No one has ever become poor by giving


პოლ რაილი აშშ-ს ქალთა საფეხბურთო ეროვნული ლიგის (შემდგომში N.W.S.L.) მესამე მწვრთნელია, რომელიც თანამდებობრივი გადაცდომის გამო მწვრთნელის პოზიციიდან გაათავისუფლეს. სამივე მწვრთნელი, რომელსაც თანამდებობის დატოვება მოუწია კაცია, მათ მიერ ჩადენილ ძალადობას წარმატებული სპორტსმენი ქალები ზემდგომ ორგანოებში ასაჩივრებენ.

2021 წლის სექტემბერში ამერიკის ქალთა უმაღლესი საფეხბურთო ლიგის წამყვანი კლუბის მწვრთნელი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მას კლუბის ყოფილმა მოთამაშეებმა სიტყვიერ და სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალი. ფეხბურთელებზე ძალადობა მათი გუნდში თამაშისას ხდებოდა. ეს ამბავი საგანგაშო ზარივით გაისმა და ძალაუფლების იმ დინამიკაზე მიანიშნა, რომელმაც წარმატებული, პროფესიონალი სპორტსმენი ქალები მოწყვლად პოზიციაში ჩააყენა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალების ცნობადობა და ანაზღაურება ბოლო რამდენიმე წელიწადში გაიზარდა, ისინი ძალადობისგან დაუცველები აღმოჩნდნენ.

სექტემბერში, ერთი კვირის განმავლობაში ორი მწვრთნელი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან გადაცდომის, ვერბალურ და სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების გამო. North Carolina Courage-ის მწვრთნელი პოლ რაილი და Washington Spirit-ის მწვრთნელი რიჩი ბარკი თანამდებობიდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც ფეხბურთელმა ქალებმა დაიწყეს მწვრთნელების მიერ ძალადობის შესახებ საუბარი. ბარკის შემთხვევაში იძულებით სექსუალურ ქცევაზე გაჟღერდა ბრალდება. 2021 წლის აგვისტოდან კი ჯამში სამი მწვრთნელი გაათავისუფლეს. მესამე მწვრთნელი ქრისთი ჰოლია, რომელიც Racing Louisville - ს წვრთნიდა, თუმცა მისი გათავისუფლების მიზეზი არ გახმაურდა.

რაილისა და ბარკის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში, რომლიც თავის მხრივ მხოლოდ ცხრა წლისაა და ჯერ კიდევ იბრძვის დამკვიდრებისთვის, შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. მიმდინარე მოვლენებმა ასევე წამოწიეს საკითხის მოგვარების პრობლემა - თუ როგორ უჭირს ლიგას, დასაქმების ადგილზე სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული საკითხებთან გამკლავება. ბრალდებების უმეტესობა გაჟღერებული იყო, N.W.S.L-ის მხრიდან გამოძიებაც კი მიმდინარეობდა რამდენიმე ბრალდებაზე, თუმცა იმ მომენტამდე, სანამ ფეხბურთელმა ქალებმა საჯაროდ არ დაიწყეს შევიწროების და ძალადობის ფაქტებზე საუბარი, არანაირი გადამწყვეტი ქმედება არ განხორციელებულა.

განცხადებაში, ლიგის კომისარმა, ლაიზა ბეირდმა განაცხადა რომ ის რაილის მიმართ გაკეთებული განცხადებებით „შოკირებული და შეძრწუნებული“ იყო. თუმცა, მის განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ, რომ სპორტსმენებმა მას საჯარო განცხადებებამდე გაცილებით ადრე აცნობეს არსებული ძალადობრივი გარემოს შესახებ.

ასევე სექტემბერში, მას შემდეგ, რაც არაერთი ბრალდება გაჟღერდა გასულ წლებში მწვრთნელების, საფეხბურთო მფლობელების, კლუბის მმართველების მხრიდან განხორცილებულ ძალადობაზე, ფეხბურთელთა კავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, კავშირი ლიგისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ გაატარონ ზომები დამნაშავეების მიმართ.

ფეხბურთელთა კავშირმა მოითხოვა რაილის წინააღმდეგ დაუყოვნებლად დაწყებულიყო გამოძიება; ასევე ნებისმიერი თანამდებობის მქონე პირის მიმართ, ვინც დაარღვია შიდა რეგულაციები შევიწროებასთან დაკავშირებით, ან არ მოახდინა რეაგირება. მათ ასევე მოითხოვეს ინფორმაცია, წინა გაჟღერებული ბრალდებებთან მიმართებაში რა ზომები გატარდა.

„სიტყვებით ვერ გადმოვცემთ ჩვენს მიერ განცდილ ბრაზს, ტკივილს და იმედგაცრუებას. ფეხბურთელებმა კი გვინდა, იცოდნენ, რომ ჩვენთან ყოველთვის იქნება მათთვის შექმნილი უსაფრთხო სივრცე.“, ნათქვამია ფეხბურთელთა კავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

განცხადება მოჰყვა ფეხბურთელების მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა მათზე სიტყვიერი და სექსუალური ძალადობა მწვრთნელების მხრიდან. სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ ძალადობა მას შემდეგაც არ წყდებოდა, რაც სპორტსმენები გამოძიებისთვის ზემდგომ ორგანოებს მიმართავდნენ.  

