No one has ever become poor by giving

დიანა ჯიშიაშვილის და ეკა ქაჯაიას ისტორიები: 

პირველი ტრავმა

დიანა ჯიშიაშვილი

2005 წელს, 17 წლის ასაკში მდინარეზე ვიყავი. როცა წყალში გადახტომას ვაპირებდი დამისრიალდა ფეხი, წყალში ვეღარ ჩავხტი და გვერდზე გადავვარდი. იქ იყო ქვები და დავარტყი თავი. თავი რო დავარტყი კისერში ჩატყდა მალები. როდესაც ჩამოვვარდი მაშინვე სწრაფად გადაყვანა საავადმყოფოში ვერ მოხერხდა. სასწრაფომ დააგვიანა. თან რაიონში ხდებოდა, რამდენიმე კლინიკაში მიმიყვანეს სადაც უარი თქვეს ჩემს ოპერაციაზე და ბოლოს თბილისში გამიკეთდა ოპერაცია. საღამოს მივიღე ტრავმა, 6 საათი იყო და თბილისში მხოლოდ დილის საათებში აღმოვჩნდი. ასევე, სასწრაფოს მანქანაში არ ჰქონდათ კორსეტი. კატეგორიულად აკრძალულია, როდესაც ხერხემლის ტრავმა გაქვს, არ შეიძლება მოძრაობა იმიტომ რომ მალები ზურგის ტვინს ებჯინება და ზურგის ტვინის დაზიანება უფრო სერიოზულია, ვიდრე მალების. მალა შეიძლება დაფიქსირდეს და ზურგის ტვინს არაფერი არ ეშველება. მე როდესაც მამოძრავებდნენ, უფრო მეტად დამაზიანეს. ამის გამო უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. რეალურად, რომ მოხერხებულიყო კისრის დროული ფიქსაცია, ჩემს მეგობარსაც იგივე პრობლემა ჰქონდა მანაც თავი დაარტყა და მაშინვე დაუფიქსირეს კისერი და რომ გაუკეთდა ოპერაცია გოგო ახლა დადის. მაგრამ ჩემ შემთხვევაში გვიან მოხდა კისრის ფიქსაცია, უკვე ზურგის ტვინი ძალიან დაბეჟილი იყო მალისგან და რყევებისგან.

ოპერაცია გამიკეთდა კისრის მალებზე. ძალიან რთული ოპერაცია იყო.  შემდეგ რეანიმაციაში ვიყავი დიდხანს. აპარატზე შეერთებული. გონს რომ მოვედი არც სუნთქვა შემეძლო, არც მოძრაობა, არც ლაპარაკი. უბრალოდ გონზე ვიყავი. შემდეგ უკვე განვითარდა ნაწოლები. ნაწოლებმა იცის სისუსტე ძალიან დიდი. ბარძაყის ძვალი დამიშალა ნაწოლებმა. რეანიმაციაში ვიყავი თითქმის 2 თვე. მერე გადმომიყვანეს პალატაში, მაგრამ მოძრაობა არ შემეძლო.

ვარ პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ხერხემლის დაზიანება მაქვს, ფეხებში პარალიზი. ბოლო წლებია ეტლით მოსარგებლე  ვარ. მანამდე  სიცოცხლისთვის ვიბრძოდი.

ეკა ქაჯაია

ავარიაში მოვყევი და ეტლში ჩავჯექი 14 წლიდან. კუნთების პრობლემა მაქვს ფეხებში. პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვარ.

 

