No one has ever become poor by giving


17 წლის ასაკში მერი ქეინი რეკორდებს ამყარებდა. ის იყო ყველაზე სწრაფი გოგონა, აშშ-ს ყველაზე ახალგაზრდა ათლეტი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის გუნდში მოხვდა. შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

მერი ქეინი:

„მე ამერიკის ყველაზე სწრაფი გოგონა ვიყავი. დავამყარე ბევრი ეროვნული რეკორდი, ამასთან წარჩინებული მოსწავლეც ვიყავი.

16 წლის ასაკში დამიკავშირდა ალბერტო სალაზარი Nike -დან. ის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი იყო, რომელიც მორბენლებს წვრთნიდა, მე კი მითხრა, რომ ყველაზე ნიჭიერი ათლეტი ვარ, ვინც კი ოდესმე უნახავს. მაშინ პირველ კურსზე ვიყავი. მივიღე გადაწყვეტილება და მისი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე გადავედი, რომელიც Nike -ის ცენტრალურ ბაზაზე იყო განთავსებული.

ამ გუნდში იყვნენ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ათლეტები. ყველაფერი ახდენილ ოცნებას გავდა. Nike-ის გუნდს იმიტომ შევუერთდი, რომ მსურდა მსოფლიოში საუკეთესო ათლეტი გავმხდარიყავი. ამის ნაცვლად კი ჩემზე ემოციურად და ფიზიკურად მოძალადე სისტემა მივიღე, სისტემა, რომელიც ალბერტომ შექმნა, ხოლო Nike ხელს უწყობდა.

მე მოგიყვებით ჩემს ისტორიას:

ბაზაზე ყოფნის პირველივე დღიდან, Nike-ის მიერ დაკომპლექტებული მთელი პერსონალი, რომელიც მამაკაცებისგან შედგებოდა, მარწმუნებდა, რომ შედეგების გასაუმჯობესებლად  წონაში სულ უფრო და უფრო მეტი  უნდა დამეკლო. Nike-ის მიერ შედგენილი ეს გუნდი ქმნიდა ქვეყანაში საუკეთესო პროგრამას მორბენლებისთვის. თუმცა, ჩვენ არ გვყოლია სერტიფიცირებული სპორტის ფსიქოლოგი, არც ნუტრიციოლოგი. ეს ადამიანები უბრალოდ ალბერტოს მეგობრები იყვნენ.  ამიტომ, ვისთანაც არ უნდა მივსულიყავი, ყველა ერთსა და იმავეს  მეუბნებოდა - დაუჯერე ალბერტოს.

ალბერტო კი მუდმივად ცდილობდა, წონაში დამეკლო. მან შემიდგინა სავალდებულო წონის საზომი - 114 ფუნტი (დაახლოებით 52 კგ),  და ჩემი თანაგუნდელების თანდასწრებით მაყენებდა სასწორზე, წონის კონტროლის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ მას ჩემი წონა არ აკმაყოფილებდა, ყველას თვალწინ მამცირებდა.

მას ასევე უნდოდა წონის დასაკლებად ჩასახვის საწინააღმდეგო და დიარეის გამომწვევი აბები მესვა, ეს უკანასკნელი კი სარბენ ბილიკსა და მოედანზე აკრძალული პრეპარატია.  ამ პერიოდში საშინლად დავრბოდი.

საქმე იქამდე მივიდა, რომ შეჯიბრი დაწყებამდე წავაგე. სასტარტო ხაზზე მდგომს ერთადერთი ფიქრი თავში, რაც მიტრიალებდა, იყო არა დრო, რომელშიც უნდა მივსულიყავი ფინიშის ხაზთან, არამედ ის წონა, რომელიც იმ დილით სასწორზე დავინახე.

გულუბრყვილოა ამტკიცო, რომ სპორტში წონა მეორეხარისხოვანია. მაგალითად, მოკრივეებს სულ სჭირდებათ წონის კონტროლი, რომ შესაბამის წონით კატეგორიაში იასპარეზონ. არც მათემატიკური გამოთვლების ციტირებაა საჭირო იმის საჩვენებლად, რომ რაც უფრო ნაკლებია შენი წონა, მით უფრო სწრაფად დარბიხარ.  

მაგრამ, აქვე მოვიყვან ბიოლოგიის მაგალითსაც, საკუთარი, მწარე გამოცდილების ხარჯზე. როდესაც ახალგაზრდა ქალებს საკუთარ შესაძლებლობებზე მეტის კეთებას აძალებენ, გარდატეხის ასაკში, მათ ენერგიის დეფიციტის პრობლემა (RED)[1] უვითარდებათ.

