აღნიშული ინტერვიუ ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებრივ მდგომარეობას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. ჩვენი რესპოდენტია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი, რომელსაც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ყოფნის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
- ქეთი* მოგესალმებით. რა შეგიძლიათ გვითხრათ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული ქალების უფლებრივ მდგომარეობაზე?
- ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდს მკურნალობას ვერ დავარქმევ. რაღაცნაირად დაქვემდებარებულები და უსუსური ხდები. პირველ რიგში იმიტომ, რომ შენმა ახლობელმა და ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ თუ მათსავით არ ფიქრობ ან იქცევი აუცილებლად უნდა ჩაგკეტონ. ასეთი განცდა მაქვს თითქოს ნივთი ვარ, უუფლებო, რომელსაც როცა გადაწყვეტენ მოათავსებენ და რამდენ ხანსაც უნდათ იმდენ ხანს დატოვებენ. ამ მოცემულობაში ქალთა უფლებების დაცვაზე საუბარიც ზედმეტია.
- ყველა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ერთნაირი მდგომარეობაა თუ არის ზოგან განსხვავებული მიდგომა?
- ზოგადად დამოკიდებულება ყველგან ერთნაირია. შეიძლება შეგხვდეს კარგი მედიცინის მუშაკი ან ოდნავ უკეთესი მდგომარეობა, მაგრამ მთლიანობაში არაფერს ცვლის. სტერეოტიპული გაწყობა, რომ ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ადამიანი ვერ საზღვრავს საკუთარ საჭიროებებს, ძალიან ღრმად არის გამჯდარი ექიმებსა და მთელს საზოგადოებაში.
ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ჩემს სასარგებლოდ მოქმედებს თუ არა ექიმი, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი თუ ნებისმიერი სხვა პირი. მე უნდა ვიცოდე რა ხდება ჩემს თავს და რატომ. უნდა მქონდეს დროული და საჭირო ინფორმაცია ჩემს მკურნალობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
- ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებულ სამედიცინო სერვისების ეფექტურობაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
- ფსიქიატრიულ დაწებესულებები ხდება სიმპტომური მკურნალობა და არა რეალურად პაციენტის გამოჯანმრთელება. მაგალითად თუ გესმის ხმები, გაგიკეთებენ ტვინის დამთრგუნველს. უძილობაზე იგივე. ყველა პაციენტს უნიშნავენ ძილის წამალს. ეს წამალი არ იწვევს ბუნებრივ ძილს. შეიძლება გეძინოს 12 საათი და მაინც გამოუძინებელმა და დაღლილმა გაიღვიძო. ვერ ისვენებს ორგანიზმი. ქიმიური ნივთიერებებით პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად წამალი და ასევე მკურნალობის მეთოდები. ყველას ერთი დიაგნოზი ხომ არ ექნება. ერთი ისტორია, ერთი ჯანმრთელობა, ნერვები, ასაკი, ბრძოლისუნარიანობა. ინდივიდუალური მიზეზით და ისტორიით ხვდება პაციენტი დაწესებულებაში და ყველას ერთიდაიგივე ნემსი და წამალი როგორ უშველის.
- ხდება თუ არა მკურნალობის პროცესში ქალის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საჭიროებების გათვალისწინება?
- ფსიქიატრიულ დაწესებულებების უმეტესობაში არ ხდება რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებასთან დაკავშირებული საკითების განხილვა. ასევე არ ხდება მკურნალობის დანიშვნისას ქალის ჯანმრთელობის მდგოამრეობის შეფასება და გათვალისწინება. არც ორსულობის ტესტის გვიკეთებენ, არც მკურნალობის დაგეგმვა რეპროდუქციული მდგომარეობის შესაბამისად. ჩემთან პალატაში ხუთი თვის ორსული გოგო იყო. დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ არა მგონია მას რაიმე დამზოგველი მკურნალობის კურსი ქონოდა. იგივე წამლები, კვება დღის რეჟიმი. ყველაფერი ისე ქონდა როგორც სხვებს.
- რა გავლენას ახდენს ფსიქოტროპული წამლები ქალის სექსუალურ ცხოვრებაზე"
- ფსიქოტროპული წამლები უარყოფითად მოქმედებს რეპროდუქციული ჯანმრთელობაზე. ფსიქოტროპული მედიკამენტების ერთ–ერთი ისეთი გვერდითი ეფექტი არის სექსუალური დისფუნქცია, რომელიც ძალიან დიდ სტრესს იწვევს ქალის ცხოვრებაში. იმ ქალ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ერთ ან მეტ ფსიქოტროპულ საშუალებას, სექსუალური დისფუნქციის თითქმის ყველას აქვს.