არა ადაპტირებული გარემო

დიანა ჯიშიაშვილი

5 წელია დაოჯახებული ვარ და შვილიც მყავს. პრობლემა ბევრი იყო. დავიწყოთ იქიდან რომ მე არ ვგეგმავდი დაორსულებას. ახალი შექმნილი ოჯახი იყო და ეკონომიკური გაძლიერება მესაჭიროებოდა. ასევე, არ ვიყავი კმაყოფილი ჯანდაცვის სერვისებით.  სამშობიაროში არც ადაპტირებული იყო საპირფარეშოები, არც გინეკოლოგიური სკამია ადაპტირებული. ორსულ ადამიანს ხომ გჭირდება გინეკოლოგთან ვიზიტი. ისეთი წვალებით მივდიოდი პოლიკლინიკაში, ელემენტარული პირობა რომ შეიქმნას. დიღმის მასივში არი პოლიკლინიკა 21. იქედან გადამამისამართეს „გინექსის“ კლინიკაში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე. პანდუსი არის მაგრამ ისეთი საშინელი პანდუსია ჩემ ქმარს ძლივს ავყავარ და მერე რომ შედიხარ შიგნით ლიფტამდე რომ მიხვიდე არის კიბეები. მერე ლიფტიდან რო გამოდიხარ არის ისევ კიბეები, მერე კაბინეტამდე რო მიხვიდე ორი კიბეა და ჩემმა ქმარმა სულ ხელში მატარა ელემენტარული გინეკოლოგიური გამოკვლევა რო ჩამეტარებინა. ძლივს გავბედე, ქმარმა ამიყვანა და მერე შემეშინდა უკვე როცა დიდი მუცელი მქონდა. ერთხელ ვიყავი, შიშით და კანკალით და ტონუსი მომცა. ემოციურად ჩემზე ცუდად მოქმედებდა. ვუთხარი ისეთ კლინიკაში გამიშვით რო შესვლა მაინც შევძლო-თქო და ჩვენთან იარე, დაგეხმარებითო. ვუთხარი მე მასე არ შემიძლია რო დამეხმაროთ ამ კიბეებზე. კარებიც ისეთი ვიწრო იყო. ჩემი ეტლი კი შევა, სპორტული ეტლი მაქვს მაგრამ სამედიცინო ეტლი რომ იყოს ფიზიკურად ვერ შევა. კიბეები ცალკე თემაა და საპირფარეშო კიდევ ცალკე.

ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ ფასიან კლინიკაში მევლო. ის კი იყო შედარებით ადაპტირებული. გადავწყვიტე რამე მომეკლო და ფული მეშოვნა და ისეთ კლინიკაში მივსულიყავი სადაც უფასო მომსახურება არ იქნებოდა. თითო ვიზიტზე 300 ლარს ვტოვებდი და ორ კვირაში ერთხელ მიბარებდნენ, იმიტომ რომ საერთოდ გამოცდილება არ ქონდათ.


ექიმების კვალიფიკაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სექსუალური უფლებების შესახებ

დიანა ჯიშიაშვილი

2019 წელს დავდიოდი გამოკვლევებზე. რეაბილიტოლოგმა მირჩია „ინოვას“ კლინიკა. იქ ძალიან კარგი გამოკვლევები მიტარდებოდა. გამოცდილება არ ჰქონდათ მაგრამ იყვნენ მონდომებულები. კარგად მიმდინარეობდა ჩემი ორსულობა. ნაყოფს რომ აკვირდებოდნენ, არაფერი არ იყო საგანგაშო. თავიდან შეეშინდათ ძალიან, საერთოდ რო ხელი მოეკიდათ ჩემთვის. უარი არ უთქვამთ, მაგრამ აღიარეს, ძალიან გვეშინიაო. მერე უკვე მეც რომ კარგად მოვყვებოდი, სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ შშმ პირების მიმართ რა, ჰგონიათ რო წუწუნი იქნება დამატებით. მე უკვე ვიცი ჩემი მართვა და ჩემი თავის ექიმი ვარ, ჩემ მდგომარეობას ვაკვირდები და იმათ არ აქვთ ტრავმირებულ ადამიანთან ურთიერთობის გამოცდილება. ჯერ ერთი ეტლით მოსარგებლე ორსულიც ძალიან უკვირთ.

განვითარებული კარგი ექიმები არიან ზოგადად. საერთაშორისო გამოცდილებიდან და პრაქტიკებიდან გამომდინარე იციან რო იშვიათია, მართალია, მაგრამ შესაძლებელია ასეთი ორსულობა.

არ მიკვირს რომ არ ქონდათ გამოცდილება იმიტომ რომ უიშვიათესია ეტლით მოსარგებლე ორსული. არავინ არ ბედავს. ზოგს უფრო მეტი პრობლემა აქვს და მანამდე ჩარევა ჭირდება და არ აჩენენ. ეტლით მოსარგებლემ სხვამ გააჩინა, მაგრამ ჩემგან განსხვავებით, იქ ხერხემლის პრობლემა არ არის. მან ხელოვნური განაყოფიერებით გააჩინა. ერთი შემთხვევა ეგ არის და მეორე ჩემია. არ ყოფილა საქართველოში სხვა შემთხვევა.