მაგალითისთვის, უეცრად ხვდები, რომ რამდენიმე თვეა ციკლი არ გქონია. შემდეგ, რამდენიმე თვე რამდენიმე წელიწადი ხდება. ჩემ შემთხვევაში ეს პერიოდი სამ წელს გაგრძელდა. მენოპაუზის დროს ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის ესტროგენს, რომლის ნაკლებობაც განაპირობებს ძლიერი ძვლების განვითარების შეფერხებას. ბაზაზე ყოფნის პერიოდში ხუთი სხვადასხვა ძვლის მოტეხილობა დამიფიქსირდა.   

The New York Times Magazine-მა ადრე გამოაქვეყნა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მწვრთნიდა ალბერტო და ავითარებდა ჩემს ნიჭს. სამწუხაროდ მსგავსი არაფერი მომხდარა.

იმ პერიოდში ძალიან მეშინოდა, თავს მარტოსულად ვგრძნობდი. მეგონა, მახეში ვიყავი გაბმული. დამეწყო ფიქრები სუიციდზე. საკუთარ თავს ჭრილობებს ვაყენებდი. ბაზაზე იყვნენ ადამიანები, ვინც ამას ხედავდნენ, მაგრამ არავინ დამხმარებია, არც არაფერი უთქვამთ.

2015 წლის შეჯიბრის დროს არ მქონდა კარგი შედეგი. შეჯიბრის შემდეგ ჭექა-ქუხილი დაიწყო და ნახევარი სარბენი ბილიკი ერთი კარვის ქვეშ იყო მოქცეული, ჩვენც იქ ვიდექით სხვა მონაწილეებთან ერთად. ალბერტო ყველას თანდასწრებით მიყვიროდა, მეუბნებოდა, რომ შეჯიბრის წინ ხუთი ფუნტი მოვიმატე და ჩემი ცუდი შედეგი სწორედ წონის ბრალი იყო.  იმავე საღამოს ალბერტოს და ჩვენ სპორტულ ფსიქოლოგს ვუთხარი, რომ საკუთარ თავს ჭრილობებს ვაყენებდი. მათ კი, ვითომც არაფერი მითქვამს, მიპასუხეს, რომ ეძინებოდათ და დასაძინებლად მიდიოდნენ.

ვფიქრობ, სწორედ ეს იყო გარდამტეხი მომენტი. ამ დროს გავიფიქრე, რომ ეს სისტემა არ არის ჯანსაღი.

ძალა მოვიკრიბე და ჩემს მშობლებს გავუმხილე, როგორ ვგრძნობდი თავს. მათ შეეშინდათ, შოკში ჩავარდნენ. სახლში დასაბრუნებელი პირველივე ფრენის ბილეთი მიყიდეს და მითხრეს, რომ დამეტოვებინა იქაურობა, მეშველა საკუთარი თავისთვის.

ჩემი ერთადერთი მიზანი თვითგადარჩენა იყო. ოლიმპიადაზე მოხვედრასაც აღარ ვცდილობდი. იძულებული ვიყავი, ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება მიმეღო და გუნდი დავტოვე“.

სალაზარისა და Nike-ს ორეგონის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა დიდი მედია ინტერესი გამოიწვია და არაერთი სტატია თუ გადაცემა მიეძღვნა. 

ალბერტო სალაზარი ყველა ბრალდებას უარყოფდა. Nike-ის წარმომადგენლებმა კი კითხვები უპასუხოდ დატოვეს. კომპანიამ პროექტი „ორეგონი“ დახურა, ხოლო აღმასრულებელმა დირექტორმა დაკავებული პოზიცია დატოვა. 

2019 წლის 4 ნოემბერს ამერიკის ანტი-დოპინგის სააგენტომ განაცხადა, რომ ისინი შეისწავლიდნენ ყველა ათლეტის საქმეს, ვისი მწვრთნელიც ალბერტო სალაზარი იყო.

მერი ქეინი:

„ეს რეფორმები ძირითადად დოპინგ სკანდალით იყო გამოწვეული. ისინი არ აღიარებენ იმ ფაქტს, რომ ქალთა სპორტში და Nike-ში სისტემური კრიზისია და ამ კრიზისში ახალგაზრდა გოგონების სხეულები ნადგურდება ემოციურად და ფიზიკურად მოძალადე სისტემის მიერ.

