No one has ever become poor by giving


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც დგას შშმ ქალთა და გოგონების წინაშე არის ჯანდაცვის სერვის-პროვაიდერების ცოდნის ნაკლებობა ზოგადად შშმ პირების, და კერძოდ შშმ ქალების და გოგონების სპეციფიური საჭიროებების შესახებ.

პირველად ამ პრობლემას შევხვდი საკუთარი გამოცდილებით, როდესაც უნივერსიტეტში სწავლის დროს დამემართა ფსიქოზური მდგომარეობა და მომათავსეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. იქ არ მიმდინარეობდა და არც ახლა მიმდინარეობს რაიმე სახის გამოკვლევა შესაძლო ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, არადა მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ქალი ან გოგონა თავისუფლად შეიძლება გახდეს ძალადობის მსხვერპლი უშუალოდ სტაციონარში მოთავსებამდე. ძალადობა შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, მათ შორის ოჯახის წევრების მხრიდან, ასევე სექსუალური, თუმცა ამაზე სტაციონარში მოხვედრილ ქალებს როგორც წესი არ ეკითხებიან.

გარდა ამისა, ტესტი შესაძლო ფეხმძიმობის ფაქტის დასადგენად არ ტარდება, რაც იწვევს ორ დიდ პრობლემას: პირველი-სექსუალური ძალადობის შემთხვევაში აბორტის გაკეთების სტანდარტული ვადა შეიძლება იყოს გაშვებული, და თან სექსუალური ძალადობის ფაქტიც არ იქნება დადგენილი. მეორე-ფსიქოტროპული წამლები მოქმედებს ჩვილზე, და მკურნალმა ექიმმა უნდა იცოდეს ქალის ფეხმძიმობის შესახებ მისი მკურნალობის პროცესის სწორად მართვის მიზნით.

კიდევ ერთი პრობლემა დაფიქსირდა როგორც საქართველოში, ჩემი და რამდენიმე სხვა ქალის პირადი გამოცდილებით, ასევე საქართველოს გარეთაც, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. საქმე იმაშია, რომ ფსიქოტროპული წამლების მიღების დროს შეიძლება შეწყდეს მენსტრუალური ციკლი, და ქალი იქნება დარწმუნებული რომ დაფეხმძიმდა. ზოგი ქალი ითხოვს ფეხმძიმობაზე ტესტის ჩატარებას, რომელიც არ ტარდება, რადგან ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამა მსგავს ტესტირებას არ ითვალისწინებს. ამასთან დაბალი მედპერსონალის მხრიდან ქალი უსმენს ნეგატიურ კომენტარებს და ზოგჯერ დაცინვას მისი „ფეხმძიმობის“ მისამართით. ქალი კი ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ნამდვილად ფეხმძიმედ არის, ბრაზობს პერსონალზე უნდობლობის ან პირდაპირი დაცინვის გამო და თან ეშინია, რომ მკურნალობა ცუდად იმოქმედებს ბავშვზე. ეს ნერვიულობა, შიში და ბრაზი ბუნებრივად შეიძლება გამოიხატოს ქცევაში და თავისუფლად შეიძლება დამთავრდეს ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის გამოყენებით. მე „გამიმართლა“ ამ კუთხით, იმიტომ რომ სტაციონარიდან გამიყვანეს სამ კვირაში (ოჯახის ინიციატივით), და შესაძლებლობა მომეცა მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის მიზეზის სტაციონარის გარეთ გამომეკვლია. ჩემს კოლეგას ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან ასე არ გაუმართლა: სტაციონარში მოხვედრის მერე ციკლის შეწყვეტისთანავე იფიქრა რომ ფეხმძიმედ არის, ცდილობდა პერსონალის დარწმუნებას რომ არ უნდა უმკურნალონ ფსიქოტროპული წამლებით, რადგან ეს ცუდად იმოქმედებს ბავშვზე, თუმცა პერსონალმა გადაწყვიტა რომ ეს უბრალოდ მისი სურვილია თავიდან მოაშოროს წამლები და ადამიანური პასუხების ნაცვლად მის მიმართ გამოიყენეს მთელი რიგი არანებაყოფლობითი ზომები. რასაკვირველია, შეზღუდვების გამოყენება აქრობს რამის დამტკიცების ნებისმიერ სურვილს, შესაბამისად სტაციონარში ყოფნის მთელი პერიოდი ქალი იყო ჩუმად, მაგრამ ღრმად დარწმუნებული, რომ რეალურად არის ფეხმძიმედ და ეს არანებაყოფლობითი ინექციები აზიანებს ბავშვს. მისი გადმოცემით იყო შეშინებული, და თან გრძნობდა, რომ არ შეუძლია არც საკუთარი თავის დაცვა, არც ბავშვის. მსგავსი სტრესი და დამატებითი ტრავმული გამოცდილებები სულაც არ მოქმედებს კარგად ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

