No one has ever become poor by giving

2021 წლის ივლისიდან ნოემბრამდე პერიოდში, PHR-ის იურისტები შშმ პირთა დღის ცენტრებს, მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შევიდნენ.  იურისტებმა, რეგულაციების დაცვით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 15 დაწესებულება მოინახულეს. მათ შორის, დახურული ტიპის დაწესებულებები, კერძოდ, თერჯოლის, ძევრის, სურამის, ქუთაისისა და გლდანის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრები. შეხვედრები მიზნად ისახავდა დაწესებულებებში მცხოვრები შშმ პირების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობისას არსებული პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას, ასევე, შშმ პირთა ინფორმირებულობას სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებით.

ვიზიტების შედეგად გამოვლინდა სახელმწიფოს მხრიდან ინსტიტუციაში მცხოვრები შშმ პირების უფლებებისა და საჭიროებების უგულებელყოფა, როგორიცაა:

  1. შშმ პირებს არ აქვთ მინიმალური ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათ შორის დიაგნოზისა და მკურნალობის კურსის შესახებ. ისინი მოწყვეტილი არიან გარესამყაროს, რაც მნიშვნელოვნად უშლის ხელს მათ სამომავლო რესოციალიზაციას, აღნიშნავენ, რომ არ იციან როდის დატოვებენ დაწესებულებას.
  2. დაწესებულებების უმრავლესობაში პაციენტებმა არ იციან მათი უფლებების შესახებ, არ აქვთ ინფორმაცია უფასო იურიდიულ დახმარების შესახებ.
  3. სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ ბენეფიციარზე გამოყოფილია მცირე დაფინანსება, რის გამოც, დაწესებულებებს უჭირთ ბენეფიციართა საჭიროებების დაკმაყოფილება.
  4. სახელმწიფო არ უზრუნველყოფს სერვისის მიმწოდებელთა გადამზადებას შშმ პირთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებასთან დაკავშირებით.
  5. სახელმწიფო ასევე ვერ უზრუნველყოფს ინსტიტუციებში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის  სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას.
  6. ბენეფიციარები ხშირად ვერ იღებენ სამედიცინო კონსულტაციასა და მომსახურებებს, არ არიან ჩართული დაავადებათა ადრეული გამოვლენის სკრინინგ პროგრამაში.
  7. ინსტიტუციებში არ ხდება ორსულობის საწყის ეტაპზე დადგენა, რათა ორსულობის შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობის დროს გათვალისწინებული იყოს დედის და ნაყოფის ჯანმრთელობა.
  8. რეგიონებში განსაკუთრებით პრობლემურია რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული მისაწვდომობა.

ვიზიტების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დახურული ტიპის დაწესებულებებში შშმ ქალები სრულყოფილად ვერ სარგებლობენ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებით, აუცილებელია დაწესებულების თანამშრომლების გადამზადება, მათთვის პაციენტის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიული მისაწვდომობა რეგიონებში. ასევე, მნიშვნელოვანია გაიზარდოს დაწესებულებების დაფინანსება.

PHR განაგრძობს შშმ პირთა უფლებების დაცვასა და ადვოკატირებას.

ვიზიტები განხორციელდა პროექტის “Supporting Women with Disabilities in Being, doing and becoming independent” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.