No one has ever become poor by giving


სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, მე-8 მუხლის მიზნებისთვის, გულისხმობს სახელმწიფო ორგანოების ნაბიჯებსგააერთიანოს მშობლები და ბავშვები, ხელი შეუწყოს მათ ერთმანეთთან დაბრუნებას. ოჯახების გაერთიანება ეხება არა მარტო იმ შემთხვევებს, როდესაც ბავშვი მოთავსებულია სახელმწიფო სამზრუნველო დაწესებულებაში, არამედ  იმ შემთხვევბსაც, როდესაც მშობლებს შორის მიმდინარეობს საოჯახო დავა ბავშვებთან ურთიერთობისა და საცხოვრებლის განსაზღვრის თაობაზე. ეს პოზიტიური ვალდებულება გულისხმობს როგორც კანონმდებლობის არსებობას, ისე მის ეფექტურ აღსრულებას

R.I. and others v. Romania, 570777/16



ამ ბლოგით მე მოგიყვებით, ბავშვთა უფლებების დასაცავად ჩატარებულ ერთ სასამართლო პროცესზე, რომელიც დააინტერესებს ყველას, ვინც საოჯახო დავების დროს ბავშვთა უფლებების დასაცავად მუშაობს. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით გახშირდა ბავშვთა უფლებების დარღვევა საოჯახო დავების კონტექსტში, როდესაც ერთი მშობელი, უმეტესად მამა, ცდილობს, ბავშვზე ზეგავლენის მოხდენას და ამ გზით დედასთან დაშორებას. აღნიშნული მოვლენა ბავშვებისთვის და ქალებისთვის უდიდესი ზიანის მომტანია და მისი სამართლებრივ სივრცეში გადატანა, დიდ ძალისხმევას საჭიროებს. ბავშვის დასაცავად საჭიროა არა მხოლოდ სასამართლოს, არამედ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო ორგანოების და ადვოკატების ერთობლივი მუშაობა, რისი მაგალითიცაა თქვენ წინაშე მოყვანილი სასამართლო საქმე.

ეს კონკრეტული სასამართლო პროცესი გაიმართა საქართველოში, 2021 წლის აპრილში, თუმცა იგი ასეულობით მსგავს საქმეში არსებულ პრობლემას ასახავს. ბავშვის ინტერესების დაცვის  მიზნით, სახელები და სხვა დეტალები, შეცვლილია


საოჯახო დავით შეფარული ოჯახში ძალადობა


2021 წლის დასაწყისში, PHR-ს სამართლებრივი დახმარების თხოვნით მომართა ნინომ, რომელსაც ყოფილი მეუღლე აღარ უბრუნებდა ბავშვს და არ აძლევდა მასთან კომუნიკაციის საშუალებას.

ნინო 2012 წელს, ოჯახის შექმნიდან რამდენიმე თვეში მეუღლის მხრიდან გახდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. ძალადობამ სისტემატური ხასიათი მიიღო.  მეუღლის ოჯახში დარჩენა იყო შეუძლებელი.  ქალი იძულებული გახდა შვილთან ერთად დაეტოვებინა ოჯახი.

ნინო და მისი ყოფილი მეუღლე  2017 წელს განქორწინდნენ. შემდეგ, სასამართლო მორიგების აქტით შეთანხმდნენ, რომ ბავშვის დედასთან იცხოვრებდა, ხოლო მამა ბავშვთან გაატარებდა კვირის სამ დღეს, ასევე ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების ნახევარს.

მიუხედავად ამ შეთანხმებისა, განქორწინებიდან  ორ თვეში ბავშვის მამამ, მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულიყო მისი საცხოვრებელი და ბავშვი სრულად გადასულიყო მასთან, თუმცა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა.

თანაცხოვრების პერიოდში ნინო იყო ოჯახის ერთადერთი  მარჩენალი. შვილის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, იძულებული იყო მუდმივად ემუშავა. აღნიშნულის გამო, როგორც თანაცხოვრების პერიოდში, ასევე განქორწინების შემდეგაც, ყოფილი მეუღლის და დედამთილის მხრიდან ხდებოდა მისი  დამცირება ბავშვის თანდასწრებით.    მამასთან ვიზიტის შემდეგ, დედასთან დაბრუნებისას, ბავშვი იჩენდა ნეგატიურ განწყობას დედის მიმართ და ეუბნებოდა, რომ როდესაც დედა იყო სამსახურში,   მას უვლიდა ბებია.