მშობიარობა „ღუდუშაურის“ კლინიკაში დაიგეგმა. კარგი ექიმი შემხვდა. ნევროპათოლოგი და ნეიროქირურგიც ჩართო, მაგრამ ისინი საერთოდ შოკში იყვნენ. ესეთი დაზიანებით მე რომ ვაჩენდი მათთვის წარმოუდგენელი იყო. თვითონვე ვერ აცნობიერებდნენ, რომ მე შემიძლია გავაჩინო და ეშინოდათ. კი, ფორმალურად მკითხეს თავს როგორ ვგრძნობდი და როგორი დაზიანება მქონდა, მაგრამ სახეზე ეტყობოდათ რომ შოკში იყვნენ. შემდეგ უკვე ჩემმა ექიმმა გამიკეთა საკეისრო. ყველაფერმა ჩაიარა კარგად, მეც თავს კარგად ვგრძნობდი.

 

ეკა ქაჯაია

ბავშვი ინ ვიტრო განაყოფიერებით გავაჩინე. წოლით რეჟიმი მქონდა მთელი ორსულობა, თუმცა მაინც კარგად ჩაიარა, ღმერთის წყალობით. 2 ჩამისვეს და ერთი განაყოფიერდა. არ მიკეთებდნენ ექიმები, ეშინოდათ ვერ გაუძლებ, სარისკოა შენთვის ბავშვის გაჩენაო, თუმცა, მე ვაიძულე და გავაკეთებინე. ისე მინდოდა შვილი მყოლოდა, ყველაფერზე თანახმა ვიყავი. ზუსტად 9 თვის დაიბადა, როგორც დაგეგმილი იყო. დიდი დაიბადა. 3.800კგ. მენჯების ოპერაცია მქონდა გაკეთებული და ბუნებრივად მშობიარობა არ შეიძლებოდა, საკეისროთი გავაჩინე.

სტიგმა

დიანა ჯიშიაშვილი

იშვიათად ხდება შშმ ქალი გათხოვდეს, ვერ ბედავენ. ბევრი სტიგმა არსებობს, შიში აქვთ. ოჯახის წევრებსაც და პარტნიორები იშვიათად არიან ისეთები, ვინც გაბედავენ და ცხოვრებას დაუკავშირებენ შშმ ქალებს.

საბოლოო ჯამში მაინც ფიზიკური ადაპტირება და ექიმების ცოდნაა პრობლემა. შოკში ვარდებიან ორსულად როგორ ხარ ან ქმარი როგორ გყავს. არაეთიკური დამოკიდებულება აქვთ, გაუცნობიერებელი ოღონდ. არა იმიტომ რომ იმათ უნდათ, გაუცნობიერებლად იქცევიან. არაინფორმირებულობის ბრალია.

ჩემმა ექიმებმა, ვისთანაც მქონია მანამდე შეხება, შედარებით იციან რომ მაქვს ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა. პარალიზებული კი ვარ მაგრამ ქალურად ჯანმრთელი ვარ.  ზუსტად ვიცი რომ ქალური პრობლემა არ მქონია არასდროს. თვითონ იმ კლინიკებში ჩვეულებრივმა გინეკოლოგებმა არ იციან, ინფორმაცია არ აქვთ.

ხალხსაც ძალიან უკვირდა, ეტლით მოსარგებლე და ორსული. საერთოდ ვერ წარმოუდგენიათ, ფიზიკური ურთიერთობა როგორ შეიძლება გქონდეს. ჰგონიათ, რომ მხოლოდ სულიერად შეიძლება უყვარდე ადამიანს.

 

ორსულობა

დიანა ჯიშიაშვილი

დამატებითი სირთულე იყო ის რო მე-7 თვეში დამეწყო საშარდე გზების პრობლემები. ეს პრობლემა განსაკუთრებით ხშირია ეტლით მოსარგებლეებში. შარდის ბუშტი ჯდომის გამო ატროფირდება და ინფექცია მარტივად ერევა.  

აქ საერთოდ არ იციან როგორ მართონ ატროფირებული შარდის ბუშტი. ის რეაბილიტაციას საჭიროებს და მედიკამენტურ ჩარევას. აქედან გამომდინარე ცოტა ადრე დამეწყო მშობიარობა. გამიშვეს უროლოგთან მაგრამ იმასაც მსგავსი გამოცდილება არ ქონდა ცხოვრებაში საერთოდ. როგორც ყველა ქალის შარდის ბუშტს ისე მართავენ. აქ არ აქვთ ცოდნა. განვითარებულ ქვეყნებში სხვანაირი მიდგომა აქვთ და სხვანაირად ერევიან. რეაბილიტოლოგის ჩართულობით ხდება. აქ ასე არ ხდება.  ისედაც უჩნდებათ ხშირი შარდვა და საშარდე გზების ინფექცია ორსულებს და ისევე მართავენ როგორც მათ შემთხვევას და არა როგორც ატროფირებულ შარდის ბუშტს.

