No one has ever become poor by giving


საქართველოში  შშმ ქალებისა და გოგოების მიმართ არსებულ გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებით სტატიკური მონაცემების დამუშავება არ შეესაბამება ქვეყნის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს სეგრეგირებული სტატისტიკური მონაცემების წარმოებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ არაერთი კვლევა და ანგარიში მიუთითებს.
[1][2]

შეზღუდული შესაძლებლობის, განსაკუთრებით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის  მქონე ქალების მიმართ ძალადობა ერთ-ერთ მნიშნველოვან გამოწვევას წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობის მსხვერპლ შშმ ქალებსა და გოგოებს უმრავლეს შემთხვევაში არ აქვთ წვდომა ჯანმრთელობის დაცვის მაღალი სტანდარტის სერვისებზე. [3]

ძალადობის მსხვერპლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგოები  აწყდებიან სხვადასხვა სახის ბარიერებს, როგორც საზოგადოების მხრიდან, ისე სახელმწიფო სერვისებზე წვდომის კუთხით. მაგალითად, თავს არიდებენ პოლიციისთვის მიმართვას, რადგან წარსულში ჰქონდათ უარყოფითი გამოცდილება, როდესაც სამართალდამცავმა უწყებამ ვერ აღმოუჩინა ეფექტური მხარდაჭერა ძალადობის ფაქტის გამოძიების პროცესში, სამართალდამცავი ორგანოების სათანადო რეაგირების არარსებობის პირობებში კი მნიშვნელოვნად იზრდება ძალადობის განმეორების რისკები და ამავე დროს რთულდება სხვა სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) მიერ 2019 და 2021 წლებში განხორციელებული კვლევების მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების ნაწილი მიუთითებს იმაზე, რომ თავად ყოფილან ან სმენიათ, სხვა შშმ ქალების შესახებ, რომლებსაც გამოუცდიათ მათი ნების საწინააღმდეგო ქმედებები, მათ შორის: იძულებითი აბორტი, გაუპატიურებას და სხვა ფორმის სექსუალური ძალადობა. [4][5]

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ არ ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ ძალადობის სპეციფიკური აღრიცხვა, ძალადობას ფარული ხასიათი აქვს და მსხვერპლთა მიერ შეტყობინების, სამედიცინო მომსახურების მიღების, ან სხვადასხვა უწყებების მიერ რეფერირების შესახებ ინფორმაცია ხარვეზიანია.

მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR“ რელევანტური სახელმწიფო უწყებებიდან ( სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სამედიცინო დაწესებულებები, საქართველოს მასშტაბით ყველა ფსიქიატრიული კლინიკა და დიდი ზომის შშმ პირთა საცხოვრისები, ასევე განათლების და მეცნიერების სამინისტრო) გამოითხოვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და უფლებებთან, (მათ შორის: სექსუალურ ძალადობაზე შესული შეტყობინებები, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სექსუალური ძალადობის მაჩვენებელი, სკოლაში შშმ გოგონების მიმართ სექსუალური ძალადობა, სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამო სამედიცინო მომსახურების გაწევის მაჩვენებელი კლინიკების/სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ) დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები.

მიღებული პასუხები ცხადყოფს, რომ არც ერთი უწყება არ აწარმოებს სტატისტიკას მითითებულ საკითხებზე.

იქედან გამომდინარე, რომ დახურული ტიპის დაწესებულებებში კიდევ უფრო იზრდება შშმ ქალების მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმის განხორციელების რისკი, სეგრეგირებული სტატისტიკური მონაცემების წარმოებას აღნიშნული დაწესებულებების მხრიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა, სტატისტიკური მონაცემების წარმოება და დამუშავება პრობლემურია ასევე აღნიშნულ შემთხვევაშიც.

შშმ პირთა დიდი ზომის საცხოვრისებიდან და ქვეყანაში მოქმედი დიდი ზომის ფსიქიატრიული კლინიკებიდან მიღებული ინფორმაციით, მათთან სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტები ბოლო 5 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა, მაშინ როდესაც საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის სპეციალურ ანგარიშში მითითებულია ინსტიტუციებსა და ფსიქიატრიულ კლინიკებში სექსუალური ძალადობის ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც რეკომენდაციაა გაცემული, რომ პაციენტთა/ბენეფიციართა მიმართ ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის პრევენციის, სავარაუდო ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და შეფასების და მათზე რეაგირების მექანიზმების შესახებ მოხდეს პერსონალის გადამზადება და ცნობიერების ამაღლება. [6]


სექსუალურ ძალადობაზე უთითებენ თავად შშმ ქალები, რომლებსაც აქვთ სექსუალური ძალადობის გამოცდილება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში.