ყველაზე დიდი ხმაური კი The Athletic-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას მოჰყვა. სტატიაში იყო ბრალდებები რაილის წინააღმდეგ, რომლიც Courage-ის მწვრთნელი იყო 2018-2019 წლების ჩემპიონატში. ბრალდებების თანახმად, მან ერთ-ერთი სპორტსმენი აიძულა, დაემყარებინა მასთან სექსუალური კავშირი და ასევე აიძულა ორ ფეხბურთელს, ეკოცნა ერთმანეთისთვის და მისთვის სექსუალური შინაარსის ფოტოები გაეგზავნათ. რაილი ასევე სიტყვიერად ამცირებდა სპორტსმენებს. სტატიაში ასევე ეწერა, რომ რაილი 2015 წელს Portland Thorn- იდან შევიწროვების ბრალდებების გამო გაათავისუფლეს. სტატიის გამოქვეყნებიდან  რამდენიმე საათში რაილი Courage-ის მწვრთნელის პოზიციიდან გაათავისუფლეს.

„მიმდინარე მოვლენების ფონზე, North Carolina Courage -მა გაათავისუფლა მთავარი მწვრთნელი, პოლ რაილი. დადგენილება უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ. რაილის გათავისუფლების მიზეზი მის მიმართ არსებული მძიმე ბრალდებებია,“ - ნათქვამია კლუბის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

N.W.S.L. -ის მხრიდან ასევე გაკეთდა განცხადება, რომ რაილის შესახებ შეტყობინება გაკეთდებოდა U.S. Center for Safe Sport-თან (აშშ-ს უსაფრთხო სპორტის ცენტრი). ეს არასამთავრობო ორგანიზაცია დაარსდა აშშ-ს ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ და მისი მიზანია სპორტსმენების სექსუალური, ფიზიკური და ემოციური ძალადობისგან დაცვა. ასევე, აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ რაილის მწვრთნელის ლიცენზია შეუჩერდა. რაილიმ The Athletic-ის მიერ გაჟღერებული ბრალდებები უარყო.

რაილის გათავისუფლება მოჰყვა საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთი გუნდის, Washington Spirit-ის მწვრთნელის წინააღმდეგ წარმოებულ გამოძიებას, სადაც ლიგამ არ გაიზიარა გამოძიების მიგნებები, თუმცა მწვრთნელი გაათავისუფლა. „N.W.S.L.-ის მმართველთა საბჭომ დაადგინა, რომ Spirit-მა და მისმა მფლობელმა ვერ იმოქმედა ლიგის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია N.W.S.L. განცხადებაში.

გამოძიებას ბიძგი The Washington Post-ის სტატიამ მისცა. პოსტის მიერ მოპოვებულ მასალაში ირკვევა, რომ ბარკის მიერ მუდმივად ხორციელდებოდა მუქარა, პირადი შეურაცხყოფა გუნდის წევრების მიმართ. ერთ-ერთი ფეხბურთელი, კაილა მაკ კოლოუ ამბობს, რომ მან გუნდი სწორედ ბარკის ძალადობის გამო დატოვა.

ქალი ფეხბურთელების ძალადობის ისტორიებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი წამოიწია.  ერთ-ერთი თემა, რომელიც გამოიკვეთა, დაუცველობის განცდაა ქალ სპორტსმენებში. ასევე გამოიკვეთა ფინანსური საკითხიც. ქალი სპორტსმენების დაახლოებით სამი მეოთხედი საკმაოდ დაბალ თანხას გამოიმუშავებს წლიურად და ამ საკითხს მოძალადეები კარგად იყენებენ.

ქალთა საფეხბურთო ლიგაში არსებული პრობლემები სათავეს გაცილებით უფრო ადრინდელი პერიოდიდან იღებს. 2012 წელს ლიგის წინამორბედ ქალთა პროფესიონალურ საფეხბურთო ლიგაში, რომელიც დაიშალა, მოთამაშეები ხელმძღვანელებს მუქარასა და დაშინებაში ადანაშაულებდნენ.

ამ ეტაპზე, N.W.S.L. სპორტსმენთა ასოციაცია გამოძიებას და მოქმედებას მოითხოვს.

 

მასალა მომზადებულია შემდეგ წყაროზე დაყრდნობით: NY Times

თარგმანი და ადაპტაცია - ანიკა ტიზლიარიშვილი. 

*ფოტო: მედი მეიერი / Getty Images

მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

სტატია მომზადებულია პროექტ „ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში“- ფარგლებში. მე მოგიყვები ჩემს ისტორიას. მეათე ისტორია.