მე-7 თვეში გაჩნდა ნაადრევი მშობიარობის რისკი. შარდის ბუშტის ინფექციის გამო წყლებმა დაიკლო და გაჩნდა ანდრია. ბავშვს არანაირი პრობლემა არ ჰქონია, ასაკსაც კი უსწრებს განვითარებაში.

თვითონ კლინიკაში ლიფტი იყო, მაგრამ პალატაში არ იყო ადაპტირებული საპირფარეშო. მაგრამ შეღწევადი იყო მეუღლის დახმარებით. „ლუქსში“ შემიყვანეს იმიტომ რომ მეუღლის ან დამხმარის გარეშე ვერ ვიქნებოდი. ყურადღება და მიხედვა ჭირდებოდა ჩემ მდგომარეობას, სხვებთან ვერ ვიქნებოდი. მერე დამირეკა მენეჯერმა,  შენ ლუქსში რომ იყავი ლუქსის თანხა დამატებით რატომ არ გადაიხადეო. მე ვუთხარი ეტლით მოსარგებლე ვარ და მაგის გამო შეარჩიეს მასეთი პალატა. მე ლუქსის და კომფორტის გამო არ შემირჩევია. ისიც არ იყო ბოლომდე ადაპტირებული. დანარჩენი ყველაფრის თანხა გადავიხადე. უფასოდ მეკუთვნოდა მშობიარობა, მაგრამ რადგან ვერ ვიარე იმ კლინიკაში სადაც დაფინანსება მეკუთვნოდა და სხვა კლინიკაში ვიარე რომ ადაპტირებული ყოფილიყო, ყველაფერი ჩემთვის იყო ფასიანი. არადა საკეისრო მეკუთვნოდა უფასოდ. მენეჯერს ვუთხარი ჩემ ექიმს დაუკავშირდით და ის აგიხსნის-თქო და ისე მელაპარაკებოდა თითქოს გონების პრობლემა მქონდა. საერთოდ ვერ დააკავშირა რა ეტლი, რატომ დამჭირდა ასეთი პალატა. მერე ჩემმა ექიმმა აუხსნა და აღარ მომიწია გადახდა დამატებით კლინიკისთვის. 1200 ლარზე მეტი გადავიხადე 3 დღეში, მშობიარობის. პალატის ფულის დამატებით მოთხოვნის უფლება არ ჰქონდათ, იმიტომ რომ მე მარტო იმიტომ განვთავსდი მანდ რომ ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე მესაჭიროებოდა და ჰქონოდათ მაშინ სხვა, ადაპტირებული.

სახელმწიფოს აქვს ორსულებისთვის პროგრამა, მაგრამ მე ვერაფრით  ვისარგებლე. გამოდის ორსული შშმ პირებისთვის არ არის პროგრამა. იმიტომ რომ მე რომ მივედი კლინიკაში არსად არ გამიშვეს. მითხრეს, იარე აქ. ვუთხარი ისეთ კლინიკაში გამიშვით სადაც კიბეები მაინც არ იქნება. ხელით როგორ მატაროს ორსული. ხელში აყვანილი ორსული, ფეხები მეჭიმება, მერე მუცელი მეჭიმება. რისკებთან იყო დაკავშირებული. ამ ყველაფერზე სხვაგანაც მილაპარაკია მაგრამ იშვიათი მოვლენა როა, არავის აინტერესებს. კიდევ კარგი, რომ გამოკვლევების ფულიც მქონდა და ბავშვიც ჯანმრთელი გაჩნდა. ყელში ამომივიდა უკვე ამაზე საუბარი. რეაგირება მაინც არ იყო და ჰუმანურობაც არავის გამოუჩენია. იქნებ არა მაქვს ამდენი ფული, მარტო პენსია რაში დამეხმარებოდა.

სხვა სახის დაზიანება რომ მქონოდა, კიბეებზე ხომ მაინც ავიდოდი და უფასო გამოკვლევებს ნაწილობრივ მაინც ჩავატარებდი. ასევე, ადაპტირებული საპირფარეშო არ დამჭირდებოდა და როგორღაც შევაღწევდი.

 

დედობა შეზღუდული შესაძლებლობებით

დიანა ჯიშიაშვილი

ბავშვი რაც გაჩნდა ექიმთან ხომ უნდა მისვლა. ადაპტირებული ტრანსპორტი არ არის რომ მე, მეუღლე და ბავშვი წავიდეთ. ამიტომ მეუღლეს მიყავს ექიმთან, რამე რომ დაჭირდება, თუნდაც აცრები. გული მწყდება, მინდა რომ ყველაფერში ვიყო ჩართული. ადაპტირებული ტრანსპორტი რომ არ არის, ტაქსით რომ წავიდეთ, მე რომ გადმომიყვანოს ამ დროს ბავშვს ხომ ჭირდება ყურადღება. ესე იგი, იმისთვის კიდე ვინმე უნდა გვახლდეს. ძალიან საწვალებელია. ამიტომ აღარ დავყვები.

