No one has ever become poor by giving


14 წლის ნინი ცეცხლაძის გარდაცვალების საქმეში,  PHR  იცავდა დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესებს. ამ უკანასკნელის მოულოდნელი გადაწყვეტილებით ორგანიზაცია ჩამოშორდა სისხლის სამართლის საქმეს.

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და დაზარალებულის უფლებამონაცვლის თანხმობით, PHR-ს სურს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია საქმეში აქამდე არსებულ დარღვევებზე და ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.

საქმეში PHR-ის იურისტების ჩართვის შემდეგ ორგანიზაციამ აღმოაჩინა არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა და განახორციელა შემდეგი რეაგირება:


1.  PHR-მა მოითხოვა საქმეს ჩამოშორებოდა პროკურორი, გამომძიებელი და სოციალური მუშაკი, რადგან მათ შეეძლოთ და არ მიიღეს შესაბამისი სავალდებულო ზომები ნინი ცეცხლაძის დასაცავად. აღნიშნული მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქმე ჩამოერთვა ბათუმის რაიონულ პროკურატურას და  გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას;

2. PHR-მა რამდენჯერმე მიმართა გენერალურ პროკურატურას და მოითხოვა პროკურორის, გამომძიებლისა და სოციალური მუშაკის მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიების დაწყება, თუმცა აღნიშნულ მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია;

3.  PHR-მა განცხადებით მიმართა საქმისმწარმოებელ პროკურორს და მოითხოვა ნინი ცეცხლაძის მიმართ განხორციელებული ქმედების გაუპატიურებად შეფასება, ვინაიდან საქმის მასალებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალის გამოყენებას, ამავდროულად, საქმეშია არასრულწლოვნის ნების დამთრგუნველი არაერთი გარემოება. თუმცა, PHR-ის  საქმიდან ჩამოშორების დროისთვის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა არ მომხდარა; 

4.  PHR-ის ჩართულობით საქმეში გამოიკვეთა, რომ საჯარო სკოლამ არ მიიღო შესაბამისი ზომები ნინი ცეცხლაძის მიმართ ბულინგის პრევენციისა და საგაკვეთილო პროცესში უსაფრთხო დაბრუნების მიზნით. ორგანიზაციამ მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი რეაგირებისთვის; 

5. PHR, საქმეში მტკიცებულებების გათვალისწინებით, ითხოვდა ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემას ვინც რაიმე ფორმით ძალადობა განახორციელა ნინი ცეცხლაძის მიმართ. თუმცა ამ დრომდე ბრალდებულ პირთა რაოდენობა გაზრდილი არ არის.

PHR-ის შეფასებით პროკურორმა, გამომძიებელმა და სოციალურმა მუშაკმა, ნინი ცეცხლაძის დასაცავად, არ მიიღეს შემდეგი სავალდებულო ზომები:

· არ მოხდა მტკიცებულებების საწყის ეტაპზევე შეგროვება, მათ შორის მოწმეების გამოკითხვა, ნინი ცეცხლაძის ტანსაცმლის ამოღება, გამოძიებამ არ დანიშნა ექსპერტიზა ნინი ცეცხლაძის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასების მიზნით; 

· ნინი ცეცხლაძე გამოიკითხა რამდენჯერმე, ბავშვისთვის შეუსაბამო გარემოში, ადვოკატისა და ფსიქოლოგის მონაწილეობის გარეშე;

·  გამოძიებამ არ მიიღო შესაბამისი ზომები ნინი ცეცხლაძის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმოშობის დადგენის მიზნით; 

·  გამოძიებამ იგნორირება მოახდინა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, სადაც ექსპერტები ნინი ცეცხლაძის მონათხრობზე დაყრდნობით უთითებდნენ, რომ სექსუალური აქტი განხორციელდა ფიზიკური ძალის გამოყენებით; 

·  გამოძიებამ გაუმართლებლად დააყოვნა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება;

· გამოძიებამ არ უზრუნველყო ნინი ცეცხლაძის დაცვის მიზნით შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენება, მათ შორის, შემაკავებელი ორდერის სახით;

·   ნინი ცეცხლაძეს არ მიეწოდა შესაბამისი დამხმარე, სარეაბილიტაციო სერვისები სახელმწიფოსგან და სხვა.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ აღნიშნული საქმე ცხადი დასტურია საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემის სისუსტის. ის მიუთითებს არსებით, სისტემურ პრობლემებზე, რისი აღმოფხვრაც მხოლოდ სრულყოფილი რეფორმის გზით შეიძლება მოხდეს.