ყოფილი ქმარი და დედამთილი ცდილობდნენ ბავშვის დედისგან სრულად ჩამოშორებას, თუმცა,  რადგან აღნიშნული ვერ მიაღწიეს კანონიერი გზით, გადაწყვიტეს ზეგავლენა მოეხდინათ თავად ბავშვზე. ამავე დროს, მამა მუდმივად არღვევდა სასამართლო მორიგების პირობებს. შეთანხმებულ დროს არ მიყავდა ბავშვი დედასთან.  


ბავშვის წაყვანა და დაბრუნებაზე უარი


2020 წლის დეკემბრის თვეში, მამასთან განსაზღვრული დღეების გატარების დროს, მამამ  განუცხადა ნინოს, რომ ბავშვს აღარ სურდა დედასთან ცხოვრება და როგორც ბავშვი გადაწყვეტდა ყველაფერი ისე იქნებოდა. ამაზე დედის რეაქცია იყო ძალიან მძიმე. ცდილობა ყოფილი მეუღლისთვის აეხსნა, რომ ბავშვის დედასთან დაცილება უკიდურესად მძიმედ აისახებოდა ბავშვზე, რადგან, ბავშვი ექვსი წელი ცხოვრობდა დედასთან და ჰქონდა მიჯაჭვულობა მის მიმართ. დედას არასდროს შეუშლია ხელი მამისთვის მშობლის უფლებით სარგებლობისას, და იგივეს სთხოვდა მასაც.  თუმცა, ყოფილი მეუღლე ეუბნებოდა, რომ ბავშვმა თავად გადაწყვიტა, აღარ ჰქონოდა ურთიერთობა დედასთან.

ბავშვთან შეხვედრის აკრძალვის გამო ნინო ვიდეო ზარის საშუალებით ურეკავდა შვილს. ეკითხებოდა, რატომ აღარ სურდა მასთან დაბრუნება, რაზეც ბავშვი ვერ პასუხობდა.

ბავშვის გარეშე გატარებული თითოეული დღე დედისთვის იყო უდიდესი სტრესის მომტანი. ის იძინებდა ბავშვის ტანსაცმელთან  ერთად და ყოველდღე სთხოვა ბავშვს დაბრუნებულიყო სახლში. ბავშვი თავს არიდებდა დედასთან საუბარს, ამბობდა რომ დაკავებული იყო და მალევე ემშვიდობებოდა მას.

ერთ-ერთი სატელეფონო საუბრისას, დედამ ბავშვს უთხრა, რომ მისთვის ნაყიდი ყავდა ლეკვი. თავდაპირველად, ბავშვს ძალიან გაუხარდა, თუმცა რამდენიმე წუთში დედას მიწერა, რომ ეს მის  მოსასყიდად გააკეთა და არ ჭირდებოდა მისი ნაყიდი ლეკვი.


ბავშვზე ზემოქმედება


ნინომ დახმარებისთვის მიმართა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. ( შემდგომში სააგენტო)

სააგენტოს წარმომადგენელი სოციალურმა მუშაკმა მამის ოჯახი ინახულა. მამა სოციალურ მუშაკს არწმუნებდა, რომ თავად არ იყო წინააღმდეგი ბავშვს ჰქონოდა ურთიერთობა დედასთან, თუმცა, ეს არ სურდა ბავშვს და ვერავინ დააძალებდა მას დედის ნახვას. პარალელურად, მამამ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულიყო მისი ბინა.

სოციალურმა მუშაკმა ბავშვი შეახვედრა დედას მამის სახლის გარეთ, ნეიტრალურ გარემოში. შეხვედრა იყო ემოციური, დედა-შვილი ჩაეხუტნენ და ეფერებოდნენ ერთმანეთს. ბავშვმა დედას უთხრა, რომ შაბათ-კვირას სურდა მასთან ყოფნა.

ამ შეხვედრის შემდეგ, როდესაც დედა შეეცადა შაბათ-კვირას ბავშვის წამოყვანას, მამამ უთხრა. რომ ბავშვმა გადაიფიქრა და აღარ სურდა მასთან ყოფნა. სოციალურ მუშაკს გაუმყარდა  ვარაუდი, რომ ბავშვის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ახდენდა  საჭირო გახდა საქმეში ფსიქოლოგის ჩართვაც. 


ბავშვზე ძალადობა - იარაღი ერთი მშობლის მხრიდან, მეორე მშობლის წინააღმდეგ


ბავშვის მდგომარეობის შეფასება მოხდა,  როგროც სოციალური მუშაკის, ისე ფსიქოლოგის მიერ.  დასკვნებში მითითებულია:  „გასაუბრებისას ბავშვი ცდილობს გაიმეოროს, რომ მას არ უნდა დედასთან წასვლა, დედაზე საუბრის დროს ძალიან დაძაბულია, საუბარში აღნიშნა, რომ მას უყვარს დედა. სოციალური მუშაკის მიერ, მამას  კიდევ ერთხელ განემარტა, რომ ბავშვი იმყოფებდა სტრესულ სიტუაციაში და აუცილებელი იყო  ურთიერთობა ჰქონოდა დედასთან“.

ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებით, დაიგეგმა სააგენტოში ბავშვის და დედის შეხვედრები, მათ შორის ურთიერთობის აღდგენისა და გაუცხოების გადასალახად.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში, ერთ-ერთი შეხვედრისას, როდესაც დედა და ბავშვი აწყობდნენ ფაზლებს, ოთახში მოულოდნელად შემოიჭრა მამა, მან მოკიდა შვილს ხელი და ცდილობდა მის წაყვანას. ბავშვს აუცრემლიანდა თვალები და თქვა, რომ მამა ხშირად ბრაზობდა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლებთან საუბრისას ბავშვი გამუდმებით ამბობდა ფრაზებს რომ „მას არ სურდა დედასთან ყოფნა“,  რა დროსაც ხელებით კრავდა მუჭებს და ეცვლებოდა სახის ფერი, უჭირდა სუნთქვა და ცდილობდა თავი შეეკავებინა ტირილისგან.

სააგენტოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად, ბავშვი ამბობდა იმას, რაც რეალურად მას არ სურდა. ბავშვზე ნეგატიურ გავლენას ახდენდნენ მამა და ბებია და ხდებოდა ბავშვის ნების დათრგუნვა. ბავშვი ვერ ასახელებდა მიზეზს, თუ რატომ არ უნდოდა  დედასთან წასვლა. სააგენტომ მამას მიეცა რეკომენდაცია არ მოეხდინა ბავშვზე და მის სურვილზე ზეგავლენა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც სააგენტომ დაინახა, რომ მამა არ ითვალისწინებდა მათ რეკომენდაციებს, სააგენტოს წარმომადგენელმა სასამართლოს  მიმართა მამის და ბებიის მიმართ, დამცავი ორდერის გამოცემის  შესახებ. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ამ ვითარებაში, დამცავი ორდერი გამოიცემა ბავშვზე ძალადობის შესაჩერებლად.


ბავშვის განწყობა სასამართლო პროცესამდე


ბავშვი სასამართლოში მამის მხარემ მოიყვანა. დედას მცდელობაზე დაემყარებინა კომუნიკაცია ბავშვთან, ბავშვი უხეშად რეაგირებდა. „ხელი გამიშვი“.  

ამის გამო, ქალის ემოციური მდგომარეობა დამძიმდა. მიუხედავად იმისა, რომ პროცესამდე იგი ადვოკატებმა მოამზადეს ამგვარი ვითარებისთვის, უშუალოდ პროცესის წინ საჭირო გახდა მისთვის ძლიერი ემოციური მხარდაჭერის გაწევა, რათა მას სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღო სასამართლო მოსმენაში.

მალე დარბაზში შემოვიდა მოსამართლე, ბავშვი თავის გვერდით დაისვა. მისცა ფერადი ფანქრები და გასაფერადებლები. ბავშვი თავს უკეთ გრძნობდა. ცოტა ხანში ბავშვმა მოითხოვა საპირფარეშოში გასვლა და დააკონკრეტა, რომ სურდა მამას გაეყვანა. როდესაც მამა და ბავშვი დარბაზიდან გადიოდნენ, დედა ინსტიქტურად წამოდგა და ბავშვთან მიახლოვება დააპირა. თუმცა, ამჯერად ყოფილი მეუღლის ხმადაბალი, მაგრამ აგრესიული ტონი გაისმა „მანდ დაჯექი!“  დედის მცდელობა, მოფერებოდა რამდენიმე თვის უნახავ შვილს, წარუმატებლად დასრულდა.


