No one has ever become poor by giving


პროკურატურამ დაზარალებულად არ ცნო 9 ქალი (მათ შორის ერთი ბავშვი) ფეხბურთელი, რომელთა მიმართაც, მწვრთნელის მხრიდან, ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, გარყვნილ ქმედებასა და თაღლითობას. 

  •    PHR იცავს 9 ქალი ფეხბურთელის ინტერესებს (მათ შორის ერთი ბავშვის), რომელთა მიმართაც მწვრთნელმა კაცმა  განახორციელა სექსუალური შევიწროება, ძალადობა და თაღლითობა. ქალი ფეხბურთელები წლების განმავლობაში განიცდიდნენ სექსუალურ შევიწროებას და სექსუალურ ძალადობას მწვრთნელის მხრიდან. სექსუალური შევიწროება და დანაშაული გამოიხატებოდა არასასურველ ფიზიკურ შეხებაში, სექსუალური შინაარსის კომენტარებსა და პორნოგრაფიული მასალის იძულებით ყურებაში.
  • მწვრთნელის მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა თაღლითობას, ვინაიდან იგი ფეხბურთელებს მოტყუებით აბრუნებინებდა ხელფასის ნაწილს. კერძოდ, მათ ეუბნებოდა, რომ ხელფასიდან დაბრუნებული თანხა კლუბის შემდგომი ფუნქციონირებისათვის იყო საჭირო.
  • მწვრთნელის მხრიდან სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი ზოგიერთი არასრულწლოვანი ქალი ფეხბურთელის მიმართაც. კერძოდ, მათ იძულებით აჩვენა პორნოგრაფიული ვიდეო, რაც წარმოადგენს გარყვნილ ქმედებას.

ქალი/ბავშვი ფეხბურთელების მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, PHR-მა გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა პოლიციას. საქმეში არსებული საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, პროკურატურამ არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის მოთხოვნა და უარი თქვა ქალი/ბავშვი ფეხბურთელების დაზარალებულად ცნობაზე.

PHR-მა პროკურატურის უარი სასამართლოში გაასაჩივრა.  

გამოძიების პარალელურად, სექსუალური შევიწროების საქმეს საქალაქო სასამართლო უკვე განიხილავს. მოპასუხე საქმეში არის, როგორც უშუალოდ მწვრთნელი მამაკაცი, ასევე საფეხბურთო კლუბი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რადგან მათთვის ცნობილი იყო დისკრიმინაციის შესახებ და არაფერი იმოქმედეს გოგოების და ბავშვების დასაცავად. მოთხოვნებს შორის არის დისკრიმინაციის ფაქტების დადგენა,  სექსუალური შევიწროებისგან ფეხბურთელების დაცვის მექანიზმის შექმნის დავალდებულება და მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეებისთვის.

აღნიშნული საქმის წარმატებით აღსრულების მიზნით, PHR-მა იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ და აიკრძალა მწვრთნელის უძრავი ქონებისა და საფეხბურთო კლუბის წილების გასხვისება.

შეგახსენებთ, ეს არის ფეხბურთელი ქალების მიმართ სექსუალურ შევიწროების რიგით მეორე საქმე. პრობლემა სისტემურია და საჭიროებს დაუყოვნებელ ცვლილებას. 


სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება პროექტ “ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით.