No one has ever become poor by giving

კანონის წინაშე თანასწორობა ადამიანის უფლებების დაცვის ძირითადი  პრინციპია და იგი მოქმედებს ცხოვრების ყველა სფეროში. პრაქტიკაში კანონის წინაშე თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპი ხშირად ირღვევა. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად დაუცველი ჯგუფი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირები არიან.

წლების განმავლობაში დაგროვილი ისტორიები, რომელებიც ასახულია სახალხო დამცველის სპეციალურ და წლიურ ანგარიშებში  ფსიაქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებული პირების ნაამბობში, ერთმნიშვნელოვნად მიუთიებს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტების უფლებების სიტემურ დაღვევაზე. ხშირად მათ მიმართ ხორციელდება ღირსების შემლახავი და დისკრიმინაციული მოპყრობა. ისტორიები ასახავს ფაქტებს, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა არ იციან, რომ უფლება აქვთ  დაცულნი იყვნენ ძალადობისგან,  იძულებით არ მიიღოს წამალი, რომელიც განსაკუთრებულად უარყოფით გავლენას ახდენს მათზე, იცოდნენ დიაგნოზი და მიიღოს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია. არ იციან, რომ მათ შეუძლიათ მოითხოვონ ცხოვრების ისეთი დონის შექმნა, რომელიც მიახლოვებული იქნება საცხოვრებელ გარემოსთან.

იმისათვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რა მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებულ ადამიანებს, საჭიროა, უშუალოდ მათგან მოვისმინოთ ამის შესახებ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე შევხვედროდი ნტელექტუალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს, რომელსაც ფსიქიატრიულ დაწესებულებებთან ურთიერთობის მრავალწლიანი ნეგატიური გამოცდილება აქვს. მისი ნაამბობით, ფსიქიატრიული დაწესებულებებში მოთავსება არათუ უმსუბუქებს, პირიქით, უმძიმებს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობას.

„არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორ არის, მაგრამ ჩვენთან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებას მკურნალობას ნამდვილად ვერ დავარქმევ. ფსიქიატრიულში რომ გაწვენენ, შენ არავინ არაფერს გეკითხება. ექიმები და ოჯახის წევრები იღებენ შენს მაგივრად გადაწყვეტილებას. ითვლება რომ, ექიმებმა უკეთ იციან რა გვჭირდება, მაგრამ იძულებით მოთავსება ხომ მე მეხება, ხომ შეიძლება აზრი მეც მკითხონ, ან ის იკითხონ იქ მოთავსება კარგად გამხდის თუ არა. სასამართლოზეც არავინ გისმენს. ძალით რომ მათავსებენ ხოლმე ფსიქიატრიულში მოდის მოსამართლე, მაგრამ, ვინ გისმენს? მოსამართლე სულ იმას ამბობს ექიმმა უკეთ იცისო, თან მეუბნება ხოლმე მე კი გტოვებ აქ, მაგრამ შეიძლება ექიმებმა მალე გაგიშვანო. ადვოკატსაც მინიშნავენ ხოლმე, მაგრამ მოსამართლე არც იმას უსმენს, სულ ტყუილია ეს ყველაფერი“

-თეა,[1] თუ შეგიძლიათ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებულ პირობებზე რომ გვესაუბროთ?

- გარდა იმისა, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოფნა ქალებისთვის დამამცირებელია, იქ მოთავსება გვიკარგავს დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობას და უნარებს. თავს დაუცველად და დამცირებულად ვგრძნობდი. მარტო ვიყავი მთელი სამედიცინო პერსონალის პირისპირ. გარკვეული პერიოდი ციხეშიც მომიწია ყოფნა, თუმცა ფსიქიატრიული ციხეზე ბევრად უარესია. იქ არ გთვლიან ადამიანად. რადგან ფსიქიატრიულში მოხვდი, აღარაფრად ვარგიხარ. ეხლა მთავარი ის არის, იცოდე შენი ადგილი სახლის ან საავადმყოფოს კუთხეში და არ დაურღვიო სიმშვიდე გარშემომყოფებს.

- რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ რომ  მარტო იყავით სამედიცინო პერსონალის პირისპირ?

როდესაც ფსიქიატრიულში იძულებით ხარ მოთავსებული, პატივს არავინ გცემს, არავინ გამხნევებს. გამცირებენ და გაიძულებენ დაემორჩილო მათ წესებს. შენს პრობლემას სერიოზულად არ აღიქვამენ.  ზოგჯერ სხვა პაციენტები მეჩხუბებოდნენ და ნივთებს  მპარავდნენ, მაგრამ რამდენიც გინდა იძახე, არავინ გისმენს.  არავის ადარდებ. იქ ცარიელი ადგილისგან ბევრი არაფრით განსხვავდები.