ბავშვის მოსმენა


მოსამართლემ, ბავშვის სურვილით, ბავშვის აზრის მოსმენა გადაწყვიტა. იგი ბავშვს შეხვდა სასამართლოში -  ბავშვზე მორგებულ ოთახში, მხარეთა და მათი წარმომადგენელების გარეშე, მხოლოდ ბავშვის ადვოკატის და ფსიქოლოგის მონაწილეობით.

აშკარა იყო, რომ მოსამართლეს ჰქონდა ურთულესი ამოცანა: არა მხოლოდ მოესმინა ბავშვისთვის, არამედ, ასევე დაეფიქსირებინა და ერთმანეთისგან გაემიჯნა რა იყო ბავშვის ნამდვილი ნება, საუკეთესო ინტერესი და რა იყო მასზე ზემოქმედების შედეგი. ბავშვის მოსმენის შემდეგ, მოსამართლემ მხარეებს განუმარტა, რომ ბავშვის სურვილის შესაბამისად, ყველაფერი რაც ბავშვმა თქვა, საიდუმლო იქნებოდა ორივე მხარისთვის.

მოსამართლე ისმენს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პოზიციას, იმის შესახებ, რომ მამა და ბებია ბავშვზე ახდენენ უარყოფით ზეგავლენას, საუბარში იმეორებს მამის და ბებიის ფრაზებს, წინადადებების წყობა ემთხვევა მათ მეტყველების სტილს. მამა არ ითვალისწინებს სააგენტოს რეკომენდაციებს, არ შეუშალოს ბავშვს დედასთან ურთიერთობაში ხელი. სააგენტოს წარმომადგენლების განმარტებით დედა-შვილს შორის არსებობს მჭიდრო ემოციური კავშირი და დედასთან კომუნიკაციის შეზღუდვა წარმოადგენს ბავშვის ემოციური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობას.

მოსამართლე მამისგან ცდილობს არგუმენტის მოსმენას, რატომ არ უნდა ბავშვს დედის

ნახვა.

მამა: ჩვენთან უფრო კომფორტულად არის. ყველა სურვილის ვუსრულებთ, თავისუფლება აქვს.

მოსამართლე: თუ ბავშვს სკოლაში სიარული არ ენდომება, თქვენ ამ სურვილსაც შეუსრულებთ?

მამა: ნუ, სკოლაში წავიყვან.

დედის ადვოკატი: რომელია ბავშვის საყვარელი საგანი?

მამა: საგანი? ქართული.

დედა: მათემატიკა.

მამა მთელი პროცესის განმავლობაში იმეორებს, რომ ბავშვს დედასთან არ უნდოდა და სახლიდან ხომ არ გააგდებდა შვილს?!.

მოსამართლე მამას მიმართვას: ეს ვიცით, რომ არ უნდა, მაგრამ ეხლა იმისთვის შევიკრიბეთ, რომ გავიგოთ რა არის ამის მიზეზი. თქვენ ეცადეთ დედის მიმართ დადებითი განწყობა შეგექმნათ? მამა პასუხობს, რომ ბავშვს თვითონ უნდა გამოენახა საერთო ენა დედასთან და ის ამაში ხელს არ შეუშლიდა“.

სასამართლო პროცესზე, ნინოს მიმართ უარყოფით განწყობას ვერ მალავდა დედამთილი, მისი განმარტებით, ის იყო არა უბრალოდ ბებია, არამედ გამზრდელი ბებია. რადგან, როდესაც რძალი მუშაობდა, ის უვლიდა ბავშვს. და ისიც ახსოვს, რომ ერთხელ ბავშვის დედას ჩაეძინა და მან გააღვიძა რომ საჭმელი ეჭმია შვილისთვის.  ბებია ასევე მიუთითებდა, რომ რძალს თავის მეგობრებში ყოფნა და კაფეში ყავის დალევაც უყვარდა.

