7 ივნისს, PHR-მა ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების
პლატფორმასთან ერთად გაეროს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტში
(CEDAW) მეექვსე ციკლის ფარგლებში კოალიციური ჩრდილოვანი ანგარიშის პირველი
ვერსია წარადგინა. ანგარიში აანალიზებს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ქალებისა და გოგოების წინაშე არსებულ პრობლემებსა და თანასწორობის საკითხს.
ანგარიში მიმოიხილავს 2014 წლიდან დღემდე არსებულ პერიოდს შშმ ქალებისა
და გოგოების უფლებების დაცვის პერსპექტივიდან, აანალიზებს ამ მიმართულებით სახელმწიფოს
მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და ამის პარალელურად იმ სირთულეებს, რომელიც ხელს
უშლის შშმ ქალებისა და გოგოების სრულ და ეფექტურ ჩართვას საზოგადოების ცხოვრების ყველა
სფეროში.
ჩრდილოვანი ანგარიშის საშუალებით გაეროს ქალთა დისკრიმინაციის ყველა
ფორმის აღმოფხვრის კომიტეტი მიიღებს დეტალურ ინფორმაციას საქართველოში შშმ ქალებისა
და გოგოების თანასწორობის მიმართულებით არსებულ ძირითადი გამოწვევების, სტერეოტიპებისა
და დამაზიანებელი პრაქტიკის შესახებ. ანგარიში მიმოიხილავს შშმ ქალების მიმართ არსებული
ძალადობის პრევენციისა და რეაგირების, ასევე ოჯახური ცხოვრების პატივისცემის, დასაქმებისა
და სოციალური დაცვის მიმართულებით არსებულ სირთულეებსა და სისტემურ ხარვეზებს, პოლიტიკურ
და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართვის ბარიერებს. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება
ეთმობა შშმ ქალებისა და გოგოების განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლებას, მათ
შორის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხს.
ანგარიში მომზადებულია ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა
და გოგოების პლატფორმის მიერ. პლატფორმა წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ქალების, ქალთა უფლებების ქალთა უფლებების თემაზე მომუშავე ორგანიზაციებისა და აქტივისტებისა
და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოების მშობლების გაერთიანებას მთელი საქართველოს
მასშტაბით. კერძოდ, პლატფორმაში გაწევრიანებულია ქალთა და შშმ ქალთა და გოგოების თემაზე
მომუშავე 30 ორგანიზაცია. პლატფორმის მიზანია შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვის
მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევების ადვოკატირება და შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებების დაცვის ყველა სფეროში შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების მეინსტრიმინგი.
პლატფორმა ჩამოყალიბდა 2020 წელს პროექტის ,,ქალთა გაერთიანება -
საქართველო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და გოგონათა ხმის გასაძლიერებლად“
ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ორგანიზაციები ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“
და ,,ქალი და რეალობა“. პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და მდგრადი
განვითარების ერთობლივი ფონდის მხრადაჭერით გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში
„სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის
საქართველოში.“