No one has ever become poor by giving

PHR აქტიურად აგრძელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის მიზნით ადვოკატირებას, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიასთან. 2020 წელს დაწყებულმა პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა არსებული პრობლემები და დამატებითი გამოწვევები წარმოქმნა შშმ ქალთა თანასწორობის უზრუნველყოფის მიმართულებით.  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტუალური სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული ქალებისათვის, არის ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებებზე წვდომა,  სამედიცინო პირბადეების გამოყენების გამო სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციის შეუძლებლობა და ამ პროცესში მათი კონფიდენციალობის დაცვის საკითხები.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით, ორგანიზაცია მუდმივად ახორციელებს სამუშაო შეხვედრებს შშმ ქალებთან. შეხვედრებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები წუხილს გამოთქვამენ, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებისა, სხვებთან თანაბრად მიუწვდებოდეთ ხელი ჯანმრთელობის უმაღლეს სტანდარტებზე, ისინი სამედიცინო მომსახურების დროს, აწყდებიან ბარიერებს, რაც უზღუდავთ საკუთარი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას.

2020 წელს, ორგანიზაციის მიერ განხორციელდა რამდენიმე შეხვედრა სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულ ქალებთან. მათი განმარტებით, სამედიცინო სერვისებით სარგებლობის დროს, სურდო თარჯიმნის არ არსებობის გამო, აწყდებოდნენ მნიშვნელოვან სირთულეებს. აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო გაართულა კორონა ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ.

სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული პირები, ზოგიერთ შემთხვევაში სმენის აპარატის, ზოგჯერ კი გამომუშავებული უნარების საშუალებით, ექიმის საუბარს იგებენ ტუჩების მოძრაობით. სამედიცინო პერსონალის მიერ, ნაჭრის (რეზისტენტული ქსოვილის) სამედიცინო პირბადის სარგებლობის პირობებში, სმენადაქვეითებული და სმენის არმქონე პირები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სრულფასოვნად ისარგებლონ სამედიცინო სერვისებით, მიიღონ ექიმის კონსულტაცია ან ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება შშმ ქალების მიერ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ექიმთან ვიზიტისას, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შშმ ქალის მიერ ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე დამოუკიდებელი წვდომა და პერსონალური მონაცემების დაცვა.

მნიშვნელოვანია, რომ შშმ ქალების ჯანდაცვის მომსახურებებზე წვდომის, მათ შორის რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის დაცვის საკითხები აისახა 2021 წლის  უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ანგარიშის ფარგლებში (UPR) წევრი სახელმწიფოების მიერ საქართველოს მიმართ გაცემულ რეკომენდაციებში. სახელმწიფოს მიერ აღნიშნული რეკომენდაციის მიღების შემდეგ, ის ვალდებული იქნება შემდეგი 4 წლის განმავლობაში განახორციელოს სისტემური ცვლილებები შშმ ქალთა ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიმართულებით.

სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული ქალების წინაშე ზემოთ აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით PHR-მა მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნით, ცვლილება შეიტანოს საქართვლოს მთავრობის დადგენილებაში პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ და იგი შესაბამისობაში მოიყვანოს სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული პირების სპეციალურ საჭიროებებთან. კერძოდ, უზრუნველყოს სმენის არმქონე და სმენადაქვეითებულ პირებთან სამედიცინო მომსახურების გაწევისას, სამედიცინო პერსონალის მიერ გამჭვირვალე პირბადის გამოყენება.

 

შშმ ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით ორგანიზაციის საქმიანობა ხორციელდება პროექტის RFSU-ს ფარგლებში, Swedish Association for Sexuality Education-ის ფინანსური  მხარდაჭერით.