ფსიქოტროპული მედიკამენტების გვერდით ეფექტია, ასევე სისხლის შრატში პროლაქტინის დონის მატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ხოლო მოგვიანებით შეამციროს ძვლების მინერალური სიმკვრივე. ორჯერ მე თვითონ მოვახსნევინე ექიმებს წამალი, რადგან იმ წამლების მიღებისას ციკლი მიწყდებოდა. მე ეს ვიცოდი რომ წამლის ბრალი იყო. წამლის შეწყვეტა რომ მოვითხოვე, მკურნალობა არაფერი ჩაუტარებიათ, არც ანალიზები გამიკეთეს უბრალოდ მომიხსნეს წამალი. ფსიქოტროპული წამლები ასევე უარყოფითად მოქმედებს ღვიძლზე და თირკმელზე, რადგან ეს ორი ორგანო ამუშავებს ქიმიური ნივთიერებებს. არცერთი ორგანოს გამოკველვა არ ტარდება.
- კონტრაცეპტივი თუ არის პაციენტისთვის მისაწვდომი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ?
- არავის არაფერი არ შემოუთავაზებია. ფსიქიატრიულ დაწესებულებების უმრავლესობაში სომატური ჯანმრთელობა და ადამიანის ფიზიკური საჭიროებები არც განიხილება.
- ხდება თუ არა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ქალებისთვის კიბოს და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა სკრინინგ პროგრამებში ჩართვა?
- ნებაყოფლობით
მოთავსების შემთხვევაში, შეგიძლიათ თუ არა დაუბრკოლებლად დატოვოთ დაწესებულება?
- მე უმრავლესად ნებაყოფლობით მივდივარ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, თუმცა კლინიკის ნებაყოფლობით დატოვების შანსი არაა. როცა გასაწერი ვარ ვითხოვ და ძალიან უჭირთ გაშვება. ვითხოვდი, რომ ექიმს ვენახე, რათა დარწმუნებულიყო, რომ აღარ იყო ჩემი დარჩენა საჭირო, მაგრამ არ მოდიოდა ექიმი. ორთვენახევარი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ისე ვიყავი, რომ ჩემი იქ დარჩენა არ იყო საჭირო.
- პაციენტებს შორის ძალადობის პრევენცია თუ ხორციელდება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში?
- ამის შესახებ არც ინფორმაცია გვაქვს და არც დაცულები არ ვართ. ქალების და კაცების პალატები არის გვერდიგვერდ. ყოფილა შემთხვევები ღამით პაციენტს უძალადია მეორე პაციენტზე. შესაძლებელია ამ დროს არ შეგეძლოს ან ფიზიკურად ან მენტალურად შეწინააღმდეგება და შენთან დაამყაროს არასასურველი კავშირი. ქალები და კაცები დაწესებულებაში უნდა ხვდებოდნენ ერთმანეთს საერთო სივრცეში. მაგალითად სადილობისას ან გასეირნების დროს, (სადაც ეს შესაძლებელია) თუმცა ერთ სივრცეში ქალების და მამაკაცების პალატების არსებობა მატებს ქალთა მიმართ ძალადობის რისკებს.
მეც ვყოფილვარ ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ არავის დახმარებით არ მისარგებლია. ფსიქიატრიულში ძალადობის დამტკიცება ძალიან ძნელია. ეჭვის თვალით გიყურებენ და მიაჩნიათ, რომ ძალადობა შენი ფანტაზიის ნაყოფია.
საჭირო მხარდაჭერა რომ ვერ ვნახე, იძულებული გავხდი თავად დავმეგობრებოდი ჩემს თავს და თავად მეშველა ჩემი თავისთვის, რადგან 11 წელია ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტი ვარ და სასიკეთო არაფერი მომხდარა ჩემთვის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ყოფნისას.
- თუ უარს განაცხადებთ
არა ნებაყოფლობით მკურნალობაზე, ასეთ შემთხვევაში რა ხდება?
- პაციენტისგან წინააღმდეგობის შემთხვევაში მიმართავენ იძულების ღონისძიებებს, მათ შორის დაბმის მეთოდეს. ეს მდგომაროება ძალიან დამამცირებელი და ღირსების შემლახავია, რის გამოც, პაციენტი ცდილობს შეეწინააღმდეგოს იძულებით ინექციას. ეს ექიმების მხრიდან აღიქმება როგორც ქცევის გამწვავება და არა ისე რაც რეალურად არის - საკუთარი ავტონომიის დაცვა. დაბმისას სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მეც შეურაცხყოფით ვუპასუხე. დაბმულზე სილა გამაწნეს. მინდა ვიდაო ამის შესახებ, მაგრამ არ მყავს მოწმეები. ექიმები ამას არ დადასტურებენ. ისე ძლიერად გამარტყეს იმ დღეს პური ვერ დავღეჭე, რომ მეჭამა.
