No one has ever become poor by giving


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ქალები საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია.  შშმ ქალთა მიმართ  ძალადობა ხდება  ყველა სფეროში: სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებში, ოჯახსა და საზოგადოებაში. სმენადაქვეითებული და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ქალები არიან ძალადობის უფრო მაღალი რისკის ქვეშ. ყველაზე ხშირად კი  მოძალადეები ოჯახის წევრები და აღმზრდელები არიან [1].
არსამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სასამართლოში იცავს 19 წლის ნინოს [2], შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის უფლებებს, რომელიც თვლის, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის გამო გახდა:
„ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მაქვს, ჩემი დიაგნოზი  მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენაა. სამი წლიდან ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი. 18 წლის რომ გავხდი, ბავშვთა სახლი უნდა დამეტოვებინა. ამ დროს ერთ ბიჭს ვხვდებოდი, რომელსაც გაცდენების გამო პრობლემები ქონდა ჯარში. ამ ბიჭმა დაქორწინება შემომთავაზა, ცოლად თუ მოგიყვან აღარ დამიჭერენო. წასასვლელი მაინც არსად მქონდა, თან მიყვარდა ჩემი მომავალი მეუღლე. იმედი მქონდა ნორმალურ ოჯახს შევქმნიდი, მაგრამ მან გამომიყენა, რომ არ დაეჭირათ და ქორწინებიდან მალევე დამიწყო ცემა და შეურაცხყოფის  მოყენება. არ ვიცოდი ეგეთი საშინელი ადამიანი თუ იქნებოდა თორემ არ გავყვებოდი. იყო მოძალადე ქმარი“.

ნინოს და სხვა შშმ ქალების მიმართ ძალადობის რისკს აღრმავებს ის ბარიერები, რომელსაც სახელმწიფო და კერძო სექტორში აწყდებიან. მათ არ იციან, როგორ და ვის მიმართონ ძალადობისგან თავის დასაცავად. სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის დროს ხვდებათ ფიზიკური და სოციალური ბარიერები. სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება, როდესაც მოძალადე ოჯახის წევრია და მსხვერპლს წასასვლელი არსად აქვს.

გარდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები ხშირად ხდებიან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი, თუმცა, სახელმწიფო ვალდებულია ქალები დაიცვას ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის. როგორც გაეროს შშმ პირთა კომიტეტის ზოგად კომენტარშია მითითებული [3]: „შშმ ქალები საკუთარი მოწყვლადობის და სტატუსის გამო არიან ექსპლუატაციის, დისკრიმინაციის და ძალადობის რისკის ქვეშ  სხვა ქალებთან შედარებით არა მხოლოდ საჯარო, არამედ კერძო სფეროში, მაგალითად, ოჯახში. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი დიდი ხანია აღიარებს მონაწილე სახელმწიფოს პასუხისმგებლობას კერძო პირების მიერ ჩადენილ დისკრიმინაციაზე.„

ნინო, ისევე როგორც ბევრი შშმ ქალი, ძალადობის მსხვერპლი გახდა საკუთარი ქმრისგან:

„ჩემი ქმარი არ მამუშავებდა, არც თვითონ მუშაობდა. ზოგჯერ საჭმელი რომ არ იყო მეზობლებში მაგზავნიდა პურზე, ყავაზე შაქარზე. მრცხვენოდა ხოლმე. რამდენჯერ უნდა მეთხოვა. ერთ მეზობელს ვეცოდებოდი. მეძახდა ხოლმე და საჭმელს მაჭმევდა.

ჩემს ქმარს ვალი ქონდა დასაბრუნებელი. მითხრა მეტროსთნ დავმდგარიყავი და მემათხოვრა. თავიდან უარი ვუთხარი, მაგრამ მეხვეწებოდა და მერე დავთანხმდი. მთელი დღე დიდუბის მეტროს შესასვლელთან ვიდექი ხელგაწვდილი. ჩემი ქმარიც იქვე შორიახლოს იდგა. ძალიან მრცხვენოდა. დაახლოებით 20 ლარი მოვაგროვე და მთლიანად მას მივეცი.“

შშმ ქალების ცხოვრების და არჩევანის კონტროლი, მათზე ძალადობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. ვინაიდან მოძალადე ოჯახის წევრები თავს ამ ქალების უფროსად და მარჩენალად მიიჩნევენ, მათი აზრით, მათ სრულად უნდა აკონტროლონ ქალების გადაწყვეტილებები. მათზე მოძალადე „მზრუნველის“ ნებართვის გარეშე, შშმ ქალებს ეზღუდებათ არა მხოლოდ ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება, არამედ ყოველდღიური ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრა:

