იგი იძულებული გახდა შვილი მინდობით აღზრდაში გადაეყვანა. ლანა შვილს თვეში ერთხელ, სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ (შემდეგში - სააგენტო) შენობაში ხვდებოდა. დედა - შვილს შორის გაუცხოების თავიდან არიდების მიზნით, მნიშნელოვანია ლანამ შვილი საკუთარ სახლში ნახოს, რასაც მომავალში ბავშვის ოჯახში დაბრუნება უნდა მოჰყვეს.

ლანამ ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 2022 წლის მარტში აღნიშნული სურვილით მიმართა. სააგენტომ ბავშვის სახლში დაბრუნების მიზანშეწონილობის გადასაწყვეტად, ლანას საცხოვრებელი გარემოს შეფასების პროცედურა დაიწყო. როგორც გაირკვა, ლანას საცხოვრებელი არ იყო კეთილმოწყობილი, რასაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა მცირეწლოვანის ფიზიკური უსაფრთხოებისთვის.  ლანას საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, PHR-მა თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრთან თანამშრომლობით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა.

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ თანახმად:

„სახელმწიფო ვალდებულია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენციის მიზნით მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს ადეკვატური საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისების, ინკლუზიური განათლების, უთანასწორო მოპყრობისა და ძალადობისგან დაცვის ეფექტიანი მექანიზმებისა და ყველა სხვა უფლების დაცვის გარანტიების ყველა ბავშვისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობა.

ამ მუხლით გათვალისწინებული პრევენციის მიზნით განხორციელებული პროგრამები ინტეგრირებული უნდა იყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საჭიროებების გათვალისწინებით. პროგრამაში ოჯახი ჩართული უნდა იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.“ (მუხლი 27.)

PHR-სა და   თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის მიმართვის საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო თანხები ლანას საცხოვრებელი სახლის გარემონტების მიზნით. რაც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს საკუთარ სახლში ნახოს მცირეწლოვანი შვილი და თავიდან იქნეს აცილებული გაუცხოვება დედა - შვილს შორის.

ორგანიზაციამ ასევე მიმართა „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ ლანას მშობლის უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ტრენინგების ჩატარების მოთხოვნით. სააგენტოს ინფორმაციით, პოზიტიური მშობლობის ტრენინგში უზრუნველყოფილი იქნება ლანას ჩართულობა.

ბავშვის აღზრდაზე უფლებამოსილი პირის, მათ შორის შშმ მშობლის მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო ორგანოები ქმნიან სახელმწიფო პროგრამებს რათა შშმ მშობლებს/ უფლებამოსილ პირებს გაეწიოთ მატერიალური და არამატერიალური დახმარება. 

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) მხარდაჭერით.