ვერაფერზე ვერ ეწინააღმდეგები ექიმებს. დღეში სამჯერ ისე გასმევენ წამლებს, არავინ გიხსნის  რატომ გჭირდება ეს წამლები, რა უკუჩვენება აქვს,  რამე დაავადება ხომ არ გაქვს, რის გამოც, ამ წამლის მიღება არ შეიძლება. მათ მიერ დანიშნული წამალი ძალიან ცუდად მხდიდა. მისი მიღების შემდეგ, გული მიჩქარდებოდა და ხელები მიკანკალებდა.

- ხომ არ გიცდიათ ექიმებისთვის აგეხსნათ, რომ დანიშნული წამლები უარყოფითად მოქმედებდა თქვენზე?

ეჰ, რამდენჯერაც გინდა... სულ მაგას არ ვეუბნებოდი?! ვუხსნიდი, რომ წამალი კი არ მშველოდა, უბრალოდ მადუნებდა  და მოდუნება უშველის ადამიანს?!  ვთხოვდი, არ ეიძულებინათ ჩემთვის ამ წამლის დალევა.  ექიმებს კი მხოლოდ ერთი პასუხი ქონდათ -„ასეა საჭირო“.  მათი მითითების შემდეგ, თუ კვლავ ვიტყოდი უარს წამლის მიღებაზე, მაშინვე დაცვას ეძახდნენ ჩემს შესაშინებლად. დაცვის დანახვის მართლა მეშინოდა, რადგან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გავუკოჭივარ და ისეთი ნემსი გაუკეთებიათ, მთელი დღე გათიშული ვიყავი. აბსოლუტურად უფუნქციო ხდები.

 

როგორც ამბობთ, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დანიშნული მკურნალობა არაეფექტურია?

მკურნალობაც არ ქვია, მარტო მოსადუნებელ წამლებს გასმევენ და ეს წამლები ყველას ორგანიზმს ხომ არ მოუხდება ერთნაირად. თუ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვს, ხომ შეიძლება რამე დაგემართოს. ბოლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 10 თვე ვიყავი. ამ დროის განმავლობაში დღეში სამჯერ ისე მასმევდნენ წამალს, რომ არანაირი გამოკვლევა არ ჩაუტარებიათ. არც ორსულობის ტესტი, არც საშვილოსნოს და ძუძუს კიბოს სკრინინგი, არც ჩიყვის ანალიზი, არანაირი ექოსკოპია. დანიშნული წამლები მარტო ჩემზე არ მოქმედებდა ცუდად. მახსოვს ჩემს პალატაში ახალგაზრდა გოგოს სისხლდენა დაეწყო, თუმცა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სისხლდენის შესაჩერებლად რამდენიმე დღე ვერაფერი გააკეთეს. არანაირი საშუალება არ აქვთ რომ პაციენტებს მართლა დაეხმარონ და უმკურნალონ. რამდენიმე დღის შემდეგ გადაიყვანეს ის გოგო ბათუმის საავადმყოფოში, თანაც მკურნალობის თანხაც მის ოჯახს გადაახდევინეს. ამ გოგოს რომ ვუყურებდი ძალიან მეშინოდა. თავს ისე დაუცველად და უსუსურად ვგრძნობდი...

 როგორც ვიცი, ყველა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებობს საჩივრის ყუთი, ხომ არ გიცდია ამ ყუთით სარგებლობა?

- აზრი არ აქვს. იმ ყუთის გასაღები ექიმებს აქვს და ისინი ნახულობენ.  თან მაინც გაიგებენ ვინ დაწერა საჩივარი და უფრო აგითვალწუნებენ. სრულიად მარტო ხარ სამედიცინო სისტემის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმული. ძნელია ამ ბრძოლაში რამეს მიაღწიო.  დიაგნოზის გამო, შენს ჩივილებს ეჭვის თვალით უყურებენ. ფიქრობენ რომ რასაც ამბობ, შენი წარმოსახვაა. ამიტომ,  დავა რომც გაბედო, ვინ დაგიჯერებს?! ისინი პროფესიაში შესული ადამიანები არიან, ჩვენ კი ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტები.

