No one has ever become poor by giving

ლოქდაუნი და პრობლემები, რომლებიც ათლეტ ქალებს გარეთ ვარჯიშისას შეექმნათ.

2020 წლის თებერვალში, უელსში რამდენიმე წამყვანმა ათლეტმა ქალმა ხმამაღლა დაიწყო საუბარი შევიწროების შესახებ, რომელიც ლოქდაუნის დროს საჯარო სივრცეებში ვარჯიშისას შეემთხვათ.

გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის დროს სავარჯიშოდ განკუთვნილი ყველა სპეციალური დაწესებულება დაიხურა, სპორტსმენები იძულებული იყვნენ სავარჯიშოდ ქალაქის ქუჩები, სკვერები და პარკები გამოეყენებინათ.

უელსის ყოფილმა ჩემპიონმა 400 მეტრზე სირბილში, რაიანონ ლინინგთონ-ფეინმა, თქვა რომ მის მიმართ განხორციელებული ქცევა „პოტენციურად შევიწროებაა“ და არა ხუმრობა.

29 წლის ათლეტი ქალის თქმით, სიტყვები რომლითაც ქალ სპორტსმენებს ვარჯიშის დროს ისმენენ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია ქალებისთვის.

„საკმაოდ შეურაცხმყოფელი კომენტარები მესმოდა ჩემი ტანის ფორმების შესახებ, ასევე ხშირად მისტვენდნენ, იყო შემთხვევები, როდესაც მანქანა ანელებდა სვლას და მომყვებოდა. ერთხელ ლუდის ქილაც მესროლეს“, - ამბობს რაიანონი, „მსგავსი შემთხვევების სიხშირე კი გამანადგურებელი და მოტივაციის დამგდებია“.

უელსში, მკაცრი ლოქდაუნის პირობებში, სპეციალურ მოედნებზე ვარჯიშის და მოგზაურობის შესაძლებლობა მხოლოდ Sport Wales-ის მიერ „ელიტურ“ ათლეტებად კლასიფიცირებულ პირებსა და იმ სპორტსმენებს ჰქონდათ, ვინც „თანამეგობრობის თამაშებში“ იღებდა მონაწილეობას.  

ამ პირობამ უამრავი ათლეტი, რომელიც უელსს საერთაშორისო, მაღალი დონის შეჯიბრებებზე წარმოადგენდა სპეციალურად მოწყობილი სავარჯიშო მოედნებს მიღმა დატოვა და მათ ვარჯიში სახლში, პარკებსა და გზებზე უწევდათ.

„საკმაოდ ირონიულად ჟღერს ის ფაქტი, რომ ჩემი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ მიშვებენ სარბენ მოედანზე სავარჯიშოდ, მე კი საერთოდ არ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ გარეთ ვარჯიშისას“, - ამბობს მორბენალი ჰანნა ბრიერი, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და უელსს წარმოადგენს.

22 წლის მორბენალი, რომელიც 100 და 200 მეტრიან დისტანციებზე შეჯიბრში მონაწილეობს, კვირაში 6 დღე ვარჯიშობს და ამ ყველაფრის კეთება მშობლების სახლში უწევს. ამაზე გავლენა ზაფხულში მომხდარმა ინციდენტმა იქონია. ჰანნა გარეთ ვარჯიშობდა, როდესაც მიმავალმა მანქანამ სვლა შეანელა და მიჰყვებოდა, მძღოლი კაცი კი უხამსი კომენტარებით მიმართავდა. ჰანნას იმდენად შეეშინდა, რომ იძულებული გახდა მამასთან დაერეკა სახლში წასაყვანად.

ამ ინციდენტის შემდეგ, ჰანნა ამბობს, რომ სავარჯიშოდ გასვლის წინ გაუცნობიერებლად დაიწყო „არაგამომწვევი და უბრალო“ ტანსაცმლის შერჩევა:

„უცებ საკუთარი იმაზე დავიჭირე, რომ გარდერობში ვეძებდი ისეთ ტანსაცმელს რომელიც არ „ნაკლებად გამომწვევია“. მაგალითად, თუ მხოლოდ შავ ტანსაცმელს ჩავიცვამ, ვერავინ შემამჩნევს“.  

