No one has ever become poor by giving

წინამდებარე კვლევის ფარგლებში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა მოაზრებულია როგორც ფიზიკური, ემოციური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა, რაც დაკავშირებულია სექსუალობის და რეპროდუქციის ყველა ასპექტთან. აღნიშნული განმარტება 1994 წელს კაიროს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე(ICPD) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის განმარტებაზე დაყრდნობით შემუშავდა. განმარტების მიხედვით, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა არ გულისხმობს მხოლოდ დაავადების ან დისფუნქციის არარსებობას და მიიღწევა სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების რეალიზაციით, რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა (Ann M Starrs, 2018). რეპროდუქციული ჯანმრთელობა მოიაზრებს როგორც უსაფრთხო და სასიამოვნო სექსუალურ ცხოვრებას, ისე კონტროლს საკუთარ რეპროდუქციულ ფუნქციაზე, რაც მოიცავს ოჯახის დაგეგმვის მეთოდებზე წვდომას და მათზე სრულყოფილი ინფორმაციის ქონას (Glasier, et al.  2006, გვ. 1595). სექსუალური ჯანმრთელობა გულისხმობს პოზიტიურ დამოკიდებულებას სექსუალობისადმი; იძულებისაგან, ძალადობისგან, დისკრიმინაციისგან თავისუფალ სექსუალური გამოცდილებების ქონის შესაძლებლობას (იქვე, გვ. 1596).  სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეს დეფინიცია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ლბქ ქალებისთვის, რადგან ფიზიკური, ემოციური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის ერთიანობა, ხაზს უსვამს მათი საჭიროებებისა და გამოცდილებების კომპლექსურობას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების შემთხვევაში, მათი სექსუალობა დღემდე ტაბუდადებული და მარგინალური საკითხია. მეტიც, საზოგადოების დიდი ნაწილი კვლავ მიიჩნევს, რომ სექსუალობა საერთოდ არაა რელევანტური შეზღუდული შესაძლებლობის პირებთან მიმართებაში, ახდენს მათ ინფანტილიზებას და არ უტოვებს სივრცეს სხეულებრივი ავტონომიისა და აგენტობისთვის. ისტორიულად ქვიარ თემიც მსგავსი ტიპის ბარიერებს აწყდებოდა: მუდმივად ხდებოდა და ხშირად დღესაც ხდება მათი სექსუალობის პათოლოგიზება და უარყოფა (Whitney, 2006).  ამასთან, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების, ისე ქვიარ თემი ისტორიულად ხდებოდა და დღესაც ხდება მედიკალიზაციის, ასექსუალიზების ან ჰიპერსექსუალიზების ინსტიტუციონალიზაციის ობიექტი.

პატრიარქალურ საზოგადოებებში სხვადასხვა ისტორიული, კულტურული და სოციალური ფაქტორების ერთობლიობა ქალების სექსუალობის კონტროლისკენაა მიმართული, რაც ძალაუფლებისა და არსებული გენდერული იერარქიის შენარჩუნების ერთ-ერთი გზაა. ქალების სექსუალობის გამოხატულების დათრგუნვა ადრეული სოციალიზაციის ეტაპიდანვე იწყება  და მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. ზოგიერთი ქალისთვის ჩაგვრის ამ შრეს ემატება ეიბლიზმი, ჰომოფობია და ჰეტერონორმატიული დამოკიდებულებები, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლბქ ქალების გამოცდილებებს განსაკუთრებულად მარგინალურს ხდის.

კვლევის ავტორი: ანი გოგბერაშვილი

კვლევა შექმნილია RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს RFSU-ს და PHR-ის მოსაზრებებს.