„ამდენ ხანს რატომ ითმენდი“? ეს არის შეკითხვა, რასაც მსხვერპლ
ქალებს, როგორც წესი, პოლიციის განყოფილებაში შესვლისთანავე უსვამენ. ამ კითხვას ყოველთვის
ვაპროტესტებ, წინმსწრებადაც ვაფრთხილებ ქალებს, რომ შეკითხვას არ უპასუხონ.
ვუხსნი პოლიციელს რა ზიანს აყენებს ამ დროს ქალს, მაგრამ უკვე დასმულ კითხვას ვერაფერს
უზამ. ამ კითხვაზე ერთნაირი რეაქცია აქვს ყველას – თავს ხრიან, იბნევიან და ცდილობენ,
როგორმე ისეთი პასუხი გასცენ, პოლიციელს მის მიმართ თანაგრძნობის განცდა გაუჩინონ.
დიახ, პოლიციის განყოფილებაში შესული ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი, ძალადობის
მსხვერპლი ქალისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პოლიციელში მხარდამჭერი დაინახოს.
რეალურად კი, უამრავი ფაქტორია, რის გამოც ქალები ითმენენ ძალადობას და სამართალდამცავებს დასახმარებლად არ მიმართავენ. 2017 წელს საქართველოში ჩატარებული ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის თანახმად, დასახელდა ძირითადი მიზეზები, რის გამოც ქალები დუმილს არჩევენ, მათ შორისაა: ოჯახის შერცხვენა, უფრო მძიმე ძალადობის განხორციელების შიში, სირცხვილისა და შიშის განცდა, რომ არ დაუჯერებენ ან მომხდარში მას დაადანაშაულებენ, სხვა ქალების უარყოფითი გამოცდილება, არასაკმარისი ინფორმაცია, ძალადობის ნორმად აღქმა, შვილების დაკარგვის შიში, და ა.შ. [1]
ძალიან ხშირად, როდესაც ქალები დახმარებისთვის მოგვმართავენ და გვიყვებიან სხვადასხვა ფორმით ძალადობის შესახებ, პირველ რიგში, გვეკითხებიან, სხვას თუ მოუმართავს იგივე შემთხვევაზე, პირველი ხომ არ არის ვინც ამაზე ხმამაღლა დაიწყო საუბარი?! ეს კითხვები გაცილებით ხშირად ისმევა იმ შემთხვევაში, თუ ფაქტი ფიზიკურ ძალადობას არ უკავშირდება. ქალებს ეშინიათ, რომ ასეთი მძიმე შემთხვევების ფონზე, შეიძლება საზოგადოებამ დასცინოს კიდეც „უმნიშვნელო“ ძალადობის გამო.
ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის, ძალადობაგამოვილილი ქალის დასარწმუნებლად, ენდოს სახელმწიფოს, ყველაზე კარგი ბერკეტი სტატისტიკაა. სტატისტიკა, რომელიც თითქმის არასდროს მაქვს, რადგან სახელმწიფოს არ მიაჩნია მნიშვნელოვნად იცოდეს, ქალები რა ფორმით და რამდენჯერ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები, რა მოსდით ამ ქალებს მოძალადის საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, განიცდიან თუ არა ისინი განმეორებით ძალადობას და კიდევ სხვა უამრავი. იმ პირობებში, როდესაც დაბალია სამართალდამცავი ორგანოებისადმი ნდობა, როდესაც პოლიციის განყოფილებაში მისული ქალი ხშირად განიცდის რევიქტიმიზაციას, როდესაც რეაგირება გაჭიანურებულია, ქალებს უჭირთ, დაიჯერონ, რომ სახელმწიფო მას დაიცავს და მოძალადის პირისპირ მარტო არ დატოვებს.
რა გავლენა შეუძლია მოახდინოს სათანადო გენდერულმა სტატისტიკამ ძალადობის შესახებ შეტყობინებაზე? პირველ რიგში, გენდერული სტატისტიკის წარმოება ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მათ ინფორმირებას ზოგადად ძალადობისა და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების შესახებ. ამასთანავე, მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნება ძალადობა გამოვლილი ქალების წასახალისებლად, მიმართონ სახელმწიფოს უფლებების დასაცავად. ცოდნა იმისა, რომ შენ ერთადერთი არ ხარ ამ გამოცდილებით და რომ ის სხვა ქალები, ვინც დაუპირისპირდნენ ძალადობას, სახელმწიფომ დაიცვა, გაძლიერებს და გეხმარება იბრძოლო შენი უფლებებისთვის.
ბლოგის ავტორი: ანა თავხელიძე.