- რა იცით თქვენი უფლებების შესახებ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებისას? თუ არსებობდა  დაწესებულებაში დასაქმებული პირი, რომელიც ნათლად განგიმარტავდათ თქვენი, როგორც პაციენტის უფლებებს?

-ჩემი უფლებების შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, აბა ვინ მეტყოდა. როგორც კი ქცევა გაგირთულდება, ხელს გკიდებენ და ფსიქიატრიულში მიგარბენინებენ. იქ რაღაცაზე ხელს გვაწერინებენ პაციენტებს, მაგრამ არასდროს არ წამიკითხავს და არც არავის აუხსნია არაფერი. საავადმყოფოს კედელზე რაღაც ფურცლებია გამოკრული, მაგcრამ რომ ვკითხულობ კარგად ვერ ვიგებ. ხომ უნდა ამიხსნას ვინმემ რა რას ნიშნავს, ვინმე ხომ უნდა დაგეხმაროს, იურისტი ხომ არ ვარ, კანონები ადვილად გავიგო. ტყუილად არის გაკრული ის უფლებები. პაციენტები ვერ ვიყენებთ. ზოგს ხელი აქვს მოწერილი ფსიქიატრიულში დარჩენაზე, თუმცა მთელი დღე წასვლა მინდაო იძახიან და არავინ არ უშვებს. აბა სად არის  ჩვენი უფლებები?!

რესპოდენტის ნათქვამის ნამდვილობაზე მიუთითებს სახალხო დამცველის არაერთი ანგარიში.

ნმრთელობის უფლების დაცვა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ჯერჯერობით დაუძლეველ გამოწვევად რჩება. კვლევის ფარგლებში შემოწმებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არ ხდება ქალის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებამდე და მისი მონიტორინგი მკურნალობის პროცესში. საჭირო ლაბორატორიული კვლევების ხელმისაწვდომობა პრობლემურია როგორც ფსიქიატრიული, ისე სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებისთვის. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სტაციონირებისას ქალი დროულად არ მოწმდება შესაძლო ორსულობაზე. დაწესებულებებში ხანგრძლივი დროით მოთავსებულ ქალთათვის კი გინეკოლოგიური მომსახურება არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი.[2]

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოებს შეცვალონ კანონმდებლობა და  პოლიტიკა არანებაყოფლობითი მკურნალობის შესახებ, რადგან ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მუდმივი დარღვევა მთელ მსოფლიოში. მიუხედავად ემპირიული მტკიცებულებებისა, რომლებიც მიუთითებენ მის არაეფექტურობაზე, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები  განიცდიან ღრმა ტკივილს და ტრავმას იძულებითი მკურნალობის შედეგად. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშაონ დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ისინი უნდა მოიცავდეს სტრუქტურული რეფორმების დანერგვის ვალდებულებას შშმ პირთა მისაწვდომობის გასაუმჯობესებლად საზოგადოებაში, ასევე, მისი ყველა წევრის ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში შშმ პირთა ინკლუზიის შესახებ.

დეინსტიტუციონალიზაცია ასევე მოითხოვს სისტემატურ ცვლილებებს, რაც მოიცავს ინსტიტუციური დაწესებულებების დახურვასა და ინსტიტუციონალიზაციის რეგულაციების აღმოფხვრას (როგორც ყოვლისმომცველი სტრატეგიის ნაწილს). ეს უნდა მოხდეს ფართო სპექტრის ინდივიდუალიზებული მხარდაჭერის სერვისების შექმნის პარალელურად, რაც გულისხმობს ინდივიდუალიზებულ გეგმების შემუშავებას გარდამავალი ეტაპისათვის, თავისი ბიუჯეტებითა და ვადებით, აგრეთვე ინკლუზიური მხარდაჭერის სერვისებით. შესაბამისად, აუცილებელია კოორდინირებული სახელისუფლო მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს რეფორმებს, ბიუჯეტებსა და მიდგომების შესაბამის ცვლილებებს ყველა დონეზე და ხელისუფლების ყველა სექტორში.[3]

 

ინტერვიუს ავტორი: ორგანიზაციის იურისტი თამარ გაბოძე

პროექტი ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით. 

[1] სახელი შეცვლილია პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, რესპოდენტის თხოვნით

[2] საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში 2020 წელი

[3] შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი ზოგადი კომენტარი №5 (2017) დამოუკიდებლად ცხოვრებისა და საზოგადოებაში ჩართულობის შესახებ


*ფოტო აღებულია შემთხვევითობის პრინციპით ინტერნეტიდან.