No one has ever become poor by giving

ოლიმპიურმა და მსოფლიო არაერთგზის ჩემპიონმა ნაოსნობაში, სოფია ბეკატორუმ სიჩუმე დაარღვია და საბერძნეთის ნაოსნობის ფედერაციის მაღალჩინოსნის მხრიდან მის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე ჟურნალ „Marie Clair”-თან ინტერვიუში ისაუბრა. ფაქტი 2021 წლის იანვარში გახმაურდა. ბეკატორუს კი ბერძნული “Me Too” კამპანიის „გამომღვიძებელი“  უწოდეს.    

ინტერვიუში სოფიამ 1998 წელს მომხდარი ფაქტი გაიხსენა. მაშინ საბერძნეთის ნაოსნობის ეროვნული ნაკრების სხვა წევრებთან ერთად ის სიდნეის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო შეჯიბრებაზე საზღვარგარეთ იმყოფებოდა. იმ დროისთვის სოფია 21 წლის იყო.

ინტერვიუში სოფია ამბობს:

„წლების შემდეგ, მას შემდეგ რაც ორი ბავშვის დედა გავხდი და მეფიქრება, რომ სხვა ბავშვები შესაძლოა აღმოჩნდნენ ჩემს მდგომარეობაში, ვიპოვნე ძალა საკუთარ თავში, ხმამაღლა მესაუბრა იმ ფაქტზე რაც შემემთხვა“. სოფიამ ასევე ისაუბრა შიშზეც და თქვა, რომ დუმილს იმის გამოც ინარჩუნებდა, რომ ეშინოდა, მისი მშობლები სპორტისთვის თავის დანებებას მოსთხოვდნენ.

„წლების განმავლობაში თერაპია და მუშაობა დამჭირდა იმისათვის, რომ მესაუბრა ამაზე“,- ამბობს ბეკატორუ.  

შიშის ფაქტორზე საუბრობდა ირლანდიელი მოცურავე ქერენ ლიჩიც (პირველი ისტორია)

საბერძნეთის ნაოსნობის ფედერაციამ თავდაპირველად ოლიმპიურ ჩემპიონ ქალს მეტი დეტალების მიწოდება მოსთხოვა, თუმცა, იმავე შაბათ - კვირას გაავრცელა განცხადება ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის დაუყოვნებლივი გადადგომის თაობაზე.

ამ ფაქტის გახმაურებას მოჰყვა სხვა ქალი ათლეტების მიერ ბეკატორუს მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება. ასევე, ათეულობით ქალმა ამხილა  ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, სალონიკის არისტოტელეს  უნივერსიტეტის პროფესორი სექსუალურ ძალადობაში.

ქვეყნის პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიტსოტაკიმ უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს.

სოფიას საბერძნეთის პრეზიდენტი ეკატერინი საკელაროპულუ (რომელიც პირველი ქალი პრეზიდენტია), შეხვდა და მადლობა გადაუხადა ტრავმული გამოცდილების გაზიარების დროს გამოჩენილი სიმამაცის გამო.

საბერძნეთის მთავრობამ კი პირობა დადო, რომ აუცილებლად შეიმუშავებს ეფექტურ მექანიზმს, ბერძენი ქალი სპორტსმენების მსგავსი შემთხვევებისგან დასაცავად.

“ვიმედოვნებ, რომ სხვა ქალები, ვისაც გამოუცდია სექსუალური ძალადობა, დაიწყებენ  ხმამაღლა საუბარს, რისაც, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების გაჯანსაღდება მოჰყვება და ჩვენც (ქალებს) აღარ შეგვეშინდება ამაზე ხმამაღლა საუბარი“, - სოფია ბეკატორუ.

                                                                                                          

ინტერვიუ მომზადებულია რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, მათ შორის Marie Claire, და BBC.

სტატიის თარგმანი და ადაპტაცია - ანიკა ტიზლიარიშვილი. 

*ფოტოზე სოფია ბეკატორუ და საბერძნეთის პრეზიდენტი  ეკატერინი საკელაროპულუ, წყარო: ინტერნეტი

სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

სტატია მომზადებულია პროექტ „ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება სპორტში“- ფარგლებში.