No one has ever become poor by giving


2020 წელს ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხო სპორტის ცენტრმა
სპორტის 50 სახეობის 4000-მდე ათლეტი ქალი ანონიმურად გამოკითხა.

ეს არის პირველი კვლევა, რომელიც ამ ორგანიზაციამ სპორტული გარემოსა და კულტურის კვლევის მიზნით ჩაატარა. კვლევამ აშშ-ს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ სპორტში არსებული ძალადობრივი გარემოებები გამოავლინა. 

კვლევის შედეგად ცნობილი გახდა რომ ქალი ათლეტების 93%, ვისაც სპორტული კარიერის განმავლობაში სექსუალური შევიწროება ან არასასურველი სექსუალური კონტაქტი განუცდია, არასოდეს განუცხადებია ამის შესახებ.

„ძალიან დიდი ინფრასტრუქტურის გამოყენება მოგვიწია საჩივრების შესაგროვებლად, ჩვენ ასევე ყოველდღიურად ვცდილობთ რომ განაცხადის შევსების ფორმა, მათთვის ვინც შეესწრო ან თავადაა შევიწროების მსხვერპლი, გაცილებით მარტივი იდა მათზე მორგებული იყოს. ჩემთვის შედეგები შოკისმომგვრელი იყო“, - ამბობს უსაფრთხო სპორტის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ჯუ’რიზ კოლონი.

კოლონის თქმით რესპოდენტების უმეტესობას სმენოდა მწვრთნელის მხრიდან ათლეტებთან სექსუალური ურთიერთობის შესახებ, გამოვლინდა სექსუალური შევიწროვების შემთხვევები ისეთ მწვრთნელებზე, რომლებიც ათლეტებს არასრულწლოვნების პერიოდიდან წვრთნიდნენ.

კოლონის განცხადებით, ისეთმა სოციალურმა მოძრაობებმა როგორიცაა კამპანია #metoo, ასევე მაღალი რანგის სპორტსმენების მიერ სექსუალურ ძალადობაზე გახმაურებულმა საქმეებმა, მიმართვიანობა საგრძნობლად გაზარდა. თუ 2017 წელს მხოლოდ 300-მა სპორტსმენმა იჩივლა, დღეს რიცხვი 3,000-მდე გაიზარდა.  

უფრო ვრცლად კვლევის საკვანძო მიგნებების შესახებ:

  1. გამოკითხულ სპორტსმენთა 27.5% თვლის რომ სპორტის იმ სახეობაში, რომელშიც ისინი მოღვაწეობენ ემოციური, ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სექსუალური ძალადობა პრობლემური საკითხია.
  2. 48% ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მწვრთნელები ათლეტებთან სექსუალურ ურთიერთობაში შედიან.
  3. 93% ათლეტებისა, რომლებსაც განუცდიათ სექსუალური შევიწროება ან არასასურველი სექსუალური კონტაქტი, ამის შესახებ არ განუცხადებიათ.
  4. კვლევაში მონაწილე ათლეტების 65% მიუთითებს განცდილი ფსიქოლოგიური ზიანის მინიმუმ ერთ ინდიკატორს 18-დან.
  5. 21.7% ამბობს რომ მათ განიცადეს ფიზიკური ზიანი.
  6. ქალი ათლეტების 18.1% ამბობს რომ არასასურველ სექსუალურ გამოცდილებასთან ერთად მათ წინააღმდეგ იქმნებოდა მტრული გარემო.
  7. გამოკითხულ ათლეტთა 9%-ს განუცდია არასასურველი სექსუალური კონტაქტი სპორტში ჩართულობისას.  

*U.S.


Center for Safe Sport ინფოგრაფიკი.

კოლონის განცხადებით, ამ კვლევის შედეგები დაეხმარება ორგანიზაციას იმ რესურსებისა და ინფორმაციის ადაპტირებაში, რომელსაც მისი ორგანიზაცია სპორტის სახელმწიფო სტრუქტურებს აწვდის. თავის მხრივ, სორტის სახელმწიფო სტრუქტურები კი ხელს უწყობენ სპორტის ახალგაზრდული ლიგებიდან ოლიმპიურ დონემდე განვითარებას.

აშშ-ის უსაფრთხო სპორტის ცენტრი 2023 წელს განმეორებით გეგმავს იმავე კვლევის ჩატარებას, რითაც მიღებული ზომების ეფექტურობა გაიზომება.

საქართველოში ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შესახებ სპორტში 2021 წლის ზაფხულში PHR-მა თვისებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის გადმოსატვირთად დააჭირეთ აქ.

 

სტატია მომზადებულია შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით U.S Center for Safe Sport, და CPR NEWS.

სტატიის თარგმანი და ადაპტაცია - ანიკა ტიზლიარიშვილი. 

*ფოტოზე აშშ ოლიმპიური ნაკრების ფორმა ტოკიოს ოლიმპიადისთვის. წყარო: CPR News

სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

სტატია მომზადებულია პროექტ „ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში“- ფარგლებში.