ერთხელ, ორსულობისას, გინეკოლოგმა ჩემ ქმარს დაურეკა, მოიყვანე გამოკვლევაზე-ო. თუ მანამდე მე მირეკავდნენ, ქმარს რატომ დაურეკეს? ძალიან გავბრაზდი, იმ გინეკოლოგთან აღარ მივსულვარ.

ეკა ქაჯაია

ეტლიდან გადმოსვლა ძალიან რთულია, მარტო ვერ გადმოვდივარ, დამოუკიდებლად. პოლიკლინიკაში როცა მივდივარ, დახმარება მჭირდება. ბავშვი ორი წლის და 6 თვის არის. მეუღლე ძალიან მეხმარებოდა, სანამ გარდაიცვლებოდა. ახლა ძალიან მიჭირს. დედაჩემი მეხმარება.

 

დიანა ჯიშიაშვილი

მე მეორე შვილის გაჩენას აღარ ვაპირებ. ისეთი საშინელება იყო-არა ადაპტირებული გარემო, შოკში მყოფი ექიმები, სტრესი. მაგრამ რომ ვიცი რამხელა ბედნიერებაა დედობა, მინდა სხვებმაც გამოსცადონ. რატომ არ უნდა შეეძლოთ?

 

აქტიური ცხოვრება

დიანა ჯიშიაშვილი

რადგან სულ სახლში ვიყავი, პროგრამისტობის სწავლა გადავწყვიტე ერთ-ერთ კოლეჯში. პირველი ეტლით მოსარგებლე სტუდენტი ვიყავი. ვმუშაობდი კიდეც ამ მიმართულებით, მაგრამ პროგრამისტობა მხოლოდ კომპიუტერში მუშაობა არ არის და თავის დანებება მომიწია. მერე არჩილ თალაკვაძესთან დამასაქმეს, მაგრამ პანდემიის გამო ეგეც აღარ გამოვიდა. შშმ პირებთან უნდა მქონოდა კონტაქტი, დისტანციურად იქ მუშაობა ვერ მოხერხდებოდა. ველოდები პანდემიის დამთავრებას, მერე ვნახოთ.

ჩემი მდგომარეობა მუდმივ რეაბილიტაციას საჭიროებს, ვარჯიშს. პარა სპორტსმენი ვარ და ჩემი მდგომარეობა სპორტით უფრო გაუმჯობესდა. თავს ძალა დავატანე და მცირე-მცირე მოძრაობებით დავიწყე  და დღესდღეობით უკეთესად ვმოძრაობ. ვიყავი სპორტში ჩართული მაგრამ ახლა პანდემიის გამო ვეღარ ვვარჯიშობ და ჩემი მდგომარეობისთვის ეს ძალიან ცუდია. როგორც პროფესიონალური სპორტი ასე არა, ჩემი ჯანმრთელობისთვის მჭირდება ძალიან. კარგი რეაბილიტაცია ჩემს მდგომარეობას გააუმჯობესებს. ჩემი აზრით მომავალში შეიძლება ყავარჯნით შევძლო სიარული, იმიტომ რომ ბოლომდე არ მაქვს ყველაფერი გათიშული. მაგრამ ამას საქართველოში რამდენად მოვახერხებ არ ვიცი და საზღვარგარეთ წასვლაზე არც ვოცნებობ. იმდენი გაჭირვებული ადამიანია, ელემენტარულად თავი რომ გაიტანონ თანხები არ აქვთ და მე არ დავიწყებ თანხების შეგროვებას მაგისთვის.

 

ეკა ქაჯაია

იუსტიციის სახლში ვმუშაობ, საჯარო რეესტრში. ოპერატორი ვარ. აქტიური ცხოვრებით ნამდვილად ვცხოვრობ პირადად მე, ჩემი შვილის გადამკიდე როგორ არ უნდა ვიყო აქტიური, ისე ცელქობს. ჩემთვის ვარჯიში ძალიან რთულია წონის გამო. თუმცა, პანდემიის მერე მინდა ვივარჯიშო.


ისტორიები ჩაწერილია თამარ კაპანაძის მიერ. 

პროექტი ხორციელდება RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) ფინანსური მხარდაჭერით.