პაციენტებს რომლებსაც, წესით უნდა ეხმარებოდნენ და მკურნალობდნენ აბამენ და შეურაცხყოფას აყენებენ. ნემსის გაკეთებაზე ყოველთვის უარზე ვიყავი, რადგან ეს ინექცია თრგუნავს ტვინს, ვეღარ ახერხებ საკუთარი მდგომარეობის კონტროლს. ქრება ფხიზელი ცნობიერება. ამას ვერ ვიტანდი. მხოლოდ პაციენტის გათიშვა უნდათ რომ არ შეეწინააღმდეგო, არ შეაწუხო ექიმები.
ერთერთი შებოჭვის დროს, (მაშინაც ნემსის გაკეთებაზე ვამბობდი უარს), მუშტი დამარტყეს სახეში. ყველა არ არის ესეთი, თუმცა ექიმთა უმრავლესობა წინააღმდეგობას რომ ხედავენ პაციენტისგან, აგრესიულები ხდებიან. სამი კვირა მქონდა თვალი დალურჯებული. განა ჩემს მიმართ ქონდათ განსაკუთრებულად მტრული განწყობა, ზოგადად პაციენტებთან მოქცევა არ იციან. წინააღმდეგობის გაწევისას არ ფლობენ სათანადო უნარ ჩვევებს. ზოგჯერ შეიძლება იყოს აუცილებელი ექიმის მხრიდან თუნდაც შებოჭვის მეთოდების გამოყენება, მაგრამ ეს ისე უნდა განხორციელონ, რომ არ მიაყენონ პაციენტს ზიანი და შეურაცყოფა. ექიმთა უმრავლესობა არ ფლოებს ამ მეთოდებს და დიდადაც არ აწუხებთ ეს ძალადობა, რადგან იქ ყველაფერი მათ ხელშია, ვერაფერს დაამტკიცებ. დაბმის პროცესს უყურებენ სხვა პაციენტები. ეს ჩემთვის არის ღირსების შემლახავი და მათთვის კი „ჭკუის სასწავლებელი“, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, მათაც იგივე მოუწვეთ.
- თუ სწორად გავიგე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში რეალურად არ ხდება სერვისის მიმწოდებელთა მკურნალობა და დახმარება?
- არანაირი გამოჯანმრთელება და პაციენტის დახმარება. არც უფლებების გაცნობა, არც მხარდაჭერა და გამხნევება. ძალიან დათრგუნული ვიყავი. თუმცა, მე მყავს მეგობრები და ოჯახი, რომლებიც მეხმარებიან. ზოგს არავინ არ ყავს. იმ ადამიანებს ძალიან უჭირთ. რადგან ფსიქიატრიულში მოხვდი რაღაც განყენებულად გიყურებენ. თუ ერთხელ მოხვდი ფსიქიატრიულ კლინიკაში ექიმები თვლიან, რომ მთელი ცხოვრება უნდა სვა წამლები და სულ ფსიქიატრიული დაწესებულების ინტერი უნდა იყო. საზოგადოების განწყობაც ძალიან დამთრგუნველია. ხალხის მიუღებლობის გამო, იძულებული ხარ დამალო რომ მკურნალობ, რადგან თუ ფსიქიკური პრობლემები გაქვს ითვლება რომ „ჩამოწერილი“ ადამიანი ხარ.
ყველას გარკვეული საჭიროებები და სირთულეები აქვს ცხოვრებაში. ზოგიერთს შეიძლება დროდადრო სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსება ესაჭიროება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სხვაზე ნაკლები ღირსება ან თავმოყვარეობა მე არ განვიკითხავ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრებაში სხვადასხვა სირთულე აქვთ. თუმცა მეც უნდა მიმიღოთ ისეთი როგორც ვარ. მე საზოგადოების მრავალფეროვნების ნაწილი ვარ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონედ თავს ვგრძნობ არა ჩემი ჯანმრთელობის მგომარეობის, არამედ საზოგადოების მხრიდან ჩემს მიმართ არსებული განწყობის და დამოკიდებულებების გამო.
* რესპოდენტის სახელი შეცვლილია
ინტერვიუზე მუშაობდა ორგანიზაციის იურისტი
თამარ გაბოძე
პროექტი ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.