აღსანიშნავია, რომ უელსის მთავრობამ შეარბილა ლოქდაუნის შეზღუდვები, დართო რა ნება მოსახლეობას ღია სივრცეში ერთად ევარჯიშათ. პირველი მინისტრის, მარკ დრეიკფორდის თქმით აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება „ნაწილობრივ“ სწორედ იმის დამსახურებაა, რომ სულ უფრო მეტი ქალისგან იღებდნენ შეტყობინებებს, იმის შესახებ, რომ საღამოს მარტო ვარჯიშის დროს ისინი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდნენ.

England Athletic -ის მიერ 2017 წელს ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, გამოკითხული მორბენალი ქალების მესამედმა განაცხადა რომ საჯარო სივრცეში ვარჯიშისას მათ განუცდიათ სექსუალური შევიწროება.

2000 გამოკითხული სპორტსმენი ქალის 60%-ს საჯარო სივრცეში მარტო ვარჯიშისას აღენიშნება შფოთვა, რომლის მთავარი მიზეზი პირადი უსაფრთხოების დაუცველობის განცდაა.

21 წლის ლორენ უილიამსი, რომელიც ასპარეზობს 400 მეტრ ბარიერულ გარბენში აღნიშნავს:

„არასდროს ამ მომენტამდე არ განმიცდია ვარჯიშის დროს თავი დაუცველად“.

ძირითადი კომენტარები მის ჩაცმულობას ეხებოდა, თითქოს მას „ზედმეტად მოტკეცილი ან გამომწვევი“ სავარჯიშო ტანსაცმელი ეცვა.

„გარეთ სარბენად იმიტომ არ გავდივარ რომ კარგად გამოვიყურებოდე, არამედ იმიტომ დავრბივარ რომ შეჯიბრებებში მონაწილეობა მივიღო“.

ბეთის უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტის თქმით მას სხვა გამოსავალი არ აქვს. რადგან ის ფედერაციული (თანამეგობრობის) თამაშებისთვის ემზადება, რომელიც ბირმინგემში გაიმართება, თუმცა ის შიშობს რომ ქუჩებში მსგავსმა დამოკიდებულებამ, შესაძლოა სხვა ქალებზე იქონიოს ნეგატიური გავლენა და მათ შეწყვიტონ გარეთ ვარჯიში.

„შევიწროება ყველგან ვლინდება, ადგილობრივ პარკშიც კი. მთავარი გზავნილი ამ ქცევის სამართავად უნდა იყოს ის რომ ეს არ არის მისაღები და მსგავსი ქცევა დაუშვებელია“.

ლინინგტონ-ფეინი ეთანხმება ამ მოსაზრებას და მოუწოდებს რომ აღნიშნული ქცევის შესაცვლელად უფრო ფართე სოციალურ-კულტურული ცვლილებები განხორციელდეს.

„ეს გაცილებით უფრო შორს მიდის ვიდრე სპორტი“, - ამბობს ის, „ეს უბრალოდ პატივისცემაა სხვა ადამიანების მიმართ, შოკისმომგვრელია იმაზე ფიქრო, რომ არსებობს ხალხი, რომელთათვის მსგავსი საქციელი და მეტყველება მისაღები და ნორმალურია“.

უელსის ათლეტიკის აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს უილიამსი ამბობს რომ აღმასრულებელი ორგანოს ღირებულებები ხელს უწყობს „პატივისცემას, ერთობლიობას და სილაღეს“ და ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა „სპორტში იყვნენ ჩართულები უსაფრთხოდ და ინკლუზიურად“.

ორგანიზაციამ ასევე დაიწყო აქტიური თანამშრომლობა სამხრეთ უელსის პოლიციასთან რათა მოახდინონ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ქცევის აღმოფხვრა.

 

მასალა მომზადებულია შემდეგ წყაროზე დაყრდნობით: BBC News

თარგმანი და ადაპტაცია - ანიკა ტიზლიარიშვილი. 

*ფოტოზე ლორენ უილიამსი, ავტორი ელიოტ სლეიდი.

მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

სტატია მომზადებულია პროექტ „ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში“- ფარგლებში. მე მოგიყვები ჩემს ისტორიას. მერვე ისტორია.