No one has ever become poor by giving


2021 წლის ზაფხულში, ტოკიოს ოლიმპიადაზე ერთ-ერთი საინტერესო კადრი [1] 4  მოფარიკავე კაცი იყო. აქედან 3 სპორტსმენს პროტესტის ნიშნად ვარდისფერი პირბადე  ეკეთა. ამის მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების ოლიმპიურ სპორტსმენთა გუნდის მოფარიკავე ალენ ჰაძიჩია, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ოფიციალურად ედება ბრალი. ვარდისფერი ნიღბის გაკეთებით, მისმა თანაგუნდელებმა განაცხადეს, რომ ემიჯნებოდნენ მოძალადესთან ერთად სპორტულ შეჯიბრში მონაწილეობის მიღებას.

დამატებით ექვსმა ქალმა მოფარიკავემ, მათ შორის, ორმა ოლიმპიელმა სპორტსმენმა, ოლიმპიურ კომიტეტს ჰაძიჩის შეჯიბრიდან მოხსნის მოთხოვნით მიმართა. მათი მტკიცებით, სპორტსმენი, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს გამოძიება სექსუალური ძალადობის ბრალდებით, არ უნდა წარმოადგენდეს ამერიკას აღნიშნულ ოლიმპიადაზე.

ალენ ჰაძიჩის ისტორია გაცილებით ადრე იწყება. 2013-2015 წლებში ის სამმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში. 2010 წელს იგი ასევე დაადანაშაულეს სექსუალურ შევიწროებაში. გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.

ჰაძიჩის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა დიდ წილად დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა შედეგებს მიიღებდა გამოძიების შედეგად ორგანიზაცია SafeSport, რომელიც მოფარიკავის მიერ სექსუალური შევიწროების სავარაუდო შემთხვევებს იკვლევდა. ორგანიზაციამ ამა წლის 2 ივნისს დროებითი აკრძალვა დაადო ჰაძიჩის მონაწილეობას ტოკიოს ოლიმპიადაზე, თუმცა 29 ივნისს მისმა ადვოკატებმა მოახერხეს აკრძალვის მოხსნა და დაუბრუნეს მას ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესაძლებლობა. მაგრამ განსახვავებული პირობებით: მას მოუწია თავისი გუნდისგან განცალკევებულად ჩასვლა ტოკიოში და უარი ეთქვა ოლიმპიურ სოფელში ცხოვრებაზე.

ჟაკლინ დუბროვიჩმა, აშშ-ს მოფარიკავეთა გუნდის წევრმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე, გამოაქვეყნა სთორი, სადაც ეწერა რომ მოძალადეებს სათანადოდ არ სთხოვენ პასუხს და ამის გამო ქალი სპორტსმენები არ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ [2].

ქალების პროტესტი SafeSport-ისკენაც იყო მიმართული, ისევე როგორც სხვა სპორტული ორგანიზაციებისკენ - რომელთაც არაფერი გააკეთეს წლების განმავლობაში მათთვის ცნობილი ინფორმაციის გადასამოწმებლად პოტენციური სექსუალური ძალადობის ბრალდებებზე ალენ ჰაძიჩის მიმართ.

მომჩივანი ქალების ადვოკატი, ჯეკ ვინერი აღნიშნავს: „როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს 21-ე საუკუნეში, ნუთუ არაფერი გვასწავლა გასულმა წლებმა?“. იგი ხაზს უსვამს იმ სისტემის გაუმართაობაზე, რომელსაც ევალება გადაამოწმოს ფაქტები: „არც თავად ქალებს და არც მე არ მოგვეცა საშუალება მონაწილეობა მიგვეღო ზეპირ მოსმენაში, რომელმაც ჰაძიჩს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შეზღუდვა მოუხსნა [3]“. SafeSport-ის სისტემა გაუმართავია, უმეტეს შემთხვევაში ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა საწინააღმდეგოდ მოქმედებს“, აღნიშნავს ადვოკატი ვინერი.

SafeSport-ის სპიკერი დან ჰილი კი მიუთითებს, რომ საკმაოდ ხშირად, სექსუალური შევიწროების ბრალდებებზე სამართლებრივი დავის ორივე მხარე უკმაყოფილოა ორგანიზაციის პროცედურებით, მაგრამ, ამგვარი ხარვეზებითაც კი, SafeSport უკეთ იცავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს ვიდრე აშშ-ს ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტები და ეროვნული სპორტის ფედერაციები. მათი ჩავარდნა აშკარად გამოვლინდა ნასარის საქმეში, სადაც, როგორც ამბობდნენ, ოლიმპიურმა კომიტეტმა მედლები მორალზე მაღლა დააყენა [4].

ამ ეტაპზე, Safe Sport-ი აგრძელებს ალენ ჰაძიჩის საქმის გამოძიებას.

ინტერვიუ მომზადებულია npr.org-ის, usatoday.com-ის და nytimes.com-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

*ფოტოზე აშშ-ს ოლიმპიური ნაკრები ტოკიოში. წყარო: ინტერნეტი

სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

სტატია მომზადებულია პროექტ “ბავშვებისა და ქალების დაცვა სპორტში სექსუალური ძალადობისა და შევიწროებისაგან“- ფარგლებში.  „მე მოგიყვები ჩემს ისტორიას. ისტორია 4“.