შორენა ფხალაძეს 11 წლიდან სმენის დაქვეითება აღენიშნება. იგი ბავშვობაში იტარებდა გამოკვლევებს, ასევე, სხვადასხვა წლებში გაცემული სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.
2019 წელს მან აღმოაჩინა, რომ ეკუთვნოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და სოციალური პაკეტი (შშმ პირთა პენსია). მან მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებულ პოლიკლინიკას. თუმცა, ვინაიდან მან პოლიკლინიკას ვერ წარუდგინა ბავშვობაში ჩატარებული აუდიოგრამები, პოლიკლინიკამ მას უარი უთხრა შშმ პირის სტატუსის იმ ფორმის მინიჭებაზე, რომელიც მას შშმ პირის პენსიას მისცემდა. ამის მაგივრად, პოლიკლინიკამ მას „ზომიერად გამოხატული შშმ პირის სტატუსი“ მიანიჭა, საერთო დაავადების საფუძველზე, რაც შორენას პენსიის მიღების შესაძლებლობას ართმევდა. შედეგად, 2020 წლის 11 თებერვალს, სოციალური მომსახურების სააგენტომ მას პენსია არ დაუნიშნა.
შორენამ ბრძოლა სასამართლოში განაგრძო და უჩივლა სოციალური მომსახურების სააგენტოს იმის გამო, რომ მას რეალურად ეკუთვნოდა სახელმწიფოს მიერ დანიშნული პენსია, ვინაიდან მართლაც ჰქონდა ბავშვობიდან სმენის პრობლემა. ამ ფაქტს იგი აუდიოგრამის არარსებობის მიუხედავად, მოწმეების ჩვენებებით და სხვა დოკუმენტებით ადასტურებდა.
სასამართლოს მიმდინარეობის პროცესში შორენამ მოიპოვა გენეტიკური კვლევის შედეგიც, რომელიც მის სიმართლეს ადასტურებდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება შორენას სასარგებლოდ მიიღო. მოსამართლემ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაავალა შორენას გადაუხადოს სოციალური პაკეტით გათვალისწინებული თანხა. ასევე, სასამართლომ სააგენტოს დაავალა განვლილი პერიოდისთვის მისაღები თანხის კომპენსაცია, კერძოდ, 2020 წლის პირველი მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განკუთვნილი თანხის გადახდა. საქმეზე მოსამართლე დავით წერეთელმა იმსჯელა.
სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელიც მიუთითებდა იმის თაობაზე, რომ თუ მოქალაქე კანონით განსაზღვრულ ერთ დოკუმენტს არ წარმოადგენდა, მას არ უნდა მისცემოდა თავისი დარღვეული უფლების აღდგენის საშუალება.
PHR საქმეში სააპელაციო სასამართლოს ეტაპზე ჩაერთო შორენას უფლებების დასაცავად. მოსარჩელესთან ერთად, PHR-ი ამტკიცებდა, რომ მოქალაქეების ინტერესები არ უნდა დაზარალდეს, იმის გამო რომ ქვეყანაში დოკუმენტების შენახვის სისტემა და მათი წარდგენის შესაძლებლობა გამართული არ არის.
სწორედ იმიტომ, რომ შორენამ შშმ სტატუსის მინიჭებაზე პასუხისმგებელი სამედიცინო დაწესებულება, ისევე როგორც, სოციალური მომსახურების სააგენტო არ დაინტერესდა ალტერნატიული დოკუმენტების გამოკვლევით, შორენა იძულებული გახდა სასამართლოსთვის მიემართა და იქ დაემტკიცებინა თავისი სიმართლე. რაც მან წარმატებით განახორციელა და სხვა შშმ პირებს სამართლებრივი ბრძოლის საუკეთესო მაგალითი ანახა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩივარი. მოსამართლე - თამარ ონიანი.
მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ბევრს შშმ პირს საშუალებას მისცემს საკუთარი უფლებები სასამართლოს გზით დაიცვას და ადმინისტრაციული ორგანოების დაშვებული ხარვეზების გამოსწორებას ამ გზით მიაღწიოს.
PHR-ის ადვოკატები:
ანა არგანაშვილი თამარ კაპანაძე