No one has ever become poor by giving


ამ ქვეყანაში ქალებს მსხვერპლად ყოფნის უფლებაც არ გვაქვს. საზოგადოება, ოჯახი, ნათესავები, ნაცნობები თუ უცნობები, ყველანი ერთად დაირაზმებიან ხოლმე მსხვერპლის წინააღმდეგ და არც ისე იშვიათად სახელმწიფოც მსხვერპლის პირისპირ დგას.  რამდენიმე თვის წინ შემზარავი ამბავი გაიგო საზოგადოებამ, ქობულეთში 14 წლის ბავშვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვი ჯერ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, შემდეგ კი ოჯახის წევრმა და ნათესავებმა იძალადეს  მასზე.

ნინი ცეცხლაძის საქმეზე დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ვიმუშავე.  ამ საქმეში ყველაზე მძაფრად გამოიკვეთა ის სისტემური პრობლემები, რასაც ქალები და განსაკუთრებით ბავშვები აწყდებიან, როდესაც ისინი სექსუალურ ძალადობაზე იწყებენ საუბარს.

პირველი და ყველაზე რთული ბარიერი ძალადობაგამოვლილი ქალების მიმართ უნდობლობაა. ამ შემთხვევაშიც ყველაფერი ნინის არ დაჯერებით დაიწყო. ნინის არ დაუჯერა სახელმწიფომ და ამას  ყოველი გამოკითხვის, ექსპერიმენტის თუ კომუნიკაციის დროს აგრძნობინებდნენ მას. ბავშვის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მან სახელმწიფოს ნდობა ვერ მოიპოვა. 

არა და არ სრულდება კითხვები... რა მოხდა? სად მოხდა? როგორ მოხდა? ვინ შეესწრო?  რა გააკეთე?... სახელმწიფოს კითხვებს დასასრული არ უჩანს. ნინის სამჯერ მონათხრობს არ დასჯერდნენ და მეოთხედ  საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა თხოვეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიზანი გამოძიების ვერსიის, მიწოდებული ინფორმაციის შემოწმებაა და გულისხმობს მოწმის მიერ შემთხვევის ვითარების მაქსიმალური სიზუსტით აღდგენას, რომლის მონაწილეც თავად იყო.  როგორც წესი  ექსპერიმენტს თან ახლავს გარკვეული მოქმედებათა დემონსტრირება, შესაძლებელია რამდენჯერმე მოუწიოს მოწმეს მოქმედების გამეორება. 14 წლის ნინიმ გამოძიების თხოვნით  სწორედ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარა გზა დანაშაულის ერთი ადგილიდან (სახლიდან) მეორე ადგილამდე და იძულებული გახდა ზედმიწევნით ზუსტად აღეწერა სად და როგორ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.  სახელმწიფოს ნდობის მოსაპოვებლად ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, გამოძიების დაწყებიდან 2 თვის შემდეგაც  ნინი ცეცხლაძე დაზარალებულად არ უღიარებიათ, მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ ჩვენი, როგორც ადვოკატების, მოთხოვნით სახელმწიფომ აღიარა, რომ ნინი ცეცხლაძე სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა პირის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო.

სექსუალური ძალადობის საქმეებში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მტკიცებულებათა დროული შეგროვება. მიუხედავად იმისა, რომ ნინი ცეცხლაძემ გამოძიებას  არაერთხელ დეტალურად უამბო განცდილი ძალადობის შესახებ, სახელმწიფომ მას არ დაუჯერა, თუმცა ამავდროულად არც არაფერი გააკეთა დამატებითი მტკიცებულებების შესაგროვებლად. კერძოდ, გამოძიებამ არ ამოიღო ბავშვის ტანსაცმელი, რომელიც მას ძალადობის დროს ეცვა და ასახავდა ძალადობის კვალს, ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასებისა და მიყენებული ზიანის განსაზღვრის მიზნით არ დანიშნა ბავშვის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, გამოძიების საწყის ეტაპზე არ გამოკითხა მისი ოჯახის წევრები და ძალადობის თვითმხილველი მოწმეები, არასრულყოფილად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, არ უზრუნველყო  ნივთების ამოღება და სხვა რელევანტური მტკიცებულებების შეგროვება.  მაშინ როდესაც სექსუალური ძალადობის შემთხვევებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწრაფ რეაგირებას და მტკიცებულებების მყისიერად შეგროვებას,  14 წლის ნინი საქმეში სახელმწიფომ არ გამოიჩინა სათანადო გულისხმიერება ძალადობაზე ეფექტური რეაგირების კუთხით.

მესამე  მთავარი პრობლემა, მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვაა:  სახელმწიფოს საერთოდ დაავიწყდა, რომ ნინი ძალადობაგამოვლილი ბავშვი იყო და  პირველ რიგში მის უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნა. იმ პირობებში როდესაც სახელმწიფომ იცოდა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლების მიმართ მაღალია ოჯახში ძალადობის განხორციელების რისკი,  სხეულზე დაზიანებებით პოლიციაში მისული ბავშვისთვის ოჯახში ძალადობის შესახებ კითხვაც არავის დაუსვამს.  ნინის არცერთ ეტაპზე არ ჰყოლია ფსიქოლოგი და ბავშვის დასახმარებლად არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს სოციალურ მუშაკს. სახელმწიფომ ბავშვი აიძულა დაბრუნებულიყო ძალადობრივ გარემოში და გაეგრძელებინა ცხოვრება ისე თითქოს არაფერი მომხდარა.  სახელმწიფოში ნინისთვის არ მოიძებნა არცერთი ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, პოლიციელი, პროკურორი თუ მასწავლებელი, ვინც მას მხარს დაუჭერდა და დაიცავდა. 

სახელმწიფომ, ოჯახმა, სკოლამ, საზოგადოებამ... უკლებლივ ყველამ, 14 წლის ნინი დაარწმუნა რომ მსხვერპლად ყოფნა დანაშაულია.   ამით აიხსნება  ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი მისი ბოლო სიტყვები: „ყველას გიხდით ბოდიშს, ვიცი დავაშავე, მაგრამ უკვე გვიანია...“

სახელმწიფოს დამოკიდებულება ნინის გარდაცვალების შემდეგაც არ შეცვლილა, დღემდე სახელმწიფოს არცერთ წარმომადგენელს არ აუღია პასუხისმგებლობა მომხდარზე, დღემდე სახელმწიფოს არ მიუცია სწორი შეფასება ნინის მიმართ ჩადენილ დანაშაულებისთვის და არ დაუსჯია ყველა პირი.  სახელმწიფომ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა მუშაობა, თითქოს 14 წლის ნინის ამბავი არც ყოფილა.

სამწუხაროდ, ნინი ჩამოშლილი ბავშვთა დაცვის სისტემის არც პირველი და არც უკანასკნელი მსხვერპლია.  ნინიმდეც და ნინის შემდეგაც სახელმწიფოს უმოქმედობამ არაერთი ბავშვი შეიწირა. ამ ბავშვებს ერთმანეთისგან განსხვავებული ისტორია აქვთ, მაგრამ ყველას სახელმწიფოს გულგრილობა აერთიანებს. ჩვენ კი ყველანი ასე ვაგრძელებთ ცხოვრებას  ტრაგედიებიდან ტრაგედიებამდე.

ავტორი: ანა თავხელიძე


ბლოგი მომზადებულია პროექტ „ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენცია ახალგაზრდებში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით. ტექსტი შესაძლოა არ გამოხატავდეს „ქალთა ფონდი საქართველოში“ პოზიციას.