განსაკუთრებით პრობლემურია ქვეყანაში ზოგადი პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. მიუხედავად იმისა რომ არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კანონი მათ შორის ე.წ. სტამბულის კონვენცია, ლანსაროტის კონვენცია და შშმ პირთა უფლებების კონვენცია, შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონი, ბავშვის უფლებათა კოდექსი და სხვა ნორმატიული აქტები ვალდებულებას ანიჭებს სახელმწიფო უწყებებს და დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს აწარმოონ სტატისტიკა შშმ ქალების/ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე, საქართველოს მასშტაბით 16 ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო კლინიკებს და  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში აწვდის სამედიცინო მომსახურებას, (როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული) სექსუალური ძალადობის შედეგად მიყენებული დაზიანებისას მიმართვიანობის მაჩვენებელზე სტატისტიკურ მონაცემს არ ფლობს. ამასთან, მსგავსი ტიპის სტატისტიკის წარმოების ვალდებულების შესახებ კლინიკები ინფორმაციას არ ფლობენ. კლინიკები უარყოფენ საკანონმდებლო ვალდებულებებს და მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტიპის სტატისტიკის წარმოების ვალდებულება არ აქვთ. ამის პარალელურად კი, სტიგმისა და შესაბამისი ინფორმაციის არქონის გამო , შშმ ქალები არ მიმართავენ შესაბამის სერვისებს. 

განსაკუთრებით პრობლემურია განათლების სფეროში შშმ ქალებთან და გოგოებთან დაკავშირებული ძალადობის შესახებ სეგრეგირებული სტატისტიკის წარმოების საკითხი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით საგანმანათლებლო დაწესებულებებში შშმ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე მონაცემები არ მუშავდება.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ მართლმსაჯულების, განათლების, ჯანდაცვის, სახელმწიფო სერვისების დაგეგმვის სფეროებში აუცილებელია ცვლილებები განხორციელდეს:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით და სტამბულის კონვენციით განსაზღვრული სტანდარტით მოხდეს კანონმდებლობის გადახედვა და ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან, შესაბამისად სახელმწიფო, მის დაფინანსებაში მყოფი დაწესებულებებით ვალდებულია:

1.    შესაბამისობაში მოიყვანოს კანონმდებლობა მტკიცებულებებზე დაფუძნებული საქმიანობის განხორციელებისთვის;

2.    მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამებისა და მომსახურების მიწოდების მიზნით განახორციელოს შესაბამისი კვლევები;

3.    შეგროვებისა და სეგრეგირებული სტატისტიკური მონაცემების წარმოების მიზნით განავითაროს ეფექტური უწყებათაშორისი თანამშრომლობა;

შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შემდეგ უზრუნველყოს კანონის ეფექტური აღსრულება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ძალადობის, ძალადობის განმეორების რისკი და მოხდეს შშმ ქალთა სექსუალური ძალადობის პრევენცია.


ბლოგის მომზადება შესაძლებელი გახდა პროექტ „Supporting women with disabilities in being, doing and becoming independent” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR”, RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ორგანიზაციების „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) მოსაზრებებს.


[1] ევროპის საბჭო (2011). ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის განმარტებითი ანგარიში, სტამბული.

[2] European Institute for Gender Equality (2014). Administrative data sources on gender-based violence against women in the EU. Current status and potential for the collection of comparable data. p.20. ხელმისაწვდომია (02.02.2019): https://eige.europa.eu/rdc/eige-publications/administrative-data-sources-gender-based-violence-against-women-eu-report

[3] რუსუდან ზაალიშვილი. კვლევის ხელმძღვანელები: ნანა გოგიჩაიშვილი, ანა არგანაშვილი, „შშმ ქალთა საჭიროებების შესწავლა ქალთა სამომავლო გაძლიერებისთვის“ - კვლევის ანგარიში, 2021

[4]  რუსუდან ზაალიშვილი. კვლევის ხელმძღვანელები: ნანა გოგიჩაიშვილი, ანა არგანაშვილი, „შშმ ქალთა საჭიროებების შესწავლა ქალთა სამომავლო გაძლიერებისთვის“ - კვლევის ანგარიში, 2021

[5] მეშველიანი მ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონებისთვის ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის შესახებ, NDI, 2019

[6] საქართველოს სახალხო დამცველი, „ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“ 2020