ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა
პლატფორმის წევრმა, ესმა გუმბერიძემ, 2021 წლის 18 მარტს, მონაწილეობა მიიღო
საერთაშორისო შეხვედრაში, რომლიც შეეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ქალებისა და გოგოების პოლიტიკური მონაწილეობის საკითხს.
დისკუსია გაიმართა გაეროს მთავრობათაშორისი
ორგანოს - ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის შეხვედრების ფარგლებში და ორგანიზებული
იყო ახალგაზრდულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველთა სამდივნოს მიერ
გაეროში პოლონეთის მუდმივმოქმედ მისიასთან ერთად. საქართველოს წარმომადგენელმა
ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების პლატფორმიდან შეხვედრის
მონაწილეებს გააცნო საქართველოში არსებული ვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ, ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული
რეალობა და გამოწვევები. ესმა გუმბერიძემ ისაუბრა იმ ბარიერებზე, რომლებიც
აფერხებს შშმ ქალთა მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში,
განსაკუთრებით კი მათ ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა
პლატფორმა წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების, ქალთა უფლებების
თემაზე მომუშავე ორგანიზაციებისა და აქტივისტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე გოგოების მშობლების გაერთიანებას. პლატფორმის მიზანია შშმ ქალებისა და
გოგოების უფლებების დაცვის მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევების
ადვოკატირება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ყველა სფეროში
შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების მეინსტრიმინგი.