No one has ever become poor by giving

თამარს* ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებები აქვს. როდესაც მდგომარეობა უმწვავდება,  მისი პირადი ფსიქიატრის რეკომენდაციით, ის  ნებაყოფლობით მკურნალობას გადის სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 2021 წლის ნოემბრის ბოლოს მოხდა. თამარმა დახმარებისთვის, საკუთარი სურვილით, ფსიქიატრიულ დაწესებულებას - ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის  ცენტრს მიმართა.  დაწესებულებაში შესვლისთანავე თამარს მოსთხოვეს მობილური ტელეფონის დატოვება.  საჭიროების შემთხვევაში დაპირდნენ ტელეფონის დაბრუნებას. კლინიკაში თავისუფალი პალატა არ იყო, ამიტომ მისაღებ ოთახში სანიტრ კაცებთან და სხვა პირებთან ერთად მოუწია ღამის გათენება. პალატაში დილით გადაიყვანეს. იმავე დილას, მან გადაწყვიტა დაწესებულების დატოვება, რადგან იქ პირობები ძალიან მძიმე იყო. მიუხედავად იმისა, რომ თამარი ნებაყოფლობით მკურნალობაზე იმყოფებოდა და, კანონის მიხედვით, ნებისმიერ დროს, თავისუფლად შეეძლო დაწესებულების დატოვება, მას პერსონალმა უთხრა, რომ ოჯახის წევრის წერილობითი თანხმობის გარეშე ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ვერ დატოვებდა. თამარმა დილას დედასთან დარეკა, მისვლა და იქიდან წაყვანა სთხოვა.

დილის საათებშივე თამარმა თავი ცუდად იგრძნო: თავბრუ დაეხვა, გულის მიდამოში ჩხვლეტას გრძნობდა. ის ექთნის კაბინეტთან სანიტარმა მიაცილა და ექთანს სთხოვა თამარისთვის დახმარება აღმოეჩინა. დახმარების ნაცვლად ექთანმა დაუყვირა „მე რა გავაკეთო.“ ექთნის უყურადღებობით შეწუხებულმა თამარმა ოთახი დატოვა. 

თამარმა რამდენჯერმე მოითხოვა თავისი მობილური ტელეფონი, რათა დედასთან დაერეკა და გაეგო როდის შეძლებდა საავადმყოფოს დატოვებას.  დაწესებულების პერსონალის უყურადღებობის და მძიმე გარემოს გამო, მას თანდათან გაუძლიერდა შფოთვის შეტევა. მისი მდგომარეობა გამწვავდა. თამარი თავის პალატაში შევიდა და სუიციდი სცადა. ვინაიდან, თამარი  უმეთვალყურეოდ იმყოფებოდა მისი ეს მცდელობა დაწესებულების პერსონალს შეუმჩნეველი დარჩა.        

რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ, თამარი კვლავ იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში და მის საჭიროებებს ყურადღებას არცერთი პროფესიონალი არ აქცევდა. მან კვლავ სცადა სუიციდი, რა დროსაც, თამარს სხვა პაციენტები დაეხმარნენ. თამარმა დაიწყო ყვირილით დახმარების თხოვნა, ტელეფონის და ექიმთან გასაუბრების მოთხოვნა. პერსონალმა იცოდა, რომ თამარს  დაწესებულებიდან წასვლა სურდა, თუმცა მას ამის საშუალებას არ აძლევდნენ. მას ყვირილით უპასუხა ექთანმა, რომელმაც მანამდე სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრა. თამარმა მისი ოთახის კარი მიიჯახუნა და თავის პალატისკენ წავიდა. ამ დროს, მას სანიტარი კაცი გამოედევნა, რომელიც ჯერ დასჯით დაემუქრა და შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ზურგიდან ხელი კრა და სხვა პერსონალის დახმარებით ძირს დააგდო. ხელები და ფეხები გაუკავეს. ერთ-ერთი სანიტარი თამარს ფეხებით დაადგა სხეულის ნაწილზე დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ, ხელ-ფეხ შეკრული თამარი დაწოლილ მდგომარეობაში გადაიყვანეს პალატაში, სადაც სპეციალური ქამრების მეშვეობით დააბეს საწოლზე და გაუკეთეს ნემსი.  იგი ისე მჭიდროდ ჰყავდათ დაბმული, რომ რამდენიმე წუთში, თამარს მხრები ატკივდა.

დაბმულ მდგომარეობაში მყოფი თამარი პალატაში მარტო დატოვეს პერსონალის მეთვალყურეობის გარეშე, რა დროსაც მასთან სხვა პაციენტი შევიდა და სექსუალური შინაარსის შეხება სცადა. რამდენიმე წუთში, თამარის პალატაში ის სანიტარი კაცი შევიდა, ვინც თამარზე იძალადა. მან ისარგებლა თამარის დაბმით, ჯერ სხეულის  სრესვა დაიწყო შემდეგ, ტუჩებში აკოცა. ხელით, სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, მათ შორის მუცელსა და ბარძაყებზე, შეეხო. თამარის ყვირილის შემდეგ, მან პალატა დატოვა. თამარი დაბმული ჰყავდათ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.

რამდენიმე საათში, თამარს დედის გამოგზავნილი ჩანთა მიუტანეს, რომელშიც  წერილი იდო. დედა წერდა, რომ მისი წაყვანის უფლება ექიმებმა არ მისცეს.  

გვიან საღამოს, თამარმა გაუარესებული სომატური ჯანმრთელობის გამო, ტკივილგამაყუჩებელი მოითხოვა. თუმცა, სამედიცინო დახმარებაზე ისევ უარი მიიღო.  თამარმა ისევ სცადა სუიციდი. ეს მცდელობაც  შეუმჩნეველი დარჩა დაწესებულების პერსონალს და დახმარება არ აღმოუჩინეს.  ამის შემდეგ, ის დერეფანში გავიდა, დაწესებულებიდან წასვლას ითხოვდა და ყურადღების მიქცევის მიზნით კედელს თავს ურტყამდა. ამის საპასუხოდ, სანიტრებმა, ყოველგვარი ახსნის გარეშე,  ძირს დააგდეს, გააკავეს და ისევ ნემსი გაუკეთეს. 

მალევე ექიმი მოვიდა, რომელსაც თამარმა ჰკითხა რატომ არ მისცეს დედამისს მისი წაყვანის უფლება. ექიმმა უპასუხა, რომ დედას მისი წაყვანის სურვილი არ გამოუთქვამს. მას შემდეგ რაც დედის წერილის შესახებ უამბო თამარმა, ექიმმა უპასუხა, რომ პროცედურების გამო იმ საღამოს ვერ გაუშვებდნენ.  თამარი ისევ თავისი ნების საწინააღმდეგოდ დატოვეს დაწესებულებაში.

მეორე დილით, თამარს დედასთან დარეკვის საშუალება მისცეს. დედა უკვე მოსული იყო. თამარმა დაწესებულება დატოვა.

თამარის პირადი ფსიქიატრის შეფასებით, დაწესებულებაში განცდილის გამო თამარის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 

 

გამოძიება:  

2021 წლის 02 დეკემბერს თამარის მიმართ ფსიქიატრიული დაწესებულების პერსონალის მხრიდან მომხდარის გამო გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის  ქმედების, ძალადობის და უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენას.

გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა თამარი, რომელმაც დეტალურად მოყვა მომხდარის შესახებ. მისი მონათხრობი დაადასტურა თამარის დედამ. გამოძიებამ ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გამოითხოვა სამედიცინო დოკუმენტაცია და ვიდეო  კამერის ჩანაწერები, სადაც აღბეჭდილია თამარის მიმართ პერსონალის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები. 2021 წლის 02 დეკემბერს  ჩატარდა თამარის სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტმა დააფიქსირა თამარის სხეულზე არსებული დაზიანება.

არაერთი მოთხოვნის მიუხედავად თამარს პროკურორის მიერ უარი ეთქვა საქმის მასალების გაცნობაზე.

 

პროკურატურის პოზიცია:

აღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, 2022 წლის  18 იანვარს, PHR-მა განცხადებით მიმართა პროკურატურას და მოითხოვა თამარის დაზარალებულად ცნობა არაადმიანური მოპყრობის და სექსუალური ძალადობის გამო.

2022 წლის 25 იანვარს პროკურორმა PHR-ს აცნობა რომ ამ ეტაპზე თამარს დაზარალებულად არ მიიჩნევს, ვინაიდან ჯერ უნდა დარწმუნდნენ რომ მას, დიაგნოზიდან გამომდინარე, სწორად შეუძლია ფაქტების აღქმა.  პროკურორმა დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად  მიუთითა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის არ არსებობა.

გადაწყვეტილება PHR-მა ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრა, თუმცა რაიონულმა პროკურორმა არ დააკმაყოფილა.

 

სასამართლოს პოზიცია:

2022 წლის 01 თებერვალს საქმე PHR-მა სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოს წარედგინა თამარის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია. მათ შორის, ფსიქიატრიული დაწესებულებიდან მიღებული დოკუმენტაციაც, რომელიც ადასტურებდა თამარის მონათხრობს.  

თამარს სურდა პირადად მოეყოლა მოსამართლისთვის განცდილი ძალადობის შესახებ, ამიტომ სასამართლოს ეთხოვა ზეპირი მოსმენით განეხილა საჩივარი.

2022 წლის 16 თებერვალს სასამართლომ უარი თქვა საჩივრის ზეპირ მოსმენაზე. მოსამართლემ სექსუალური ძალადობის ნაწილში საჩივარი არ განიხილა და  უარი თქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

მოსამართლემ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ მიზეზად საქმეში სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის  არარსებობა მიუთითა. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა.


სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა

ვინაიდან  პროკურატურის და სასამართლოს უარი თამარის დაზარალებულად ცნობაზე ეფუძნებოდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის არ არსებობას, ორგანიზაციამ წერილობით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და თხოვა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის დაჩქარება.

ბიუროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად თამარის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა 2022 წლის 10 იანვარს ჩაბარდა დამკვეთ მხარეს - საგამოძიებო უწყების წარმომადგენელს.

რადგან ამ დასკვნის მიღება უარყო პროკურატურამ და არ წარუდგინა სასამართლოს, გაჩნდა ეჭვი, შესაძლო სამოხელეო დანაშაულის ჩადენაზე. შესაბამისად, PHR-მა გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა გენერალურ პროკურატურას.

ამავდროულად, საქმეში გამოკვეთილი ახალი გარემოებების საფუძველზე PHR-მა კვლავ მოითხოვა თამარის დაზარალებულად ცნობა, თუმცა ამ დრომდე პროკურატურას გადაწყვეტილება არ მიუღია.

PHR აგრძელებს თამარის ინტერესების დაცვას როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

______________________________________________________________________

თამარი*  - სახელი შეცვლილია პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით. 


სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება RFSU (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.