„ძალიან ცუდად მექცეოდა. რაზეც არ უნდა გაბრაზებულიყო მე მირტყავდა. მიშლიდა მეგობრების და ნათესავების ნახვას, მოკლე შორტების ჩაცმასაც მიშლიდა, აბა ზაფხულში სულ შარვლები ხო არ მეცმეოდა?!“

შშმ ქალთან თანაცხოვრება და ქორწინება ხშირად მოძალადისთვის წარმოადგენს უფასო შრომის მიღების საშუალებას, სახლის დალაგების თუ საჭმლის გაკეთების ფორმით. შრომითი ექსპლუატაცია აღქმულია ნორმად ხოლო, სექსუალურ ურთიერთობაზე უარი კი შშმ ქალებისგან მიუღებელია:

„ბევრჯერ ვუთხარი დავშორდეთ მეთქი, მაგრამ უარზე იყო. რატომ უნდა დამშორებოდა თავს მშვენივრად გრძნობდა. სარგებლობდა ჩემი სიყვარულით. იკმაყოფილებდა სექსუალურ სურვილებს. როდესაც მცემდა, მე არ მინდოდა მასთან, თუმცა მეუბნებოდა, რომ მისი ცოლი ვიყავი და ვალდებული ვიყავი მასთან დავწოლილიყავი. ხშირად მიტირია ესეთ დროს. ზოგჯერ ჩემი ქმარი ღამე სახლში არ მოდიოდა და ჩემს „მისახედად“ ღამით თავის ძმაკაცს ტოვებდა. იმ ბიჭმა იცოდა, რომ მე ჩემი ქმარი არ დამიჯერებდა და ისიც ძალადობდა ჩემზე. თვითმკვლელობაზეც მიფიქრია.“

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა გასაძლიერებლად და ძალადობისგან დასაცავად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი განათლება და საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმზე ხელმისაწვდომობაა. საქართველოს მთავრობას ჯერ-ჯერობით არ აქვს შემუშავებული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს შშმ პირთა მიერ საკუთარი უფლებების სრულყოფილად გაცნობას. მათი მოწყვლადობის გათვალიწინებით გასაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოში დაინერგოს სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის საკუთრი უფლებების სწავლებას. მიუხედევადა იმისა, რომ შშმ პირთათვის უზრუნველყოფილია უფასო იურიდიული კონსულტაცია, ადვოკატის დახმარება, აღნიშნული არ არის საკმარისი, რადგან ხშირად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალმა არც კი იცის, რომ შეუძლია უფასოდ ისარგებლოს იურიდიული მომსახურებით, არ აქვთ აღნიშნულ სერვისის დამოუკიდებლად და კონფიდენციალურად მიღების შესაძლებლობა. მოძალადეზე  ფიზიკური თუ ეკონომიკური დაქვემდებარების გამო, ძალადობის შესახებ აცხადებენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. სტერეოტიპულ და ძალადობრივ გარემოში ყოფნა, უკარგავთ შშმ ქალებს საკუთარი თავის რწმენას და მათ აღარ შესწევთ ძალა იბრძოლონ თანასწორობისთვის და საკუთარი უფლებებისთვის.

ნინოს, სხვა შშმ ქალების მსგავსად „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ადვოკატებამდე მოსასვლელად დიდი ბრძოლა დასჭირდა:

„ძალადობაზე ვერავისთან ვამბობდი. არ ვიცოდი ვისთვის მიმემართა ან როგორ დავშორებოდი მოძალადე ქმარს. ჩემი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, თუმცა მინდა სხვებივით ვცხოვრობდე. ჩემს აზრს პატივს სცემდნენ, შეურაცხყოფას არ მაყენებდნენ და თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრად ვგრძნობდე.“

PHR-მა უკვე მიმართა პოლიციის შესაბამის განყოფილებას, სადაც ნინოზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. მოძალადეზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი. მსხვერპლს ჩაუტარდა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ასევე, ორგანიზაციის დახმარებით, სასამართლოში შეტანილია სარჩელი შშმ ქალის და მისი მეუღლის განქორწინების მოთხოვნით.

ბლოგის ავტორი: ორგანიზაციის იურისტი თამარ გაბოძე

პროექტი ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.  


[1]  გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის 2016 წლის ზოგადი კომენტარი N3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებსა და გოგონებზე

[2] სახელი შეცვლილია პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით.

[3] გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის 2016 წლის ზოგადი კომენტარი N3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებსა 
და გოგონებზე