მოსამართლე ფსიქოლოგს მიმართავს შეკითხვით: შეიძლება ნორმალურ პირობებში ბავშვს დედის დანახვა არ უნდოდე,

ფსიქოლოგი: მამა რომ გამაუცხოვებელ  პრაქტიკას არ ეწეოდეს, არ შეიძლება.

მამის ადვოკატი: მამასთან კონტაქტის ამდენი ხნით გაწყვეტა მასზე უარყოფითად არ იმოქმედებს?

ფსიქოლოგი: დედა არ ახდენს შვილისთვის მამის გაუცხოებას.


სასამართლოს გადაწყვეტილება


დადგა გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტი. დედას ხელს ვკიდებთ.  გაყინულია. ჩუმად ვეკითხებით თავს როგორ გრძნობს. დედა ორივე ხელს გვიჭერს და ჩამქრალი თვალებით მხოლდ თავს გვიქნევს. კიდევ ერთხელ ვეუბნებით, რომ გამაგრდეს და მოსამართლეც აცხადებს გადაწყვეტილებას:

„მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების და პრეცედენტული გადაწყვეტილებების, ასევე ფსიქოლოგის დასკვნის საფუძველზე, მამის და ბებიის მიმართ სამი თვის ვადით გამოიცეს დამცავი ორდერი. მამას და ბებიას აეკრძალოს ბავშვთან, მის საცხოვრებელთან მიახლოვება, ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. დაევალოს მამას და ბებიას ქცევის კორექციის სავალდებულო კურსები გავლა, რის  შესახებაც აცნობონ მეურვეობის და მზრუნველობის სააგენტოს“.

გადაწყვეტილების აღსრულება

დავის სამართლებრივი ნაწილი დედამ მოიგო, თუმცა, ახლა ბავშვის უსაფრთხოდ და დამატებითი სტრესის გარეშე დაბრუნება იყო მიზანი.

მიუხედავად სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, მამა და მისი წარმომადგენელი ამბობდნენ, რომ ბავშვს ძალით ვერავინ წაიყვანდა. დედის ადვოკატმა მოწინააღმდეგე მხარეს მოუწოდა,  რომ ემოქმედათ გონივრულად, დამორჩილებოდნენ სასამართლოს გადაწყვტილებას და აერიდებინათ ბავშვისთვის დამატებით სტრესი. ამის შემდეგ მამის ადვოკატი დედას სთავაზობს, რომ რამდენიმე დღეში თავად დააბრუნებენ ბავშვს, რაზეც დედის ადვოკატი პასუხობს: ახლავე, დაუყოვნებლივ!

მოწინააღმდეგე მხარეს ბავშვის დასაბრუნებლად შევთავაზეთ ნეიტრალური ადგილი,  სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლები, დედა და მისი ადვოკატები შევიკრიბეთ შეთანხმებულ ადგილას. პერიოდულად ხორცილდებოდა სატელეფონო კომუნიკაცია მამის ადვოკატისგან და უთითებდა დაგვიანების სხვადასხვა მიზეზებს, რაზაც ჩვენს მიერ კვლავ განემარტა, ემოქმედათ გონივრულად  და დამორჩილებდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

კომენდატის საათის დაწყებას ალბათ ერთი საათიღა აკლდა, როდესაც მამის ადვოკატი დაგვიკავშირდა ტელეფონზე და გვითხრა, რომ ბავშვის დასაბრუნებლად მივსულიყავით მხოლოდ დედა და დედის ადვოკატები.

მალე გამოჩნდა ბავშვი, ერთ ხელში პარკში ჩალაგებული წიგნები ეჭირა, მეორე ხელი მამის ადვოკატისთვის ქონდა ჩაკიდებული. თავს მორიდებით ხრიდა, თითქოს განიცდიდა დედის მისამართით ნათქვამ ყველა უარყოფით სიტყვას. იმ საღამოს ბავშვმა და დედამ დაიბრუნეს სიმშვიდე, რომელიც მამის უკანონო ქცევით დაკარგეს. სასამართლომ, ადმინისტრაციულმა ორგანომ და ადვოკატებმა, დედის ძალისხმევით, შეძლეს ბავშვისთვის უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი გარემო შეექმნათ.


ბლოგის ავტორი: ორგანიზაციის იურისტი თამარ გაბოძე