ამ მაგალითებზე იკვეთება სისტემური პრობლემები. პირველი-დაცინვა და იგნორირება მედპერსონალის მხრიდან. საკმაოდ ხშირად მსმენია საქართველოს ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან გამოსული ქალი პაციენტებისგან, რომ დაბალი მედპერსონალი ეჭვის ქვეშ აყენებდა პაციენტის სიტყვებს, რომ მას ჰყავს შვილი, ქმარი ან, როგორც ზემოთმითითებულ შემთხვევაში, რომ ის ფეხმძიმედ არის. წარმოიდგინეთ, რამდენად „გამწვავდება“ ნებისმიერი ფსიქიკურად ჯანმრთელი ქალის მდგომარეობა, თუ ვინმე დაიწყებს მტკიცებას, რომ სინამდვილეში შვილი ან ქმარი არ ჰყავს, რომ ეს ეჩვენება. არადა, ფსიქიკური პრობლემების მქონე ქალს შეიძლება მოუწიოს ამის მოსმენა, და მისგან ელოდებიან სიმშვიდის შენარჩუნებას და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ამას ემატება შვილისგან შორს ყოფნა, და პრობლემები კომუნიკაციასთან. რასაკვირველია, მსგავსი სიტუაციები შეიძლება დამთავრდეს კონფლიქტით, სადაც პაციენტი ქალი იქნება წარმოდგენილი როგორც „აგზნებული, აგრესიული ქცევის მქონე პაციენტი, რომელიც საფრთხეს ქმნის ირგვლივ მყოფებისთვის.“ კონფლიქტების მიზეზები და მაპროვოცირებელი ფაქტორები მსგავს ჩანაწერებში როგორც წესი არ ხვდება.

მეორე სისტემური პრობლემა-პაციენტის და ოჯახის წევრების ინფორმირების ნაკლებობა მკურნალობის ეფექტების, მათ შორის გვერდითი ეფექტების შესახებ. ის, რომ ზოგიერთი ფსიქოტროპული წამალი ცუდად მოქმედებს მენსტრუალურ ციკლზე, და შეიძლება გამოიწვიოს სხვა სერიოზული პრობლემები-ცნობილი ფაქტია. თუმცა, ეს ფაქტი გახდა ცნობილი ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის მხოლოდ იმის შემდეგ რაც გავიარეთ რამდენიმე კლინიკა, არ მივიღეთ პასუხი, რატომ არ მაქვს ციკლი უკვე ნახევარი წელი, დამინიშნეს მკურნალობა, რომელიც საჭიროებდა ბევრი წამლის მიღებას, და საბოლოო ჯამში როდესაც ამან არ გამოიწვია მენსტრუალური ციკლის აღდგენა, მივედით ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში და ჩემმა მკურნალმა ექიმმა მშვიდად უთხრა დედაჩემს, რომ „ეს შეიძლება იყოს წამლების ბრალი“. მახსოვს დედაჩემის შოკი, როდესაც მან ჰკითხა ექიმს, „კი, მაგრამ თქვენი აზრით ეს ნორმალურია?“ მან კი გვიპასუხა, რომ „სხვა გამოსავალი არ არის, ავადმყოფია და უნდა მიიღოს წამლები“. არ დააკონკრეტა როდემდე უნდა მიმეღო წამლები, მაგრამ გულისხმობდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე. ალტერნატიულ წამალზე საუბარი არ იყო. გარდა პრობლემებისა ციკლთან, მქონდა კონცენტრაციის პრობლემები, ძილიანობა,  ღვიძლის პრობლემები და სრული უემოციურობა. ინფორმაციის არმიწოდების გამო დედაჩემი დარწმუნებული იყო რომ ყველა ეს პრობლემა გამომდინარეობს ჩემი ფსიქიკური ავადმყოფობისგან, და საჭიროებს კიდევ უფრო მეტი წამლის გამოყენებას. მხოლოდ ციკლის მაგალითზე დაინახა, რამხელა გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს გამოწვეული ფსიქოტროპული წამლების მიღებით და მომავალში მეტი თავისუფლება მომცა მკურნალობაზე გადაწყვეტილებების მიღების დროს.

და მესამე სისტემური პრობლემა-რომ თავად მედპერსონალმა შეიძლება არ იცოდეს, როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს რეპროდუქციულ და სექსუალურ ჯანმრთელობაზე გარკვეულმა მკურნალობამ, როგორ შეიძლება ამ ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა, რა არის მოსალოდნელი რისკები, და ა. შ. ამასთან, მედპერსონალმა არ იცის, რა არის პაციენტის უფლებები, რას მოიცავს ინფორმირებული თანხმობა, როგორ უნდა მოახდინოს კომუნიკაცია შშმ პირებთან, და როგორ შეიძლება მრავალი შეზღუდვების მქონე ადამიანის საჭიროებების გათვალისწინება. ექიმების და ექთნების განათლებაში შშმ პირთა საჭიროებების საკითხი შედის მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის დადგენასთან დაკავშირებით. მრავალმხრივი საჭიროებების გათვალისწინება, შშმ პირთა უფლებები და შშმ პირებთან კომუნიკაცია ამ ფორმალურ განათლებაში არ შედის, და არ მიეწოდება ტრენინგების სახით.

განათლების პრობლემა არის საკვანძო, მისგან გამომდინარეობს მრავალი სხვა პრობლემა, და სწორედ მედპერსონალის განათლების პროგრამაში შშმ პირთა, მათ შორის შშმ ქალთა თემატიკის შეტანის გზით შეიძლება სამედიცინო მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება და შშმ ქალთა და გოგონების უფლებების დაცვა.

 

ავტორი: ოლგა კალინა


ბლოგის მომზადება შესაძლებელი გახდა პროექტ „Supporting women with disabilities in being, doing and becoming independent ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR”, RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.