No one has ever become poor by giving


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული პრობლემების ადვოკატირებისა და პოლიტიკის დღის წესრიგში გააქტიურების მიზნით შშმ ქალთა პლატფორმის წევრებმა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყეს.

2021 წლის 01 თებერვალს შეხვედრა გაიმართა პარტია ლელო საქართველოსთვის წარმომადგენელ, ანა ნაცვლიშვილთან, რომელმაც თავად გამოხატა სურვილი შეხვედროდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს და უშუალოდ მათგან მოესმინა იმ ძირითადი გამოწვევების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის მათ საზოგადოების ყველა სფეროში ჩართვაში და რომლებიც კიდევ უფრო გამწვავდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში.

შეხვედრაზე განიხილეს შშმ ქალთა წინაშე არსებული ისეთი სირთულეები, როგორებიცაა: დისკრიმინაცია და გენდერული თანასწორობა, შშმ ქალთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების არარსებობა, ჯანმრთელობის დაცვის სერვისების მისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევები, შშმ ქალთა გააქტიურების, დასაქმებისა და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე დასაქმების მიმართულებით არსებული ბარიერები.

პარტია ლელო საქართველოსთვის წარმომადგენლის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შშმ ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული ბარიერების პოლიტიკის დღის წესრიგში დაყენებისა და უწყვეტი პროგრესის მისაღწევად, მნიშვნელოვანია, შეხვედრები შშმ ქალებთან იყოს სისტემატური და მუდმივად ხდებოდეს არსებული პროგრესის გაანალიზება შშმ ქალების ჩართულობით. დაიგეგმა, რომ შეხვედრები იქნება ყოველთვიური და მასში აქტიურად ჩაერთვებიან ინდივიდუალური შშმ ქალები და შშმ ქალთა თემაზე მომუშავე ორგანიზაციები.