No one has ever become poor by giving


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ძალადობის განხორციელების რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა შემთხვევებში.
[1] სექსუალური ძალადობა ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა და წარმოადგენს დისკრიმინაციას.[2]

ამ ფონზე საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. შესაბამისად, საგრძნობლად დაბალია შშმ ქალთა დაზარალებულად ცნობისა და მათ მიმართ ძალადობაზე სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი.

ამავდროულად, საქართველოში სახელმწიფო უწყებებს არ აქვთ შემუშავებული ერთიანი მაჩვენებლები, რის მიხედვითაც პასუხისმგებელი უწყებები შეძლებენ მონაცემების დამუშავებას. 

მაგალითად, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბებს ვერ შევაფასებთ მხოლოდ პროკურატურისა და სასამართლოს  სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით. იმისათვის რომ მოხდეს შეფასება, საჭიროა ვიცოდეთ, რამდენმა შშმ ქალმა მიმართა სამართალდამცავ ორგანოს და რამდენ შემთხვევაში დაიწყო გამოძიება.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2017 წლიდან 2021 წლის 9 თვის ჩათვლით  17 შშმ ქალი იქნა ცნობილი დაზარალებულად, ხოლო 14 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა შშმ ქალის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე.[3]

გამომდინარე იქედან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს სტატისტიკას რამდენი შეტყობინება შევიდა შშმ ქალთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე და რამდენ საქმეზე დაიწყო გამოძიება,[4] შეუძლებელია შეფასდეს პრობლემის მასშტაბი და  პროკურატურის რეაგირების ეფექტურობა.

რა გვავალდებულებს შშმ ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ სტატისტიკის წარმოებას?

  • ევროპის საბჭოს კონვენცია  “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (სტამბოლის კონვენცია);
  • ევროპის საბჭოს კონვენცია სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“;
  • გაეროს კონვენცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ და სხვა საერთაშორისო აქტები;
  • საქართველოს კანონი ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ და სხვა აქტები

 

რისთვის გვჭირდება სტატისტიკის წარმოება?

სტატისტიკური მონაცემები იძლევა შესაძლებლობას გამოვავლინოთ შშმ ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ სახელმწიფოს მიერ დაშვებული ხარვეზები, გავზომოთ  პრობლემათა მასშტაბები და განვახორციელოთ სახელმწიფოს კონტროლი. გარდა ამისა, სტატისტიკური მონაცემები სახელმწიფოს ეხმარება მიიღოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები (Evidence based Policy).

სტატისტიკური მონაცემები შესაძლებელია წარმოადგენდეს მნიშვნელოვან მტკიცებულებას სამართალწარმოების პროცესში და რაც მთავარია,  ხელს უწყობს თემის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მსხვერპლების გაძლიერებას ხმამაღლა ისაუბრონ ძალადობაზე.


ბლოგის მომზადება შესაძლებელი გახდა პროექტ „Supporting women with disabilities in being, doing and becoming independent” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR”, RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ორგანიზაციების „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) მოსაზრებებს.


[1] Methodological manual for the EU survey on gender-based violence against women and other forms of inter-personal violence (EU-GBV), 2021 edition, page 584

[2] GENERAL RECOMMENDATIONS ADOPTED BY THE COMMITTEE ON THE ELIMINATION OF DISCRIMINATION AGAINST WOMEN, General recommendation No. 19: Violence against women. Eleventh session (1992) §1

[3] საქართველოს გენერალური პროკურატურის 2021 წლის 02 ნოემბრის წერილი

[4] საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 18 ოქტომბრის წერილები