სწორედ სისტემაა შესაცვლელი. და ჩემი აზრით მისი შეცვლა ასეა შესაძლებელი:

პირველ რიგში Nike -მ უნდა შეცვალოს მიდგომა. სარბენ ბილიკსა და მოედანზე Nike-ს ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს. კომპანია აკონტროლებს მწვრთნელებს, ათლეტებს, შეჯიბრებს, მმართველ ორგანოებსაც კი. მათ გაათავისუფლეს მწვრთნელი და დახურეს პროგრამა. ამით შესაძლოა თავს მოაჩვენო, რომ პრობლემა მოგვარებულია. მე კი ვშიშობ, Nike ძველი პროგრამის რებრენდინგს მოახდენს და ალბერტოს ძველ ასისტენტ მწვრთნელებს დააბრუნებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ საკითხისადმი მიდგომა შეცვალოს.

მეორე - ჩვენ გვჭირდება მეტი გადაწყვეტილებების მიმღები, ძალაუფლების მქონე ქალი. ხანდახან ვფიქრობ, მეტ ქალ ფსიქოლოგთან, ნუტრიციონისტთან ან თუნდაც მწვრთნელთან რომ მემუშავა, სად ვიქნებოდი დღეს. 

მე გავხდი მამაკაცების მიერ, მამაკაცებისთვის შექმნილი სისტემის მსხვერპლი. სისტემის, რომელიც ახალგაზრდა გოგონების სხეულებს იწირავს.

იმის ნაცვლად, რომ ახალგაზრდა გოგონებს საკუთარი თავის დაცვისკენ ვუბიძგოთ, ჩვენ უნდა დავიცვათ ისინი.

მე გულწრფელად მწამს სპორტის და კიდევ მრავალი წელი ვაპირებ სირბილს. დღეს კი იმიტომ ვლაპარაკობ, რომ მინდა, ჩემი ცხოვრების ეს თავი დავასრულო და ახალი თავი დავიწყო“.


როგორ განვითარდა მოვლენები:

ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ წამყვანმა ათლეტებმა იოდერ ბეგლიმ და კარა გუშერმა საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადეს ქეინს. ორივე ათლეტი ადასტურებდა სისტემის სიმახინჯეს რომელზეც მერი ქეინი საუბრობდა.

იოდერ ბეგლი, რომელიც 2008 წლის ოლიმპიადის მონაწილე იყო, 2019 წელს ტვიტერზე პოსტით გამოეხმაურა ქეინს და დაწერა იმის თაობაზე რომ ის ორეგონის პროექტიდან მხოლოდ იმიტომ გამოუშვეს რომ 2011 წელს აშშ-ს ჩემპიონატში 10,000 მეტრის გარბენზე მეექვსე მივიდა ფინიშის ხაზთან. „მითხრეს რომ ზედმეტად მსუქანი ვიყავი და სპორტსმენებს შორის ყველაზე დიდი უკანალი მქონდა. მერის ისტორიამ ეს მტკივნეული მოგონებები გააღვიძა“ - წერს ის. 

გუშერი, ასევე ამერიკელი ოლიმპიელი ათლეტი, რომელიც ასევე ირიცხებოდა ნაიკის ორეგონის პროექტში, The Times -თან საუბარში განაცხადა რომ იმ მწირი საკვების შემდეგ რასაც მწვრთნელის ასისტენტი ამზადებდა, ის საკუთარ ოთახში ჩუმად ჭამდა.

2021 წლის ივლისში აშშ უსაფრთხო სპორტის ცენტრმა ალბერტო სალაზარს სამუდამოდ აუკრძალა მწვრთნელობა და სპორტთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება სექსუალური და ემოციური ძალადობის გამო.

ვიდეო გამოქვეყნდა The New York Times-ის იუთუბ გვერდზე 2019 წლის 7 ნოემბერს. 


მასალა მომზადებულია შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით:

ძირითადი წყარო:  TheNY Times Opinion. სხვადასხვა: The New York Times; runnersworld.com

ვიდეოს ტრანსკრიპტის თარგმანი და ადაპტაცია - ანიკა ტიზლიარიშვილი. 

*ფოტოზე მერი ქეინი, კადრი The  NY Times ვიდეოდან.

მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

სტატია მომზადებულია პროექტ „ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში“- ფარგლებში. მე მოგიყვები ჩემს ისტორიას. მეშვიდე ისტორია.

 



[1] Relative Energy deficiency